“საოცარი შეგრძნებაა, როდესაც უზარმაზარ სახელმწიფოში შენი პატარა ქვეყანა ასეთ პასუხისმგებლობას იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ”

მსოფლიო პანდემიის გამო შეჩერებული ფრენების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, სამშობლოში უკვე რამდენიმე ათასი მოქალაქე დააბრუნეს.

ერთ-ერთი მათგანი, ციალა კურტანიძე გერმანიაში იმყოფებოდა. იგი თავად ყვება ისტორიას, თუ როგორ მოხერხდა მისი სამშობლოში უსაფრთხოდ ჩამოყვანა და მადლობას უხდის გენერალურ კონსულს, რომელიც შეჩერებული შიადასატრანსპორტო მიმოსვლის გამო საკუთარი ავტომობილითაც კი  ემსახურებოდა იქ მყოფ მოქალქეებს:  

“მეგობრებო, თვეზე მეტია რაც საქართველოში დავბრუნდი. გავიარე ორკვირიანი კარანტინი და პროტოკოლით გათვალისწინებული თვითიზოლაციის პერიოდიც, თუმცა, მაინც ვრჩები სახლში და ვცდილობ დისტანციურად გავაგრძელო ურთიერთობები.

წლის დასაწყისში მომიწია გერმანიაში ჩასვლა, სადაც პანდემიის გამო საჰაერო სივრცე ჩაიკეტა და გამიუქმდა უკან დასაბრუნებელი ბილეთები. გარდა ამისა, ევროკავშირში ყოფნის სამთვიანი ვადაც მეწურებოდა და თითქმის ყოველდღე, ჩემი შვილიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკონსულო დეპარტამენტს და ” Georgian Airways” უკავშირდებოდა დახმარების სათხოვნელად. ასევე თავის დიდ სამეგობროსთან ერთად 24 საათის განმავლობაში მიდარაჯებული იყო სპეცრეისის ბილეთებს. იგივე თხოვნით მივმართე საქართველოს საკონსულოს ფრანკფურტში, სადაც შეძლებისდაგვარად ჩემი საკითხის მოგვარებას დამპირდნენ.

ამის პარალელურად, გერმანიაშიც ნელ-ნელა სიტუაცია უფრო რთულდებოდა. პრობლემა იყო შიდა ტრანსპორტით გადაადგილებაც. ვისაც სამშობლოდან შორს ყოფნის გამოცდილება გაქვთ, ალბათ დამეთანხმებით თუ რა რთულია ფსიქოლოგიურად, მითუმეტეს პანდემიის პირობებში და როდესაც არ იცი როდის მოგიწევს სახლში დაბრუნება, სადაც მარტო დატოვებული შვილიშვილი გელოდება.

თითქმის იმედი მქონდა გადაწურული, რა დროსაც საქართველოს გენერალურმა კონსულმა გერმანიაში, ლევან დიასამიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკ ჯგუფში შესვლის გამო, საკონსულო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ბილეთით და სამშობლოში დავბრუნდებოდი. გარდა ამისა, რადგან ფრანკფურტიდან ბერლინამდე ჩემი ტრანსპორტირებაც პრობლემას წარმოადგენდა, შემომთავაზა თავისი პირადი მანქანით ბერლინამდე ჩაყვანა. ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად დაუჯერებელი იყო, რთულია სიტყვებით გადმოვცე თუ რა გრძნობაა…

დათქმულ დროს მივედი საელჩოში. რამოდენიმე საათით მომიწია იქ ყოფნა. ცხელ ხაზზე რეკავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ითხოვდნენ დახმარებას და საკუთარი თვალით რომ არ მენახა თუ როგორ ხდებოდა მათი სასტუმროებში გადაყვანა, კვებით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა, შეიძლება არ დამეჯერა.

მთელი გზის განმავლობაში ბატონი ლევანის მობილური არ ჩერდებოდა და რიგითი მოქალაქეების ზარებსაც კი პასუხობდა. თითოეულის პრობლემის მოგვარებას, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით ცდილობდა. ჩავედით ბერლინში და რომ გაიგო არ ვიყავი მანამდე ნამყოფი, გიდობაც შეითავსა და ქალაქი დამათვალიერებინა. შემდეგ სასტუმროში დამაბინავა და დილით აეროპორტში წასაყვანად მომაკითხა. ბოლო წუთამდე ყველა მგზავრს, შეიძლება ითქვას გვპატრონობდა. კარანტინის პერიოდშიც სისტემატიურად ინტერესდებოდა ჩვენი ჯანმრთელობით და დახმარების სურვილს მუდმივად გამოხატავდა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს მისი მოვალეობა იყო, მე კი მოვალეობის მიღმა დავინახე კარგად აღზრდილი, თავაზიანი, სამი შვილის მამა და საქმისადმი თავდადებული ნამდვილი ქართველი დიპლომატი, რომელმაც ერთი დღის გაცნობილ ადამიანს, უდიდესი სიყვარული და მადლიერების გრძნობა დამიტოვა.

სპეცრეისით ჩამოვფრინდით თბილისში. დაგვაბინავეს შერატონ გრანდ მეტეხი პალასში. იმაზე საუბარს აღარ დავიწყებ, თუ რა პირობებში ვიყავი და რამდენად მადლიერი ვარ ყველაფრით.

მადლობა თითოეულ საკონსულოს თანამშრომელს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც უზარმაზარ სახელმწიფოში, როგორიც გერმანიაა, შენი პატარა ქვეყანა ასეთ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ.

ამ პოსტის მთავარი მიზანი მადლიერების საჯაროდ გამოხატვის გარდა ისაა, რომ მინდა იცნობდეთ არაჩვეულებრივ ადამიანს ლევან დიასამიძის სახით, რომელსაც ვუსურვებ კარიერულ წინსვლას და უფალს ვთხოვ გვიმრავლოს მსგავსი პიროვნებები ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის” – ციალა კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.