მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

კვირაცხოვლობა, აღდგომის მომდევნო კვირა სხვაგვარად  თომას კვირად იწოდება.  რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.

„თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25). ასე პასუხობდა ის ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით.

აღდგომიდან მერვე დღეს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, თომას თანდასწრებით, მას ჭრილობები უჩვენა და უთხრა, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”.

თომა პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

თომას კვირა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს ეკლესიებში მორწმუნეებს ურიგდებათ არტოსი. სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.

თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.