როგორ იქცა საკინძეზე მიმაგრებული გვირილა ქუთაისის სიმბოლოდ – დღეს გვირილობაა

2 მაისს ქალაქის დღის აღნიშვნას ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისში არსებულმა „გვირილობის“ დღესასწაულმა ჩაუყარა, როდესაც მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ჭლექით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. 

გიმნაზისტ გოგონებს წინ ამ საქველმოქმედო აქციის სულისჩამდგმელი, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული, საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.

1909 წლიდან 1919 წლამდე ქუთაისში გვირილობა ყოველწლიურად იმართებოდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი პრესა. 1913 წელს გაზეთი „კოლხიდა“ წერდა: „გვირილობას“ ქუთაისში კარგი დარი დაუდგა. მანდილოსნები მარჯვეთ ვაჭრობდნენ და ასაღებდნენ თეთრ ყვავილს. საღამოს მეცხრე საათამდი, ყულაბები თითქმის ყველა საგრძნობლად დაიტვირთა შეწირულობით. გუშინ საღამოს უნდა გაეხსნათ ყულაბები და შეემოწმებიათ საერთო შემოსავალი. ასე, რომ ხვალ გვეცოდინება რამდენი გაიღო ქუთაისმა ჭლექის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“.

კომუნისტურ ეპოქაში „გვირილობის“ დღესასწაული, ისევე როგორც ყველა რევოლუციის წინანადელი წამოწყება დავიწყებას მიეცა, თუმცა 2 მაისს ქალაქის დღე კვლავ აღინიშნებოდა.

2008 წლიდან ქუთაისის მერიის ძალისხმევით, 2 მაისს „გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში კვლავ დაბრუნდა. ამ დღეს, გიმნაზისტების ტანისამოსში გამოწყობილი თანამედროვე სკოლის მოსწავლე გოგონები კვლავ დაატარებენ კალათებით გვირილებს და ქუთაისობის ყველა მონაწილეს ამაგრებენ საკინძეზე.

ამგვარად „გვირილობა“ გადაიქცა დიდ სახალხო ზეიმად, რომელიც მთელ ქალაქ მოიცავს და რომელშიც ერთიანდება ქუთაისის წარსული და დღევანდელობა.

თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ქალაქი ჩვეული ფორმით ვერ ხვდება გვირილობის დღესასწაულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.