“ცუდი გრძნობაა, როდესაც თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ კოვიდ-19 შეგეყარა …”

დავით ნიკურაძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მას კარგად იცნობთ, ამიტომ ბევრი შესავლით არ დაგღლით და პირდაპირ იმ პოსტს გაგიზიარებთ, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„თვისტომნო, ახლა მოგიყვებით, როგორ იყო ჩემი კორონატესტის ამბავი.

ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, დამეწყო ტემპერატურის მატება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ამას დაემატა კიდევ პატარა, რაღაც ნიშნები და ცხადია, ეჭვი შევიტანე კორონავირუსზე. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა მოგზაურობის ისტორია, (ამერიკიდან წამოსვლამდე, ბოლო 3 კვირა, სახლი თითქმის არ დამიტოვებია) მქონდა მგზავრობის ისტორია, ვაშინგტონიდან თბილისამდე, სტამბოლის გავლით. ანტიბაქტრიული ხელსახოცებით კი დავწმინდე ყველა ის ადგილი, სადაც შეხება მქონდა თვითმფრინავში თუ აეროპორტში, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სულ ტყუილად მიწვალია, რადგან ჩემი ანტიბაქტერიული ხელსახოცები შეიცავდა ბენზალკონიუმ ქლორიდს, რაც კორონავირუსის შემთხვევაში არაეფექტურია. აუცილებელია, რომ ის შეიცავდეს სულ მცირე 60% სპირტს.

მოკლედ, დამეწყო სიცხე. ასეთ შემთხვევაში უნდა დარეკოთ ოჯახის ექიმთან. მე 112-მა დამაკავშირა ოჯახის ექიმს, რომელმაც მოისმინა ჩემი ჩივილები, შემოჰკრა განგაშის ზარებს და დაუყოვნებლივ მოითხოვა, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლევებზე ჩემი გადაყვანა. მუდარამ, 2 დღე დამეცადა, არ გაჭრა. ამიხსნა, რომ კორონავირუსის დროს შესაძლოა უცბად დამძიმდე, დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა და რაც უფრო ადრე მიხედავ თავს, უკეთესია. ძალიან ყურადღებიანი ექიმი იყო და მადლობელი ვარ მისი.

სასწრაფო დახმარებამ დამირეკა და მომცა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტრანსპორტირება. ჩავაწყვე პატარა ჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პირადი ნივთები და დაველოდე სასწრაფო დახმარებას. ცუდი გრძნობაა, როდესაც სიცხე გაქვს, თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ კოვიდ-19 შეგეყარა და სასწრაფო დახმარების მანქანით უნდა წაგიყვანონ საავადმყოფოში.

პირველივე ცუდი განწყობა მომიხსნა სასწრაფო დახმარების ექიმმა, გვანცა მაისურაძემ. ბიოუსაფრთხოების დამცავ კომბინიზონში მაინც ჩანდა მისი მომღიმარი სახე და კეთილგანწყობა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მას და მის კოლეგებს, რომლებმაც ინფექციურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. არც სირენები ჩაურთავთ და არც წივილ-კივილი ყოფილა. გზაში მელაპარაკებოდა და მამხნევებდა.

მიმღებ განყოფილებაში, სადაც საბუთებს ავსებენ, ნიღაბშიც მიცნეს და იქაც ცალკე მამხნევებდნენ. სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა, რომელიც სკაფანდრებში ჩაცმული ადამიანების დანახვისას გინდა თუ არა, მაინც ჩნდება.

ექთანმა გადამიყვანა სპეციალურ შენობაში, სადაც განთავსებულია საკარანტინო ოთახები. ეს არის ერთგვარი გამანაწილებელი. შედიხარ შენს ოთახში, შემოდიან და იქ გიტარებენ ტესტებს. თუ დადასტურდა, სახლში ვეღარ დაბრუნდები და ექვემდებარები ჰოსპიტალიზაციას.

ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც ყელიდან და ცხვირიდან ნაცხი ამიღო, ამ ისტორიაში, ალბათ ყველაზე მეტად შეშინებული იყო. იმდენი ხხხხხხხ და ღღღღღღ ვიძახე ცხვირში და ყელში ჩხირების ჩადებისას, რომ ალბათ მსგავსი პაციენტი დღემდე არ უნახავს. ჩემი მადლობა და ასევე ბოდიში ხრიალ-ღმუილის გამო.

შემდეგ გიღებენ სისხლს. აი, როგორ არ ვუთხრა მადლობა იმ ქალბატონს, გრიალით რომ შევარდა ვენაში, თან რომელი სტალონეს ვენა – ძარღვები მე მაქვს. შემდეგ შემოვიდა კიდევ ერთხელ ექიმი და წამიყვანა ფილტვების გასაშუქებლად. რენტგენი სხვა შენობაშია. მიყავხართ რამდენიმე ადამიანს, ერთმანეთთან დისტანციის დაცვით. გაშუქებენ და კარანტინში გაბრუნებენ.

ამის შემდეგ იწყება ლოდინი. დაახლოებით 4-5 საათი უნდა ტესტის პასუხს. ეს ის მომენტია, არც ფეისბუქი რომ არ გინდა, არც ტელეფონი და ოთახში წინ და უკან ნერვიულად დადიხარ. ახლა აქ როგორ არ ვუთხრა დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოში მომუშავე ჩემს კლასელ Giorgi Beridzeს, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს მოვიდა ჩემს ფანჯრებთან, იდგა ქარში და მამხნევებდა. დღე და ღამე იქ არის და დაღლილს მაინც არ დავიწყებია ქვემოდან ჩემი შეგულიანება. დიდი მადლობა გოგა შენ!

ამის შემდეგ მოიტანეს საჭმელი, რომელიც გონებადაბნელებულმა ბოლო ნამცეცამდე შევნთქი და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ბევრი იყო. წვნიანი, პიურე და ხორცი, მაწონი, წიწიბურა, 5 ნაჭერი პური, წვენი და ნამცხვარი. ნერვიულობისგან ყველაფერს მუსრი გავავლე და შემრცხვა.

ის ამბავი, რომ კორონავირუსი არ მქონდა, ექიმმა გია ბეიტრიშვილმა მაცნობა, რომელიც ჩემზე მეტად გახარებული იყო, ვირუსი რომ არ აღმომაჩნდა. მომცა რეკომენდაცია, დანიშულება, გამიგრძელა იზოლაციის ვადა და გამომიშვა. ცხადია, ბატონ გიას ეკუთვნის დიდი, თბილი მადლობა.

მთელი ამ დღეების განმავლობაში მუდამ გვერდით იყო ჩემი სამსახური Sofia Giorgi Giorgi უზარმაზარი, უმსუქნესი მადლობა თქვენ და last but not least განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მარინა ეზუგბაიას, რომელიც ამ პროცესის განმავლობაში მაქცევდა ყურადღებას, მაძლევდა რეკომენდაციებს და რჩევებს.

მოკლედ, კარგია, რომ კორონავირუსი არ აღმომაჩნდა. განსაკუთრებით, ჩემი ჰიპერტენზიის და მწეველი ფილტვების პატრონს.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ოდესმე თუ მოგიწიათ ტესტირებასთან შეხება, ჩემი რჩევა იქნება, ბიოუსაფრთხოების აღჭურვილობა – სკაფანდრები ნუ დაგაფრთხობთ. ამ სკაფანდრების უკან, მართლა ძალიან კარგი, თბილი და მზრუნველი ადამიანები დგანან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები