ახალი ამბები მხოლოდ ქართული საქართველო და ქართველები სლაიდერი წერილები

“ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო?- რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!…”

არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სიმარლეს, მაგრამ მაინც გთავაზობთ გელა ბერუაშვილის პოსტს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომელსაც 51 ათასი კომენტარი და 7000 გაზიარება აქვს.

“მარიამი დაბადებულა!”

– ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, – მისალმების შემდეგ ჰკითხა პოლიციელმა ნიკას.
– ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო? – გაეღიმა ნიკას.
– შესაძლოა, – პოლიციელმა თავი წარუდგინა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა, – ხომ იცით, რომ კომენდანტის საათია?
– კი, ვიცი, – ნიკამ პირადობის მოწმობა გადასცა წესრიგის დამცველს.
– გასაგებია, – პოლიციელმა პირადობის მოწმობას თვალი გადაავლო.
– იცით, მე მამა გავხდი ამაღამ, – უთხრა სიხარულით სავსე ნიკამ, – პირველი შვილი შემეძინა და სოფელ მამკოდიდან ფეხით მოვდივარ.
– იქაური ხართ?
– არა, მაგრამ იქ საქონელი მყავს.
– ფეხით რატომ მოდიხართ?
– ტრანსპორტი არაა, მე კი მანქანა არ მყავს. ვიფიქრე, ნახალოვკაში პირველ სამშობიარომდე ტაქსით მივალ-მეთქი. არც ტაქსია, არც არავინაა, რომ ხელი დავუქნიო და მანქანის გაჩერება ვთხოვო.
– პირველი შვილია?
– კი.
– ბიჭია?
– გოგოა.
– გათენებას რატომ არ დაელოდეთ?
– ვერ შევძელი. მეუღლის გვერდით უნდა ვიყო. ვერ გავჩერდი. საქონელი მეზობელს ჩავაბარე და წამოვედი.
– არ მატყუებთ?
– არა, გეფიცებით.
პოლიციელი ჩაფიქრდა.
– რა ხდება მანდ? – გასძახა პოლიციელს მეწყვილემ.
– ეს კაცი ნახალოვკაში მიდის, პირველ სამშობიაროში, – მიუგო პოლიციელმა.
– რა სჭირს, ორსულადაა, – იხუმრა მეწყვილემ.
– პირველი შვილი შეეძინა, გოგონა.
– დავეხმარები, თუ დედაჩემის სახელს დაარქმევს, – საპატრულო პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა მეწყვილე და ნიკასკენ გაემართა.
– დედაშენის სახელი რატომ უნდა დავარქვა? – ჰკითხა ნიკამ.
– დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემს შვილებს მისი სახელი ვერ დავარქვი, რადგან ბიჭების მამა ვარ, ჩემი ძმაც ბიჭების მამაა. არადა დედას კარგი სახელი ერქვა. მოგეწონება.
– მაინც რა ერქვა? – დაინტერესდა ნიკა.
– მარიამი, – მიუგო მეწყვილემ.
– მართლა? – გაუხარდა ნიკას.
– კი, მართლა, – თავი დაუქნია მეწყვილემ, – მაგრამ ასე რამ გაგახარა?
– იცით, ცხონებული დედაჩემის სახელის დარქმევა მინდოდა ჩემი გოგონასთვის…
– მაშინ 300-ლარიანი ჯარიმა არ აგცდება, – თვალი ჩაუკრა მეწყვილემ ნიკას.
– საქმე ისაა, რომ ამცდება, – გაეცინა ნიკას.
– ვითომ რატომაო? – ჩაეძია მეწყვილე.
– იმიტომ, რომ დალოცვილია ღმერთი და სასწაულია განგება მისი. დედაჩემსაც მარიამი ერქვა და დღეს დედაჩემის დაბადების დღეცაა.
პოლიციელებს სახეზე გაოცება დაეტყოთ.
– მართლა? – ჰკითხა პოლიციელმა და მეწყვილეს ღიმილით გადახედა.
– რა თქმა უნდა, – შესძახა ნიკამ.
– წავედით სამშობიაროში, – აღმოხდა მეწყვილეს, – არ ვიცი, მართალს მეუბნები თუ მაბოლებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ალალი კაცი ხარ.
– მერე ჯარიმა? – ჰკითხა მეწყვილეს პოლიციელმა.
– რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!…
პოლიციელებმა ნიკა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაისვეს და სირენების გნიასით დაიძრნენ ნახალოვკისკენ.

გელა ბერუაშვილი

სხვა სიახლეები

საქართველომ 15 ტონა პირადი დაცვის საშუალებები მიიღო

Editor

გაკვეთილები საზღვრებს გარეშე – ქართველი ემიგრანტი ბავშვების მიერ დისტანციურად შესრულებული “სულიკო”

Editor

“პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს”- ქართველი ემიგრანტი მხატვრის ისტორია

Editor

მიუნხენის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი კორონავირუსის სწრაფი ტესტის შესახებ

Editor

ინოვაციური პროექტი – იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები ემიგრანტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება

Editor

ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა „შოთაობა“ აღნიშნეს

Editor