4 მაისიდან „ვებსკოლა“ – ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/ -ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.
ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.