30 მარტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ონლაინ სალექციო ჩართვებს იწყებს

30 მარტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე – elearning.gtu.ge ონლაინ სალექციო ჩართვებს შესთავაზებს.

ონლაინ ლექციების ცხრილი, რომლის მიხედვითაც სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ონლაინ ლექციებში, განთავსებულია პლატფორმა elearning.gtu.ge -ის მთავარ გვერდზე, სტუ-ის ვებგვერდის მთავარ გვერდზე, რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ონლაინ ლექციების ცხრილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე, სპეციალურად სტუდენტებისთვის განთავსებულია განახლებული გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით (8 ვიდეო), რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ონლაინ ლექციები ჩაუტარდებათ ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე – elearning.gtu.ge, Zoom და BBB პლატფორმების მეშვეობით. თითოეულ ონლაინ სალექციო სესიაზე მონაწილეობა, ანუ ერთდროულად ჩართვა შეეძლება 100-მდე სტუდენტს, ხოლო ერთდროულად შესაძლებელი იქნება 50-მდე პარალელური ონლაინ სესიის წარმართვა ასეთივე დასწრებით.

გარდა ამისა, ელექტრონულ პლატფორმაზე უკვე ატვირთულია და კვლავაც აიტვირთება სწავლების სამივე საფეხურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსები და დავალებები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. მოქმედებს საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან. ამჟამად, პლატფორმაზე რეგისტრაცია სტუდენტთა 80%-ზე მეტმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები