1917 წლის 1 მაისი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაბადების თარიღია

1917 წლის 1 მაისი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებლის  დაბადების თარიღია.

წლების მანძილზე კონსერვატორია ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის – ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

თბილისის კონსერვატორიის დაარსებას წინ უძღოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება. ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, შეიქმნა მუსიკალური განათლების კერები, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის შესაძლებლობა.

თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვისაც სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.

ამ წლების მანძილზე კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი XXI საუკუნეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.