“ემიგრანტი “ნებაყოფლობით” ეგუება სამყაროსთან განსაზღვრული დროით კავშირს…”
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ხათუნა შარაძის კედლიდან:
„ემიგრაცია ამოუწურავი თემაა, თავის მიზეზ-შედეგობრივი საკითხებით. ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის იზოლაცია უცხო არ გახლავთ. ემიგრანტი “ნებაყოფლობით” ეგუება სამყაროსთან განსაზღვრული დროით კავშირს (ორი საათი დღეში და ერთი სრული დღე კვირაში).
პანდემიამ კი არალეგალურად დასაქმებული ადამიანის სრული ფიზიკური და მორალური პარალიზება გამოიწვია. ასევე გაიზარდა შრომითი ექსპლუატაცია!!! არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარეობს და მაღალი მორალური სტანდარტით თუ ვიხელმძღვანელებთ, მცირე სტატისტიკას მივიღებთ.
არალეგალი ადამიანები ჰუმანურ საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებიან.
სამყაროს ვითომ აკლდა კანონზომიერების დარღვეული ბალანსი, პანდემიაც, რომ არ დამატებოდა ბონუსად.
პ.ს. ვიცით, რომ არავის დავუპატიჟებივართ. ამის შეხსენება არ არის საჭირო. ეს ყველაფერი იმ “ოქროს წესს გავს” – არ მოგწონს? წადი! და ასე დადის, დადის, დადის ადამიანი და ეძებს სამართალს, რომელიც კაცმა არ იცის სად არის…“
„ახალი კორონა ვირუსი, მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ინფორმაციულად შეეხო.
მიღებული ინფორმაციით მივიღეთ გადაწყვეტილებები. დავიჯერეთ, ვირწმუნეთ და ნებით თუ ძალით, უარი ვთქვით აქამდე არსებულ ცხოვრების წესზე. დავრჩით სახლში და ა.შ. როგორც მოხდა და როგორც არის…
Xx საუკუნის ყველაზე ძლევამოსილი იარაღი ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ატომური ბომბები, ავტომატები, ტანკები და სანგრები…
დღეს, სამი თვის შემდეგ პირველად, ქუჩაში, შიშის გარეშე გავედი(თ)…
რა საცოდავად გამოიყურება თანამედროვე მსოფლიოს, თანამედროვე არსებები – ადამიანები.
2020 წელი. 4 მაისი. იტალია. ვირუსის მეორე ფაზა.“