საფრანგეთი რეგულაციებს ამსუბუქებს – რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, რეგიონების მიხედვით, ეტაპობრივად მოიხსნება COVID 19-თან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები:

11 მაისიდან სავალდებულო საბუთის შევსება აუცილებელი იქნება მხოლოდ ოჯახური ან სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილიდან 100 კმ -ზე მეტ მანძილზე გადაადგილებისას;

კვლავ შეზღუდული რჩება გადაადგილება რეგიონებსა და დეპარტამენტებს შორის;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება;

11 მაისიდანვე დაიწყება მოსახლეობის მასიური ტესტირების პროცესი;

11 მაისს, ასევე, ეტაპობრივად და ნებაყოფლობითობის პრინციპით განახლდება სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში, 18 მაისს კი კოლეჯის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთათვის, მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია.
ლიცეუმებთან დაკავშირებით კი, მთავრობა გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს გამოაცხადებს;

11 მაისიდან დაშვებული იქნება არაუმეტეს 10 ადამიანის შეკრება;

2 ივნისამდე იკრძალება რელიგიური ცერემონიების ჩატარება. დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრება კი, მხოლოდ 20 ადამიანს შეეძლება;

განსხვავებით ბიბლიოთეკებისა, მედიათეკებისა, „პატარა მუზეუმებისა“ და სასაფლაოებისა, საზოგადოებისთვის დახურული რჩება კინოდარბაზები, თეატრები, „დიდი მუზეუმები“, საკონცერტო და სადღესასწაულო დარბაზები და პლაჟები.

საზოგადოებრივი პარკები გაიღება მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც დაინფიცირების დაბალი მაჩვენებელია.
აკრძალული რჩება კოლექტიური სპორტის სახეობები;

სექტემბრის თვემდე იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების ან პროფესიული სალონების ჩატარება;

11 მაისიდან სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში, შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს დისტანციური მუშაობის პრაქტიკა;

11 მაისს, გარკვეული წესების დაცვით, მუშაობას განაახლებს ყველა სავაჭრო ობიექტი რესტორნების და კაფეების გარდა;

იმ პირებს, რომელთა ასაკიც 65 წელს აღმატება, საფრანგეთის მთავრობა რეკომენდაციას აძლევს 11 მაისის შემდეგაც მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება და კონტაქტები;

უმუშევრად დარჩენილი პირების ხელფასის ნაწილობრივი სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ ა.წ. 1 ივნისამდე გაგრძელდება.

შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი 2 ივნისს დაიწყება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ 7 მაისისთვის ინფიცირების მაჩვენებელი შეიცვლება და არსებული ანალიზისა და პროგნოზისგან განსხვავებული იქნება, შეზღუდვების მოხსნის საკითხი გადაიხედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.