ისპანახობა ანუ  მე-19 საუკუნის თბილისის “მასობრივი მოლხენის” ტრადიცია 

ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე „ისპანახობის“ მონაწილეთა შორის, თბილისი, ფოტო: გრიგორი ბაბალოვი, 1894 წ.

„როდესაც 1880 წელს მთავრობამ ყეენობა აკრძალა, ქართველი ხალხის მიერ ჩამოყალიბდა გართობა სახელად ისპანახობა. იგი სახეშეცვლილი ფორმაა, რომელსაც შემონახული ჰქონდა მხოლოდ ბოლო ნაწილი – ქეიფი.

ამიტომაც მას სხვაგვარად ყეენობის კუდი ეწოდებოდა. სახელი ისპანახობა იმიტომ დაარქვეს, რომ საქეიფო სუფრაზე მხოლოდ სამარხვო საჭმელი იყო. ისპანახობის აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების ტარება და ტანზე პამპულას ტანისამოსო ჩაცმა. 1894 წელს ისპანახობაში მონაწილეობა მიუღია ილია ჭავჭავაძეს,“ – საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონი.

„ჩვენს ხალხს ისე არაფერი უყვარს, როგორც მასსიური გასართობი… კარჩაკეტილი, ოჯახის ვიწრო ფარგალში მოქცეული გართობა მის გაშლილ ბუნებისათვის ბორკილს წარმოადგენს. დღეობა, ლხინი, ჯირითი, ბურთი, – ყველგან მასსიურობა, ყველგან წყურვილი მასსიური მოლხენის.

ყეენობაც ერთი კეთილშობილი გამოხატულებათაგანი იყო ამ მასსიური გართობისა. და სწორედ, ამითაც უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ხშირად ჩვენი პოეტები და საზოგადოების ცნობილი პირნი ყეენობის უმთავრეს პერსონაჟებად ჰხდებოდნენ. ერთი ასეთი გრანდიოზული ყეენობა მოწყობილი იყო გრიგოლ ორბელიანის გეგმით და ხარჯით მისი მთავარმართებლობის თანამდებობის ასრულების დროს.

„ყეენობა“ გადავარდნილია, მაგრამ ჯერ კიდევ „ყეენობის კუდობა“ არ მოშლილა: რას წარმოადგენს ეს „ყეენობის-კუდობა“. შესანიშნავს არაფერს! მხოლოდ რამდენიმე ქალაქელი ვაჭრები, მიდიან ორთაჭალაში და იქ მართავენ ლხინს, – სუფრა მხოლოდ სამარხო საჭმელებით არის ხოლმე აჭრელებული…

ამასთან აუცილებელი საჭიროება იყო, რომ ყოველ აქ მყოფ მოქეიფეს პამპულას ტანისამოსი ჩაეცვა და ჩაჩი დაეხურა. ეს დაუწესებია ამ ათი – თხუთმეტი წლის წინათ ერთს ქალაქელ ვაჭარს „ქეჩა-იოვანედ“ წოდებულს და თავდაპირველ, სხვათა შორის, ერთი კარგი მნიშვნელობა ჰქონდა – ლხინის დროს შეზარხოშებული მოქეიფენი ჩამოდიოდნენ ფულს, აგროვებდნენ და მერე ამ ფულით მზითევს უკეთებდნენ ვინმე ღარიბ გასათხოვარ ქალს და კიდეც გაათხოვებდენ ხოლმე… 

წელს, ამ „ყეინობის კუდზე“ ჩვეულებრივად დიდი ვაჭრები და სოვდაგრები აღარ დასწრებიან… მაგრამ მათ ნაცვლად სხვაგვარად შესანიშნავ – პირებმა მიიღეს მონაწილეობა და უფრო ბანკების წარმომადგენლებმა.

ფოტოგრაფიას გადუღია იმათი სურათი და საუცხოვო სანახავიც არიან მოქეიფენი ქაღალდის გვირგვინებით თავზე ანუ ჩაჩებით!“, – იოსებ გრიშაშვილი, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“

 

წყარო: მადათოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.