აშშ-ში კორონავირუსი კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა დაამარცხა
გიორგი ქუტაშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ ემიგრანტებს შორის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირდა და სხვა მსუბუქი პაციენტების მსგავსად, მკურნალობას სახლში, თვითიზოლაციის პირობებში გადიოდა. როგორც გიორგი ამბობს, ასეთ დროს მას დახმარება ქართველმა ემიგრანტებმა აღმოუჩინეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში ქართული დიასპორების თაოსნობით კრიზისცენტრები შეიქმნა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ემიგრანტებს როგორც პირველადი საჭიროების პროდუქტებითა და მედიკამენტებით, ასევე კვალიფიციური მედიკოსების კონსულტაციებით.
“მივესალმები ყველა ემიგრანტს ,როგორც აშშ-ში, ასევე ყველგან. მივესალმები სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს. მინდა, ჩემი დაინფიცირების შესახებ გითხრათ კოვიდ.19-ით. 9 აპრილი დაინფიცირებიდან მე-10 დღე.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ტყაბლაძეს, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა ჩემი კომენტარი, რომელშიც ახალგაზრდა გოგონას ვამხნევებდი, რომელიც რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვეუბნებოდი ჩემი დაავადების შესახებ და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა – შეეხედა როგორც ჩვეულებრივი ვირუსისთვის.
6 აპრილს ღამის პირველ საათზე დამირეკა და მკითხა მდგომარეობის შესახებ ქალბატონმა მაიამ და უკვე მეორე დღეს ჩართო განგაშის სიგნალი. მალევე დამიკავშირდნენ კრიზის ცენტრიდან ,ქალბატონი ციცი ქალბატონი ინა და გენერალური საკონსულოდან ქალბატონი ინა. ასევე ჩვენი ექიმები ფილადელფიიდან – ქალბატონი ნინო ქავთარაძე. ყველას დიდი მადლობა აღმოჩენილი დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. კიდე ვიტყვი, ეს ხალხი რომ არა, მარტო ვაპირებდი ამ უხილავ მტერთან ბრძოლას, რომელსაც შეიძლებოდა გართულებები მოჰყოლოდა, რომ არა მათი დახმარება.
დღეს შედარებით უკეთ ვარ და განვაგრძობ მათი რეკომენდაციებით მკურნალობას, რადგან როგორც ქალბატონმა ინამ მითხრა, კიდევ ათი დღე უნდა ვიყო ყურადღებით რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად. ჩემი დაავადება, ექიმ ნინო ქავთარაძის მსგავსად, დაიწყო თავის ტკივილითა და უეცარი სისუსტით, რომელმაც მთლიანად მომწყვიტა და ძალა გამომაცალა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა რადგან ჯერ არ ვიცოდი დაინფიცირების შესახებ. შემდგომ დაერთო ყელის, ყურების, თვალების და გულმკერდის წვა, შემდეგ ყელის სიმშრალე და თავის ტკივილი, გაბრუება, თავბრუს ხვევა. მხოლოდ ორი დღე მქონდა დაბალი ტემპერატურა. მათი რეკომენდაციით დავიწყე EMERGEN-C 1000 მიღება, რომელშიც შედის ბ-კომპლექტი, უამრავი სითხის მიღება. ცივი წყლის მაგივრად გაცხელებულ წყალს ვსვამდი ლიმონთან ერთად ასევე მთელი დღის მანძილზე თაფლიანი წყალი და რაც მთავარია, ყელის სავლებები სოდა, მარილი, იოდი, მონაცვლეობით ყოველ 2 საათში, რომ ვირუსი ყელიდან ჩასულიყო კუჭში.
ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, თამამად შემიძლია ვთქვა რომ თითქმის გადატანილი მაქვს, დამრჩა მცირეოდენი თავის ტკივილი და თავბრუს ხვევა, მსუბუქი ხველა, რაშიც ყველასთვის ცნობილი ტაინელონი მეხმარება. არანაირი სხვა მედიკამენტი არ მიმიღია. კიდევ ყველა თქვენგანს დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გამოჯანმრთელებაში შეტანილი წვლილისთვის და არა მარტო ჩემდამი, უამრავი ქართველი ემიგრანტის მკურნალობაში წვლილის შეტანისთვის. დიდი მადლობა, რომ ასე გაერთიანდა ყველა და აკეთებთ უამრავ კეთილს საქმეებს, ეხმარებით როგორც წამლებით, ასევე საკვებითა და ფულადი დახმარებით.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ და წმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს. დიდი პატივისცემით, გიორგი ქუტაშვილი“