დეკანოზი თამაზ ლომიძე:  “არეული გაქვთ ერთმანეთში სულიერი და მატერიალური,  სანამ აქედან არ გამოხვალთ, ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრება” 

რამდენიმე დღეა, საზოგადოება აქტიურად განიხილავს სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების საკითხს. ინფექციონისტები შიშობენ, რომ ხალხმრავლობამ, შესაძლოა, ეპიდსიტუაცია მკვეთრად გააუარესოს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება გერმანიის ქალაქ მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი, თამაზ ლომიძე და მოუწოდებს ეკლესიას, ნუ აურევენ ერთმანეთში სულიერსა და მატერიალურს.

“სარწმუნოებასთან დაკავშირებულ ჩემს ძალიან ადრეულ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომ უფრო გასაგები გავხადო დღევანდელი გაჯიუტებულების შეცდომა.

იქნებ ზოგიერთებმა გაითვალისწინონ და შეცვალონ მიდგომა.

დაახლოვებით 15-16 წლის ვიქნებოდი, სახარების კითხვა რომ დავიწყე. იმედნად მომხიბლა და ისე ძლიერ იმოქმედა წაკითხულმა, რომ რაღაც მოჯადოვებულივით გავხდი. რაღაც ეტაპზე მივატოვე სხვა ყველაფრის სწავლა, აღარ მაინტერესებდა არც სხვა წიგნები, არც გართობა, არც სპორტი და მართლა ჩავთვალე, რომ სხვა რამის ცოდნა არაფერში სჭირდებოდა ადამიანს. ვამბობდი: ბიბლიაშია ყველაფერი, რაც გვჭირდება ცხოვრებისთვის და რაღა საჭიროა ან მეცნიერება ან სხვა რამის სწავლა-მეთქი. მახსოვს, ერთხელ დეიდაჩემი იყო სტუმრად ჩვენთან და შეშფოთებული სახით მისმენდა; ალბათ, ეგონა, რომ შევიშალე. მაგრამ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 16 წლის და ამ ასაკისთვის ასეთი რამ ალბათ ნიშანდობლივია და გასაგები. შემდეგ ბევრი წელი გავიდა სწავლის, გამოცდილების, დაცემის, ისევ ადგომის, გადაფასების, შეცდომების, ხიბლში შესვლის და ხიბლიდან გამოსვლის, მოკლედ, ბევრი წვალება და აღმოჩენა გამოვიარე სარწმუნოების გზაზე. რა თქმა უნდა, ეს კატეგორიული შეხედულებები შემეცვალა და მივხვდი, რომ სულიერი და მატერიალური ერთმანეთში არასდროს უნდა ავურიოთ. ეს სხვადასხვა კატეგორიებია და ყველანაირი დომხალი და უბედურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქიდან იწყება, როცა კაცს ვერ გაუგია სად, როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა იაზროვნოს.

Tamaz Lomidze-ს ფოტო.

მაგალითად, სახლს როცა ვაშენებთ, ხომ მშენებელ ინჟინრებს ვანდობთ ხოლმე ამ საქმეს და ვემორჩილებით მათ მითითებებს? საღვთისმეტყველო ცოდნა ხომ სრულიად გამოუსადეგარია ამ მშენებლობის საქმეში? ასევე მღვდელს ხელი რომ მოტყდება, ხომ ექიმთან მიდის და სრულად მისი სამედიცინო მითითებების მორჩილებაშია, თეოლოგიის ცოდნა ხომ არაფერში გვჭირდება სხეულის ტრავმის დროს? დღეს, როცა გარე გახმოვანებას ამონტაჟებთ ტაძრებზე, ვის ეძახით ამ საქმისთვის, სულიერ მონაზვნებს თუ ხმის ინჟინრებს? ბერების და მღვდლების სულიერი და საღვთისმეტყველო ცოდნა (თუ აქვთ) რაში გამოგადგებათ საინჟინრო საქმეში? ამიტომ, იცოდეთ, რომ სულიერ ცოდნას თავისი სფერო აქვს და აუცილებელი საჭიროება, ხოლო ამქვეყნიურ მეცნიერებას თავისი აუცილებელი დანიშნულება და საჭიროება გააჩნია თავის ადგილას.

ამიტომ, გეკითხებით, განსაკუთრებით გაჯიუტებულ სასულიერო პირებს და მრევლსაც: რატომ არ არის მატერიალური სნეულების დროს, როცა საშიში ფილტვების ანთება და ხველაა პრობლემა, მხოლოდ ექიმების აზრი თქვენთვის ერთადერთი და სანდო ავტორიტეტი? რატომ არ უჯერებთ მათ?
მევე გაგცემთ პასუხს: იმიტომ, რომ ალბათ ის გჭირთ თქვენც, რაც მე 16 წლის მოზარდს დამემართა, არეული გაქვთ ერთმანეთში სულიერი და მატერიალური.
სანამ აქედან არ გამოხვალთ, ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრება”

დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.