საქართველოს ეროვნული არქივი 100 წლისაა

1920 წლის 23 აპრილს საქართველოს ეროვნული არქივი დაარსდა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საარქივო მასალების თავმოყრის საკითხი. ამავე წლის ივნისში დაიწყო არქივების ორგანიზებისა და საარქივო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა.

არქივის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი 1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დემოკრატიული მთავრობისადმი წერილში.

1920 წლის 23 აპრილს მიღებული კანონით საქართველოში დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება – ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

კანონით განისაზღვრა არქივის ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და გადაწყდა არქივების თბილისში თავმოყრის საკითხი.

ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ხელმძღვანელი, მთავრობას წერდა:

„საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ხშირად მოჰმართავენ ხოლმე სხვადასხვა დაწესებულებანი და ადგილობრივი მართვა-გამგეობის ორგანოები წინადადებით – მიიღოს ადგილობრივი საერობო სამაზრო და სხვა არქივები შესანახად, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას საამისოდ არ მოეპოვება საჭირო ბინა; თვით ის არქივები და საარქივო მასალები კი ფრიად ძვირფას საისტორიო მასალას წარმოადგენენ და მათი დაკარგვა დიდად სამწუხარო და აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნებოდა.

საზოგადოების საბჭოს აზრით, აუცილებლად საჭიროა დაარსდეს თფილისში ცენტრალური არქივი შესაფერის ბინითა და შტატით, ხომ პროვინციალურის არქივებს ამით თავის დროზე სათანადო პატრონობა გაეწიოს და ძვირფასი საისტორიო მასალები სამუდამოდ არ დაეკარგოს შთამომავლობას.

საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი“.

12 იანვარი, 1920 წელი.

საქართველოს ეროვნულ არქივში ჩვენი ქვეყნის დოკუმენტური მეხსიერება ინახება. არქივის სისტემაში 4 ცენტრალური არქივია წარმოდგენილი: საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტებისა და ქუთაისის არქივები, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი არქივები.

ეროვნული არქივის ფონდებში დაცულია:

10 000-ზე მეტი ფონდის 5 მილიონზე მეტ საარქივო საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი;

440 000-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი;

20 000-ზე მეტი ფონოდოკუმენტი;

34 000-ზე მეტი კინოდოკუმენტი.

ეროვნულ არქივში დაცული მასალა მოიცავს საქართველოს ისტორიის დიდ ქრონოლოგიურ მონაკვეთსა და მსოფლიო ისტორიის საკმაოდ ფართო გეოგრაფიულ არეალს.

საქართველოს ეროვნული არქივის საცავებში ინახება ეტრატისა თუ ქაღალდის ისტორიული საბუთები, ხელით გადაწერილი, მანქანაზე ნაბეჭდი თუ თანამედროვე ელექტრონული დოკუმენტები, სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის კოლექციები, პირადი არქივები, მმართველობითი ფონდები, ფოტოები, ნახატები, ნახაზები, რუკები, აფიშები, მემორიალური ნივთები.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.