“მინდა ყველამ იცოდეს, რა შეუძლია საქართველოს საელჩოს, როდესაც სტუდენტი ემოციურად ურეკავს, სახლში წამიყვანეთო” – ქართველი სტუდენტის მადლობა დიპლომატებს 

ლელა კეშელავა ერთ-ერთია იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც სამშობლოში გასული დღეების განმავლობაში დააბრუნეს.

ლიეტუვიდან რამდენიმე ქართველი სტუდენტის ჯერ მინსკში, შემდეგ ერევანში და ბოლოს თბილისში ტრანსპორტირება სახელმწიფომ უზრუნველყო. ლელა იმ განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებაზე საუბრობს, რასაც მისი და თითოეული იქ მყოფის მიმართ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იჩენდნენ და მათ სუპერგმირებად მოიხსენიებს. 

Lalu Keshelava-ს ფოტო.

“თამამად ვაცხადებ, ემოციური თვე მქონდა! განსაკუთრებით კი ყველაზე გიჟური დამღლელი და თან ყველაზე სასიამოვნო ბოლო 2 დღე აღმოჩნდა და ამისთვის მადლობა უამრავ ადამიანს ეკუთვნის! ალბათ რა მაგარი შეგრძნებაა, როცა იცით, წარმოუდგენელი საქმე გააკეთეთ და ამით უამრავ ადამიანებს დაეხმარეთ. თეთრი შურით ძალიან მშურს თქვენი და ეს საქმე არ უნდა დაივიწყოთ არცერთმა თქვენგანმა.

უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს ლიეტუვაში!

ამ ადამიანებმა უდიდესი დახმარება გამიწიეს როგორც მორალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, საოცრად დაძაბულ და არაადამიანურ რეჟიმში იმუშავეს და მე და კიდევ 7 ადამიანი უსაფრთხოდ დაგვაბრუნეს ლიეტუვიდან საქართველოში, თან გზა და გზა გვეხმიანებოდნენ, ხომ ყველაფერი კარგად იყო. ჯერ ეს შეუძლებლის შეძლებაა, როდესაც პანდემიის პერიოდში ყველაფერი ჩაკეტილია, მათ შორის, საჰაერო სივრცე უამრავ ქვეყანაში და მაინც მოახერხეს ჩვენი გამგზავრება! ამ ორ ადამიანს არ დაეზარათ, აეხსნათ მილიონჯერ ერთი და იგივე.

ალბათ ვერც მიხვდებიან, რამხელა მორალური მხარდაჭერაა, როდესაც იცი, რომ საელჩოში მომუშავე პირებს შეგიძლია ენდო, დაეყრდნო და გქონდეს იმედი, რომ მოგწერენ, დაგირეკავენ, აგიხსნიან გიპასუხებენ, და მარტო არ დაგტოვებენ ! საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს კონსული და თვითონ გადაიყვანს საზღვარზე საკუთარ მოქალაქეებს! ამის იქით ამ ადამიანებმა რაც გააკეთეს და რაც შეძლეს ამ პერიოდში, ალბათ მარტო სუპერგმირები დიპლომატიური პასპორტებით თუ შეძლებდნენ! ხოდა როგორც ბატონი კონსული იტყოდა, ყველაფერი არ ითქმის!

Lalu Keshelava-ს ფოტო.

თითოეული მგზავრობა დაგეგმილი იყო მთავრობის დონეზე პროფესიონალურად და ალბათ ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ ამდენს ვწერ, მინდა ყველამ იცოდეს, რა შეუძლია და რა ძალაუფლება აქვს საქართველოს საელჩოს, როდესაც ერთი სტუდენტი ემოციურად ურეკავს, სახლში წამიყვანეთო! კონსულმა თვითონ გადაგვიყვანა ბელორუსიის საზღვარზე, საქართველოს საელჩომ ბელორუსიაში უზრუნველყო ჩვენი გამგზავრება მინსკის აეროპორტში პოლიციის ესკორტით, მინსკიდან გადმოგვაფრინეს ერევანში, სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული ქართველები ვიყავით მთელ თვითმფრინავში და მხოლოდ რამდენიმე სომეხი! ამის დათანხმებაზე სომხეთთან ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენს იმუშავებდნენ!

საბოლოოდ, ისევ პოლიციის ესკორტის თანხლებით და ისევ საქართველოს საელჩოს ორგანიზებით წამოვედით სადახლოში საქართველოს საზღვართან, სადაც გაგვიზომეს ტემპერატურა, დეზინფექცია გაუკეთეს ავტობუსებს და დარბაზს, სადაც პასპორტის კონტროლის გავლით გადავედით საქართველოს საზღვარზე და საბოლოოდ თავი ამოვყავი საოცარ სასტუმროში, უყურადღებიანესი სტაფის ხელში და საოცარ ლავანდის სურნელში ჩემს ნომერში! ხოდა ხალხო, კარანტინი არასდროს ყოფილა ასეთი ტკბილი აქამდე!!

უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს ლიეტუვაში და რა თქმა უნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს –  სუპერგმირები ხართ თითოეული თქვენგანი!” 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები