„დიდი იდეების კონკურსი 2020“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge 2020) ტარდება.
კონკურსში გამარჯვებულთა გამოსავლენად საბოლოო გადაწყვეტილებას ჟიური მიმდინარე წლის 25 მაისამდე მიიღებს, მას შემდეგ, რაც კონკურსანტების მიერ მომზადებული პრეზენტაციების ვიდეოჩანაწერებს ინგლისურ ენაზე გაეცნობა.
კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ (Creative Spark) პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტია.
ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროექტს ახორციელებს სტუ- ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური, სტუ- ის კომერციალიზაციის დეპარტამენტთან კოორდინაციაში. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სტუ- ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.