გოგა ჩანადირის სოციალური კამპანია – “შენ მნიშვნელოვანი ხარ – მადლობა, რომ ასეთ დროს ჩვენთვის მუშაობ”
ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ახალი ინიციატივით გამოდის – #შენმნიშვნელოვანიხარ – ასე ჰქვია აქციას, რომლის მიზანია, გამოხატოს მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, არცერთი წუთით არ შეუწყვეტიათ საქმიანობა:
“მაშინ, როდესაც ჩვენი მედიკოსები კორონავირუსს ებრძოდნენ და მათ გვერდით იყვნენ პოლიციელები და სამხედროები, ქვეყნის ეკონომიკასა და ბევრი ადამიანის დასაქმებაზე არაერთი დაწესებულება ზრუნავდა და წუთით არ წყვეტდა მუშაობას. ესენი იყვნენ მძიმე მრეწველობის საწარმოები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, სუპერმარკეტები, სამშენებლო კომპანიები, პურის საცხობები დ ასე შემდეგ.
რომ არა ისინი, დღეს საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა.
ამ დაწესებულებების დამსახურებაა ისიც, რომ ბევრი ადამიანი ხელფასს იღებდა და ოჯახებს რთულ პერიოდშიც არჩენდა.
ამ კომპანიების თითოეული თანამშრომელი მაღალი რისკის ქვეშ მუშაობდა. თუმცა, თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ მათი შრომა სჭირდებოდათ ადამიანებსა და ჩვენს სამშობლოს.
ჩვენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავით და ვართ კიდეც და ახლა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ შრომისთვის, ამ იმედისთვის და ვუთხრა, რომ დიახ, ისინი ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოები და ადამიანები არიან.
მე დღეს ვიწყებ ფეისბუქმოძრაობას – შენ მნიშვნელოვანი ხარ.
შემომიერთდით და უთხარით იმ ადამიანებსა და დაწესებულებს, რომლებიც ჩვენი გულისთვის საგანგებო მდგომარეობის დროსაც მუშაობდნენ, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ, რომ შენ ხარ ჩვენი ქვეყნის იმედი.
დიახ, ამ ადამიანებსაც სჭირდებათ მოტივაციის ამაღლება, დიახ, ამ ადამიანებსაც უნდა ვუხდიდეთ მადლობას.
#შენმნიშვნელოვანიხარ” – წერს გოგა ჩანადირი.