“ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ დავბრუნდებით და ვიდრე დავბრუნდებით ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს”

ქართველი ემიგრანტის ლელა ლაჩაშვილის კედლიდან.

„ფიქრები მოცლილობის ჟამს…

ასე მგონია ჩემი აივნიდან დაიწყო ყველაფერი, დილით გავედი და ბილბორდიდან ჩალმიანი მოხუცი შემომცქეროდა. რაღაცნაირი ბოროტი და ცინიკური, ირიბი მზერა ჰქონდა მოხუცს. თითქოს სულში გიძვრებოდა  სიძულვილის საცეცები. აივანს ვინ დაეძებს, ღამე ლოგინში რომ გამახსენდებოდა ფანჯრებს მოშტერებული, ტანზე მბურძგლავდა და სუნთქვა მიჭირდა. ცარიელი ქალაქი მთლიანად მის განკარგულებაში დარჩა თითქოს. ქუჩაში აქა – იქ თუ გაივლიდა ნიღბიანი ადამიანი და ისიც ისე ააჩქარებდა ნაბიჯს შენს დანახვაზე, თითქოს მკვლელი იყავი და ხელში დატენილი იარაღი გეკავა. მერე თვალს მიეფარებოდა და თეთრწვერა მოხუცი შენსკენ მოაბრუნებდა ჩალმიან თავს და ცინიკური ღიმილით გაგაცილებდა ახლომდებარე სუპერმარკეტამდე, სადაც ორმეტრიანი დისტანციით იდგნენ დანერვოზებული ადამიანები და რიგს ელოდებოდნენ.

ასე გავლიე ორი თვე. ტელევიზია ერთი წუთით არ წყვეტდა მკვდრებზე საუბარს და ბილბორდიდან ჩალმიანი კაცი ჩემს სულში ხელის ფათურს. დავიღალე, ისე დავიღალე, რომ აღარც ტელევიზორს ვუსმენდი და აღარც ინტერნეტში ვეცნობოდი ინფორმაციას. აივანზეც აღარ გავდიოდი. მთლიანად გადავერთე იმ საქმიანობაში, რასაც სხვების დამშვიდება ჰქვია და ალბათ, ფსიქოლოგის საქმე უფროა, ვიდრე ჩემი და ჩემნაირების. თუმცა ვფიქრობდი, რომ მე თუ შემეძლო ორ სტროფიანი ლექსით ამეღელვებინა ადამიანები, რომლებსაც ჩემგან მილიონი კილომეტრი აშორებდათ, თავისუფლად შევძლებდი დამემშვიდებინა ისინიც, ვისაც ჩემი ხმა ესმოდა  და არც თუ ისე შორს ვეგონე.

ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და მეც მივეჩვიე ყოფას. ჩემი ხმა ხშირად მე თვითონ მამშვიდებდა, იმდენად ლოგიკურად და დამაჯერებლად ჟღერდა ის, რასაც ვამბობდი. ახლა უკვე გაზაფხულის თბილი დღეებია, სიტუაციაც ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიდის უკეთესობისკენ.

წუხელ წვიმდა, დილით აივანზე გავედი და ბილბორდი ჩამოხეული დამხვდა, ქარს ჩამოეხია. სურათიდან მხოლოდ ცხვირი და თვალის ნახევარი მიყურებდა, ისიც, როცა ქარი ააფრიალებდა ჩამოხეულ კუთხეს. გამიხარდა, კარგად მენიშნა, ასე მეგონა ყველაფერი დამთავრდა, ან მალე დამთავრდება თქო.

აღდგომამდე ორი დღეა დარჩენილი, უფალი სუფევს, უფალი სუფევს აწ და მარადის!_

ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ დავბრუნდებით და ვიდრე დავბრუნდებით ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.