“თქვენი ღიმილიანი, ცრემლებით სავსე თვალები… მინდა სულ ასეთებს გხედავდეთ! წინ დიდი გზებია!”

იტალიის მინისტრთა კაბინეტმა არალეგალურად მომუშავე ემიგრანტების რეგულარიზაციის საკითხზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი მიგრანტების დროებითი ლეგალიზაციის შესახებ. DECRETO RILANCIO-ს დამტკიცების შემდეგ, ე. წ. ამნისტიის (sanatoria) საფუძველზე, ადამიანებს საშუალება ექნებათ, ლეგალურად იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ.

ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ამ დღეს მოუთმენლად ელოდა და შესაბამისად ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„კარგად თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ მიზეზები, რომელებმაც უბიძგა ადამიანებს საქართველოდან ემიგრაციაში წასულიყო, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ისე როგორც მათი განვლილი გზა, იმ დღიდან როცა სამშობლოს კარი გამოიხურეს მხრებს უკან, – დღემდე…

მათ ერთნაირად სტკივათ,

უბრალოდ ამტანიანობის უნარია სხვადასხვა,

ერთნაირად ტირიან,

უბრალოდ, ვინ განახებს ცრემლს, ვინ ყლაპავს…

მეც გავიარე ეს გზა და ვაგრძელებ, არ ვიცი სადაა ბოლო, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გითხრათ.

ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან დღემდე, ოფიციალურად, პირველად გამოვიდა სანატორია, ანუ ის მე არასდროს შემხებია. ძალიან მძიმე და რთული გზების გავლა მოგვიწია მთელს ოჯახს, რომ ლეგალურად ცხოვრების უფლება მოგვეპოვებინა, ძალიან ძვირფასი იტალიელი მეგობრების დახმარებით, სამი წლის წოწიალის მერე , მივიღეთ სამ წლიანი ცხოვრების უფლება, რომელიც არ გვაძლევდა ქვეყნის დატოვების უფლებას…. ვხვდებოდით, რომ ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი წინ, მაგრამ სიხარული დუმდა, ვიჯექი და ვტიროდი სევდით გატენილი, ფიქრით მძიმე, კიდევ სამი წელი, და მერე? დიდი ხანია დასრულდა ჯოჯოხეთი… 🙂 მადლობა უფალს, მადლობა ადამიანებს…

დღეს, ჩემს საახლობლოში არსებობს ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამ დღეს მოუთმენლად ელოდა! არის ჩემო მეგობრებო!

შედგა!

სიხარული, რომელიც თავის დროზე თვლემდა ჩემში, თქვენთვის გადამინახავს თურმე, ისე მაღელვებს და მიფრიალებს გულს თქვენი სიხარული, თქვენი მილოცვები, თქვენი ბედნიერი სახეები, თქვენი ღიმილიანი, ცრემლებით სავსე თვალები…

მინდა სულ ასეთებს გხედავდეთ!

წინ დიდი გზებია!

მოთმინება ყოველთვის იგებს!

მადლობა ამ ქალბატონს რომელმაც, შეიძლება ითქვას, კბილებით დაიცვა, ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ადამიანების უფლებები! მადლობა ტერეზა ბელანოვას!

სახელი და გვარიც რა უცნაური აქვს, არა?!

ვიცი ეს სახელი არასდროს დაგვავიწყდება!

აბა თქვენ იცით!

სიხარულის ცრემლები,

იმედები,

გეგმები,

გზები… ულევი გზები!

დღეს, ყველა ძალიან მიყვარხართ!“ წერს ემიგრანტი მელი თურმანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.