სვეტიცხოვლის უფლის საფლავის სახელობის ტაძარი ახალი, შეჭედილი კარით შეიმკო

სვეტიცხოვლის უფლის საფლავის სახელობის ტაძარი ახალი, შეჭედილი კარით შეიმკო, რომელზეც აღდგომის მახარებელი ანგელოზია გამოსახული. კარის ასე შემკობის იდეა არქიტექტორ თემურ ბერიძეს ეკუთვნის, ჭედურობის ავტორი ზურა ჩიქვინიძეა, ესკიზის ავტორი მაკა ჩხაიძე.

მცხეთა ახალი იერუსალიმია. მცხეთასა და მის შემოგარენში ადგილები სახელდებულია ყველა იმ უმთავრესი ქრისტიანული ადგილის შესაბამისად, რომელიც წმიდა მიწაზე გვხვდება. აქ არის ბეთლემი, თაბორი, გეთსემანია, გოლგოთა და ა.შ.

ქალაქების დაგეგმარება იერუსალიმის ხატად გავრცელებული იყო ადრექრისტიანულ ხანაში და განპირობებული იყო იერუსალიმური საეკლესიო ტიპიკონით.

ტიპიკონი ცხოვრების წესია, თუ როგორ უნდა იცხოვრო, როგორ ილოცო. იერუსალიმური ლიტურგიკული ტიპიკონი სივრცეში გადაადგილებას გულისხმობს. წმიდა მიწაზე ყოველ მოვლენას და დღესასწაულს თავისი ადგილი აქვს, ყოველ ადგილს – თავისი მადლი. ბუნებრივია, რომ მორწმუნე ადამიანს თითოეული დღესასწაულის კონკრეტულ ადგილზე აღნიშვნის სურვილი უჩნდება. ქრისტიანები უფლისმიერ ნაკვალევს მისდევენ. ლიტურგიკული ტიპიკონიც სწორედ ამას მოითხოვს. მასში მკაფიოდაა მითითებული, რომელი დღესასწაული რომელ ადგილზე უნდა აღინიშნოს. ასევე მკაფიოდაა განსაზღვრული სივრცეში გადაადგილების თანამიმდევრობა და თითოეული ადგილისათვის შესაბამისი საეკლესიო საკითხავი.

ამრიგად, ტიპიკონის შესრულების აუცილებლობა თავისთავად ითვალისწინებდა გეოგრაფიული სივრცის გადაკეთებას ლიტურგიკულ სივრცედ.

გარდა ამისა, როდესაც ახალი ქალაქი იქმნება იერუსალიმის ხატად, იგი სულიწმიდის მადლით პირველწყაროს უკავშირდება. ხდება სივრცის საკრალიზაცია, გაეკლესიურება და ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა ამ წმ. სივრცეში ცხოვრებისა.

იერუსალიმის ხატად აშენდა კონსტანტინოპოლი. ამგვარადვე მოიაზრა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა თბილისის აშენება. მაგრამ მცხეთა ამ მხრივ განსაკუთრებულია.

იერუსალიმის მთავარი სიწმინდე უფლის საფლავია, სადაც დაიდო ქრისტეს წმინდა სხეული და სადაც აღდგა იგი მკვდრეთით. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი კაცობრივი სხეულით ამაღლდა ზეცად. ქრისტეს სხეულით აღბეჭდილი უდიდესი სიწმინდე და ამ სხეულის სახე-სიმბოლო – კვართი კი, მცხეთაშია დაფლული. უფლის კვართის გამო აქ არა მხოლოდ მადლისმიერად, არამედ ნივთიერადაა კავშირი იერუსალიმთან და უფლის საფლავთან.

სვეტიცხოვლის კავშირი იერუსალიმთან და მაცხოვრის საფლავთან ხაზგასმულია იმითაც, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის შიდა სივრცეში უფლის საფლავად სახელდებული პატარა ტაძარია აგებული.

უფლის კვართი უდიდესი სიწმინდეა და ეკლესიის მამების (წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი და სხვ.) განმარტებით, როგორც ქრისტეს სხეულის, ისე ერთიანი, განუყოფელი ეკლესიის სახე-სიმბოლოა.

საეკლესიო გადმოცემით უფლის კვართი, რომელიც იყო უკერველი და „ზეგარდამო ქსოილი“, ანუ ზემოდან ქვემოთ მოქსოვილი ერთიანად, თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მოქსოვა ჩვილი იესოსთვის და ეს სამოსი მაცხოვართან ერთად სასწაულებრივად იზრდებოდა. ჯვარცმის შემდეგ, უფლის სამოსის განყოფის დროს, ღვთის განგებით კვართი განუყოფელი დარჩა. ამით აღსრულდა წმინდა წერილის წინასწარმეტყველება: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“.

კვართის „ზეგარდამო ქსოილობა“ სიმბოლურად ნიშნავს უფლის ზეგარდამო მოვლას დედამიწაზე. უკერველობა კი ნიშნავს არა ბუნებით შობას, რამეთუ არა ჰქონდა სხეული შექმნილი, „კერული მამაკაცისაგან და დედაკაცისა,“ არამედ „ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“.

კვართი დაიფლა ქალწულ სიდონიასთან ერთად. მას შემდეგ იგი კაცთაგან აღარავის უხილავს და არც აღარავინ შეხებია. წყაროთა მიხედვით, კვართს ვერავინ იხილავს, ვიდრე ჟამამდე უფლის მეორედ მოსვლისა.

ხოლო მეორედ მოსვლის ჟამს უფალი ამ კვართით შეიმოსება:

„და დაჯდეს, შეიმოსოს კუალად კუართი იგი ზეით ქსოვილ ხელითა უბიწოთა ღმრთის მშობელისათა და მით შემოსილმან განიკითხოს, განსაჯოს ყოველი სოფელი და მიაგოს მისაგებელი. მარჯვენათა მათ სანატრელი ხმა ასმინოს, რომელსა იტყუის, ვითარმედ კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკუიდრეთ თქუენთუის განმზადებული იგი სასუფეველი ცათა და მარცხენითთა ხმა იგი საწყალობელი, რომელი თქმადცა შესაძრწუნებელ არს… “

წყარო:

(1631წ. მცხეთის სიგელი 15. ბოძებული თეიმურაზ მეფის მიერ 1631წ. ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, IV ტფ. 1913 .გვ.16, 38–41)

ქ. აბაშიძე, „წმინდა დედაქალაქი მცხეთა_ ახალი იერუსალიმი“, სვეტიცხოველი, სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული, თბ., 2018.

ა. ოქროპირიძე, „სვეტიცხოველი_ სიცოცხლის ხე,“ სვეტიცხოველი, სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული, თბ., 2018.

ა. ოქროპირიძე, სვეტიცხოვლის შესახებ, ლექციათა კურსი,

ე, ჭელიძე, „მართლმადიდებლური ეკლესია და ეროვნულობა“, „გული გონიერი“, 2012 წ., #1(4).

მაკა ჩხაიძე, ცხოვრება წმიდისა ნინოისი, თბ., 2014 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.