ჰანოვერში მცხოვრები ქართველები საქართველოსთვის – ემიგრანტების საინტერესო წამოწყება
გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მცხოვრებმა ქართველებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად საინტერესო საქველმოქმედო აქცია წამოიწყეს. ისინი საქართველოდან ჩატანილ პომიდვრისა და კიტრის ჩითილებს ყიდიან, შემოსული თანხა კი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ირიცხება.
“COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ რთულ ვითარებაში, გვინდა გვერდში დავუდგეთ საქართველოს და სიმბოლური საქველმოქმედო აქციით ჩვენი, როგორც ქართველი ემიგრანტების, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში, ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამემამულეებს აღნიშნული ვითარებით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება გვერდში დგომა. ჰანოვერში მცხოვრებო ქართველებო, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ ამ აქციაში და გაქვთ სურვილი შეიძინოთ ნერგები, დატოვეთ კომენტარის სახით თქვენი თანამონაწილეობა და სათვისტომოს წარმომადგენლები პირადად გადმოქცემენ გემრიელი ბოსტნეულის ნერგს, რომლის მოვლასაც სახლის (აივნის ან ბაღის პირობებში) მარტივად შეძლებთ.” – ამბობენ იდეის ავტორები.
ნერგის ფასი 20 ევროა, შემოსული თანხა კი მთლიანად StopCov ფონდში გადაირიცხება.