“ეგონა ეტყოდნენ ვინ ხარ, აქ რას ჩამოეთრიე… ასე ეგონა, თორემ ყველა თავისი გზით მიდიოდა…”

ეს ჩანახატი იტალიაში მცხოვრებ  ქართველ ემიგრანტს, თეონა ჭანტურიას ეკუთვნის.   “ახალბედა” უსახელო ემიგრანტის ცხოვრების ერთი პატარა ისტორია. უსახელო კი იმიტომ, რომ მასში უმრავლესობა საკუთარ თავს შეიცნობს.

„ახალბედა

უცხო ქვეყანამ ხმაურმა, სახლისა და შვილების მონატრებამ ფეტვის მარცვალივით დააბნია საწყალი გოგო, ხან სიძლიერეს იგონებდა, ხან სისუსტის გამო საკუთარ მეს კიცხავდა, მერე შვილები ახსენდებოდა სახლში რომ დატოვა მოწყენილები, უნდა გაეძლო, რომ მალე დაბრუნებულიყო, რაც არ უნდა გაჭირვებოდა არ უნდა ეტირა, არა, არ უნდა ეტირა!

ახლობელმა ადამიანმა წაიყვანა, შეიფარა, პატივი სცა, შეშინებულის დამშვიდებას ცდილობდა, აზრზე მოდი, რისთვის წამოხვედი და სად მოდიოდი ხომ იცოდიო. მას არაფერი ესმოდა. უჭირდა, ჯერ არ ჰქონდა უკან დასახევი გზა … სირცხვილი იყო… იტყოდნენ – სულელია,  ეგ აქ დადიოდა ბატივით და იქ რისი გამკეთებელი იყოო და არ უნდოდა ბატის წოდება მიენიჭებინათ მისთვის მტერსა თუ ბრჭყალებში მოკეთეს!

დღეს ჩემი ბებიის შვილები მოვლენ და ქვევით უნდა ჩახვიდეო უთხრეს. იცოდა რომ უნდა ჩასულიყო, მაგრამ სად და რა უნდა გაეკეთებია მთელი დღე უცხო ქვეყნის, უცხო ქუჩაში არ იცოდა. ვერაფერი უპასუხა. ადგა, ჩაიცვა და ჩავიდა, ჩასვლამდე კი  კითხვებს უსვამდა როგორ ჩავიდე და სად წავიდეო – რა გჭირს, როგორ ბავშვივით იქცევი, ჩადი და იქ ახლობელი შეგხვდება, მე დავურეკავო! – მიიღო პასუხად და ადგა,  ცრემლიანმა გამოაღო კარი და ჩავიდა, ლიფტიც ეუცხოვა, ქუჩაც, ყველაფერი… არავის იცნობდა… არც ენა იცოდა ყავა რომ დაელია სადმე…

დაადგა გზას. ორჯერ იყო ქვემოთ ნამყოფი. ასე თუ ისე, გზები ახსოვდა, მიდიოდა და ეგონა ირგვლივ ყველა  ხმაურობდა, ეგონა ყველა მას უყურებდა, ეგონა ეტყოდნენ ვინ ხარ, აქ რას ჩამოეთრიე, ვინ დაგიძახა, ასეთი ლენჩი როგორ ხარ ვერაფერს ხვდებიო… ასე ეგონა, თორემ ყველა თავისი გზით მიდიოდა და ყველას ღიმილი ჰქონდა სახეზე. არავის არაფერი აწუხებდა.

არავინ ურეკავდა, არც ბინიდან და არც ის ახლობელი, ვისითაც დააიმედეს წამოსვლამდე… დაუყვა გზას, მოდი მანქანას შეუვარდები, მე ამდენს აქ ვერ გავუძლებ, სანამ სამსახური გამოჩნდება და მერე სახლში გადამაფრენენ, რა მოხდება… არა, რომ მოვკვდე? არა, არა, ცოდვაა… ჩემი შვილები, დედაჩემი მეცოდება – გაიფიქრა და ტირილი აუტყდა. ტყუილად დაპირდა თავს არ ვიტირებო, ცრემლებს მალავდა, თვალებზე თმებს იყრიდა ვინმეს რომ არ დაენახა… ქართული ლაპარაკი გაიგონა, უკან გაჰყვა ქართველებს, ვერც გამოელაპარაკა, ან რა უნდა ეთქვა, ახალბედა ემიგრანტი ვარ და ფსიქოლოგიურად გამიჭირდაო? არა, გაეცინებოდათ ნამდვილად… მოშორებით მიჰყვებოდა და ბაღში აღმოჩნდა, ჩამოჯდა ქვის სკამზე და  ვერავინ რომ ვერ დაინახა ირგვლივ გულიანი ტირილი დაიწყო… ტიროდა, შვილებს ახსენებდა, ბუტბუტებდა…  მშვიდდებოდა და ისევ იწყებდა, ღმერთს შველას სთხოვდა… ამ დროს მასთან მოხუცი კაცი მივიდა, რომელიც ყურძენს მიირთმევდა. რაღაცის ლაპარაკი დაუწყო, აშკარად ეკითხებოდა რატომ ტირიო… ტელეფონი გაახსენდა, ცრემლები შეიმშრალა და სათარგმნი პროგრამა ჩართო, უბრალოდ შვილები მომენატრაო – ხმოვანი თარგმანით უპასუხა… მერე ისევ ბაბუას ნათქვამი თარგმნა – ემიგრანტი ხარო ეკითხებოდა, დაეთანხმა და სინანულით გახედა, ბაბუამ ჯიბისკენ წაიღო ხელი და ფული გაუწოდა, თუ გშია წადი საჭმელი იყიდეო, სიმწრის სიცილი აუტყდა მას, რადგან უცხო ადამიანის გულისხმიერებამ გული გაუთბო… გადაუთარგმნა, მე ვიმუშავებ და ფულს ისე ავიღებ, არ მინდა დახმარება, არ მშია, მეგობარს ველოდებიო. ბაბუა თავისას იჩემებდა და ფულს აწვდიდა. გოგონამ არ აიღო და მადლობა გადაუხადა, მაშინ ეს ყურძენი ჭამეო უთხრა ბაბუამ, შუბლზე აკოცა და წავიდა.

იჯდა და სიცილი და ტირილი ერთმანეთში ერეოდა საბრალოს. ამ დროს ხმა გაიგო – ლანა, ლანა, სადა ხარ… გეძებ… სწორედ ის ახლობელი ეძახდა, ვისი იმედითაც გამოუშვეს. გადაირია სიხარულით, მაგრად ჩაეხვია, ისე მაგრად, რომ მგონი კიდეც შეაშინა  ახლობელი ქალი…..

თეონა ჭანტურია

2020წელი….“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.