“ის ადამიანები, ვისაც გუშინ ასწავლიდით, ხვალ თქვენი მმართველები გახდებიან ან უკვე გახდნენ”- ანა არაგანაშვილი
ანა არგანაშვილი აშშ-ში მცხოვრები, წარმატებული ქართველია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა; გაიარა ოკუპაციური თერაპიის მაგისტრატურა დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებში. იგი ასევე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.
ანა სოციალურ ქსელში, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენა აქვს პედაგოგს მოსწავლეზე და “როგორ ვიმკით იმას, რასაც მომავალ თაობებში ვთესავთ”.
“გუშინ ჩავაბარე ბოლო გამოცდა ტეხასის უნივერსიტეტში, რამდენიმე დღეში დავამთავრებ, 1997 წელს ჩავაბარე პირველად ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და, მას შემდეგ, ზუსტად 20 წელია, ვსწავლობ. რა ვისწავლე მთავარი:
როდესაც რამე ნეგატიური ხდება საზოგადოებაში ან პოლიტიკაში, უნივერსიტეტის პროფესორებო, გაიხსენეთ რა ასწავლეთ თქვენს სტუდენტებს, ის ადამიანები, ვისაც გუშინ ასწავლიდით, ხვალ თქვენი მმართველები გახდებიან ან, უკვე გახდნენ.
თუ თქვენ ისინი დაამცირეთ ლექციაზე და თავი არარაობად აგრძნობინეთ, რაც ამ 20 წლის მანძილზე არაერთხელ მინახავს, მათ ასევე დაამცირებენ მათი უფროსები და დამცირებული ხელისუფალი გეყოლებათ.
თუ თქვენ სტუდენტებს აუკრძალეთ თქვენი აზრის საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა და ლექციაზე უყვიროდით, ისინი ვერ გაბედავენ განსხვავებული აზრის დაცვას ვერც სასამართლოში და ვერც აღმასრულებელ ხელისფულებაში და თქვენ ავტორიტარიზმში იცხოვრებთ.
თუ თქვენ სტუდენტებს საკუთარი სიტყვები ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაღებინეთ და გამოცდაზე ათი წლის წინანდელი კონსპექტით მომზადება მოთხოვეთ, ამ კონსპექტის გარდა არაფერს წაიკითხავენ და თქვენ ქვეყანას 20 წლის წინანდელი ცოდნით მართავენ.
თქვენი პასუხისმგებლობაა თუ, დასუსტებული, საკუთარი თავში დაურწმუნებელი, შეშინებული, განსხვავებული აზრის ამკრძალავი, კრიტიკისადმი ზიზღის მქონე და დამორჩილებული მმართველები გეყოლებათ, თქვენ ასწავლეთ ეს.
და, თქვენი დამსახურებაა, თუ თავდაჯერებული, ამაყი, ძლიერი, ავტორიტარიზმთან ვერ შემგუებელი, ავტონომიური, ახალი ცოდნის მაძიებელი, კრიტიკის მიმღები სახელმწიფო მმართველები გვეყოლება, ესეც თქვენ ასწავლეთ.
მე ეს ვისწავლე 20 წლის განმავლობაში.
That They May Truly and Impartially Administer Justice.
დაე, მათ მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად განახორციელონ მართლმსაჯულება!
(წარწერა ტეხასის სამართლის სკოლის შესასვლელში)” – წერს ანა არგანაშვილი.