ვალტერ ვან ბეირენდოქი: დემნას უნარების მჯეროდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი იმას, რასაც მიაღწია
ყველასთვის ცნობილი და ქართველებისთვის საამაყო დიზაინერი დემნა გვასალია პირველად აკადემიის გამოცდაზე, როგორც თვითონ იხსენებს, საკმაოდ მოუმზადებელი ჩავიდა. ეგონა, რომ რაღაც გაეგებოდა, მაგრამ პირველივე კითხვიდან მიხვდა, რომ მოდაში ბევრი არაფერი იცოდა.
„ანტვერპენის ექვსეულის შესახებ გაგონილიც არ მქონდა. დაიჯერებთ? დრის ვან ნოტენის გარდა, რომელი ბელგიელი დიზაინერების შემოქმედებას იცნობო – არავის-მეთქი. ორიანი დამიწერეს და გამომიშვეს. ეგ კაცი, ვინც ამ კითხვებს მისვამდა, მაშინ ჩემთვის ერთი უცნაური წვერებიანი კაცი იყო, მერე გავიგე ვინ ყოფილა – ვალტერ ვან ბეირენდოქი, ანტვერპენის ექვსეულის წევრი.“
და დღეს ეს „უცნაური წვერებიანი კაცი“, ვალტერ ვან ბეირენდოქი დემნა გვასალიაზე წერს, რომ ყოველთვის სჯეროდა დემნას ნიჭის, მაგრამ ასეთ წარმატებას ისიც არ ელოდა.
“დემნა ჩემი სტუდენტი იყო. მე ვიცი დემნას ნიჭი. ყველაფერი აქვს. მისი უნარების მჯეროდა, ამიტომ მივეცი მოდაში პირველი სამსახური, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმას მიაღწევდა, რასაც მიაღწია.“ – ვალტერ ვან ბეირენდოქი.