“შვიდ-მაისობა ქართველებში, ანუ ქალების სამღთო” – უძველესი ქართული ტრადიცია

„აი ერთი იმ ჩვეულებათაგანი, რომელიც ცხადათ გვიხატავს ჩვენი ხალხის ცხოვრებასა და ბუნების ხასიათს!

პირველ მაისს, ზოგჯერ უფრო ადრეც, ქართველების ყველა წლოვანობის ტოლ-ტოლი ქალები – რვა წლიდგან ვიდრე ორმოცდა ათ წლამდე – შეიკრიბებიან ერთად და იწყებენ სოფელში კომლეულად სიარულს „ლაზარეზედ“, როგორც თვითონ უწოდებენ.

ამ სიარულის მიზეზი ის არის, რომ მაისში და ზოგჯერ აპრილში საქართველოში იშვიათი არ არის უწვიმობა, რომელიც აოხრებს ყანებს და საძოვარ ბალახს. ამ უბედურების ასაცილებლად ქალები დაიარებიან სოფლიდან-სოფლად და ევედრებიან ღმერთს, რომ წვიმა მოსცეს ქვეყანას.

დედაკაცები გააკეთებენ უბრალო ხის ჯვარს და ჩააცმევენ პატარა ბავშვის ძველ ტანისამოსს. ამ ჯვარს, რომელიც ყოველთვის გაწუწულია წყალში, ეძახიან საკუთრად „ლაზარეს“. ზოგჯერ ღვთის მშობლის ხატიც დააქვსთ თან.

სადაც კი ოჯახი დახვდებათ, მივლენ ყველანი, დადგებიან დერეფნის წინ ხროვათ და იმღერიან წყნარად ამ მშვენიერს, სწორეთ ქართველურს კილოზედ ლექსს:

ეს ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოადგა კარსა;
მიდგა მოდგა თაროსა,
დაემსგავსა მთვარესა!
ხელი ჩაყო ქილასა,
ერბო დასდო პინასა.
ცხავი აცხავებულა,
წვიმა გაჩქარებულა!
ახა, წმინდა ელია!
რასა მოგიწყენია?
თეთრი ფურის მხარბეჭი
შენთვის მოგვირთმევია!
შენ მოიყვან წვიმასა,
ჩვენ დაგიკლამთ ციკანსა!
აღარ გვინდა გორახი,
ღმერთო, მოგვე ტალახი!
ორღობეებსა ტალახი,
მინდორს კარგი ბალახი!
ეს ელია, ელია,
ღრუბელთ წინამძღვარია!
ღმერთო, შენ გადმოხედე
„საქრისტიანოსაო!“

მეტის მეტი სასიამოვნოა ამ ლექსის სიმღერის მოსმენა.

როდესაც ამ ლექსის სიმღერას გაათავებენ, ოჯახის მეპატრონე გამოუტანს ღვინოს, პურს და სხ. კუჭის დასაშოშმინებელს მასალებს.

ამ დროს ერთი ვინმე ოჯახისაგანი აიტანს ჩაფით წყალს ერდოზედ და უცებ გადმოუშვებს მომღერალს დედაკაცებს, რომელნიც გაიფანტებიან წივილ-კივილით!

– „უი, ქა! ქა! შენ გენაცვალე, ღმერთო! ერთი შენი მადლიანი წვიმითაც გაგვწუწე ესრე და როგორს სამღთოს მოგიხერხებთ, ნახავ!“

ოჯახის პატრონი გამოუტანს ფქვილს, რამდენიც ჰსურს, და ჩაუყრის ტომარაში, რომელიც საკუთრად ამისთვის დააქვს ერთს დაქირავებულს კაცს. დედაკაცები თითქმის ყოველთვის მთვრალები არიან სიარულის დროს.

ამნაირად ერთს კვირას დაიარებიან და ოცს, ოც-და-ათამდე სოფელს მოუვლიან ხოლმე ზოგჯერ. მოგროვილს ფქვილს გაჰყიდიან და სხვა ნაშოვნს ფულთან იყიდიან ცხვრებს, ციკანს, ორ-სამ კოკა ღვინოს, ბრინჯს (უშილაფლავოთ ხომ არ შეიძლება სამღთო) და სხვ. თუ რამდენს მოაგროვებენ ფქვილს დედაკაცები, ამას იმით მივხვდებით, რომ შარშან „შვიდ მაისობას“ თექვსმეტი კოდი (კოდი ოთხი ფუთი და ექვსი გირვანქაა) მოეგროვებიათ ს. ჭალის დედაკაცებს.

მაისის შვიდს გადაიხდიან სამღთოს. ამ დღეს მთელი სოფლის ღარიბი და ობოლი დაპატიჟებული არიან სამღთოში…“

 

წყარო: მადათოვი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.