ინტერვიუ ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი ყველა სიახლე წერილები

ქართველი ემიგრანტის წერილი იტალიის აცრემლებულ პრემიერს 

“არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, მაგრამ ბატონ ჯუზეპე კონტეს პირდაპირ ეთერში თვალები აუწყლიანდა და ლამის ატირდა ბერგამოში დაღუპულებზე საუბრისას. მისმა ასეთმა სენტიმენტალურობამ დამაწერინა ეს წერილი. თორემ ვიცი, რომ ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე წყდება. ეს უბრალოდ წერილია და არც კი ვიცი, ოდესმე თუ მივა მის ყურამდე”  – ასე დაიწყო ჩემი და ქალბატონი ეკა თავბერიძის საუბარი. ადამიანისა, რომელიც უკვე წლებია იტალიაშია და მოხუც ცოლ-ქმარს უვლის მაშინაც კი, როცა მათი შვილებიც  ვერ ახერხებენ მშობლებზე ზრუნვას – გადის ქუჩაში საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასად, რათა მათ მედიკამენტები და საკვები შეუძინოს. როგორც თავად ამბობს, ესაა მისი დამოკიდებულება და ვალდებულების, ზრუნვის განცდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებთან ერთადაც დიდი დრო გაატარა.  

“ვერავინ მიხედავს მათ ჩემნაირად და ასეთ დროს მარტო ვერ დავტოვებ”- ალბათ, რამხელა ძალა სჭირდება თქვა და შეასრულო ეს ისეთ დროს, როცა ყველას ერთმანეთზე მეტად უჭირს და ათასობით კილომეტრით შორს შვილი და მშობლები გელოდებიან. 

ეს არის ამბავი ღირსეული ემიგრანტისა, რომელიც იტალიის პრემიერის აცრემლებული სახის ხილვამ თავადაც აატირა და დააწერინა მიმართვა მისდამი, რომ მას და მის მეგობრებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, ჰქონდეთ საშუალება, ამ სოციუმის ღირსეულ წევრებად იგრძნონ თავი და არ უწევდეთ დამალვა. 

წერილს იტალიურ ენაზე თარგმნიან და ერთ დღესაც, შეიძლება, ჯუზეპე კონტეს ყურამდე მივიდეს, არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის და დარჩება თუ არა წერილი უბრალოდ მიმართვად. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ალბათ ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს ღირსეული ქართველი ემიგრანტების შესახებ. 

“გამარჯობა, სამყარო… გამარჯობა, დედამიწა… გამარჯობა, ჩემო იტალია ! მე უკვე მეშვიდე წელია, შენი ფრთის ქვეშ ვარ ჩემს, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. ერთად ვმღერით, ერთად ვდარდობთ, ერთად გვჯერა და გვწამს უკეთესი მომავლის.

ჩვენ გვინდა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა! ამ განსაცდელის ჟამს, ჩვენი ცრემლები ერთმანეთს შეუერთდა და კონტე და მთელი სამყარო, ერთად ვტიროდით, რამეთუ უხილავი მტერი, განურჩევლად ერისა და ბერისა გვანადგურებდა, მოდიოდა ცელით და შეჩერებას არ აპირებდა …

ჩვენმა ერთობამ და თანადგომამ, აქაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლოცვამ, ვედრებამ და მედიცინის მუშაკთა თავდადებამ ნაყოფი გამოიღო, განაიარაღა უხილავი მტერი და ნიღაბი ჩამოხსნა მას. მსოფლიოს ისტორიაში დიდი გარდატეხა მოხდა, გამოჩნდა ვინ გაიზიარა და გვერდში დაუდგა იტალიელ ხალხს, ამ საშინელი განგაშის დროს. დიდი სიამაყით მინდა განვაცხადო, პირველი დახმარების და თანადგომის ხელი, ჩემი სამშობლოდან იყო, ჩემი საქართველოდან.

ჩვენი ექიმებისა და მედიკოსების, კეთილშობილებითა და გამოცდილებით, მხარშიდგომითა და ღვაწლით, ჩვენი წვლილი შევიტანეთ იტალიის უახლეს ისტორიაში. პანდემიას ერთად ვამარცხებთ! მიუხედავად იმისა, რომ ფრენები დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ შინ 6 წლის უნახავი შვილი მელოდება, ჩემი ავადმყოფი მშობლების იმედად, არ ვუღალატე იტალიას, არ ვუღალატე ბედის ანაბარა დარჩენილ, ოჯახის წევრებად ქცეულ, ჩემს მოხუცებს, იმ დროს როდესაც მათ, ჩემს გარდა ვერავინ მოუვლიდა, ვერავინ მოუმზადებდა სადილს, ვერავინ დაალევინებდა საათების მიხედვით წამალს, ვერავინ დაეხმარებოდა საწოლიდან წამოდგომაში და გამკაცრებული კონტროლისა და რეჟიმის მიუხედავად, ვერავინ მოუტანდა, საკვებს, წამალსა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებს…

ვუყურებდი მათ გაოცებულ და შიშ ჩამდგარ თვალებს და ვცდილობდი არ ეგრძნოთ, რა ხდებოდა გარეთ, ისევ ვმღეროდით, ისევ ვდარდობდით, ისევ გვჯეროდა და გვწამდა… მე და კიდევ ბევრი ქართველი ღირსეულად დარჩა გემზე კაპიტანივით. ჩვენ, გვიყვარს ჩვენი მეორე ოჯახი იტალია! სადაც უკვე, მეშვიდე წელია ველოდებით დამსახურებულ “პერმესოს” რომელიც თავს, სრულფასოვან ადამიანად გვაგრძნობინებს, რომელსაც არ დასჭირდება სიკეთის საკეთებლად დამალვა, კონსპირაცია და თავის მართლება. ახლაა სწორედ ღირსეული მადლიერების დრო, შეწყალებისა თუ მოწყალების, ჩვენ გვჯერა თქვენი, რომ მოგვცემთ იტალიის მიწაზე, დარჩენილ უსაბუთო ემიგრანტებს, ღირსეული სტუმრების საბუთს , რამეთუ არ გამოვირჩეოდეთ სხვა ემიგრანტებისაგან, ვისაც თავის დროზე ეს უფლება მიენიჭათ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სრულიად იტალიის ხელისუფლებავ ეს თხოვნა და მოგვანიჭოთ ამ პანდემიის დამარცხების ზღურბლზე, თავისუფალი სუნთქვის საშუალება, რამეთუ დაფასებული ადამიანი უკეთ უძღვება დაკისრებულ ვალდებულებას და თავს ღირსეულ პერსონად თვლის, თქვენს სამყაროში. ვიმედოვნებ, გაითვალისწინებთ ჩვენს მდგომარეობას და დაგვასაჩუქრებთ, როგორც პანდემიის პერიოდის გმირებს თავისუფლებით, რამეთუ არ გვეშინოდეს სიკეთის კეთების, სიყვარულისა და თავდადების. მე მჯერა თქვენი კეთილგონიერების და დიდსულოვნების. მადლიერებით თქვენი “მონა მორჩილი “კატერინა საქართველოდან.

P.S : და ეს ყველაფერი, ოქროს ასოებით ჩაიწერება იტალიის ახალ ისტორიაში , რომელსაც იტალიის და საქართველოს მეგობრული ხელი დაერქმევა.”-  ეკა თავბერიძე 

 

სხვა სიახლეები

მეტი დეველოპმენტის ლიტერატურული პრემია „კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს“

Editor

თუშეთი – ფოლკლორული ზეპირსიტყვიერება და მუსიკა

Editor

საოცარი აღმოჩენა ქვემო ახალშენში

Editor

“თუკი არ იცი, სად არი ფიქრის გორა, ღმერთმა კვლავ დაახლოვებითაც ნუ გაცოდინოს” – რას წერდა “დროება” თბილისის უბნის შესახებ 

Editor

საქართველო საელჩო ჩინეთში მოქალაქეებს აფრთხილებს

Editor

როცა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა ნაკადს ვერ უძლებს – საველე საავადმყოფოები მსოფლიოს ცხელ წერტილებში 

Editor