ლეგენდად ქცეული ქართველი ექიმი, რომელმაც პატარა გოგონას საკუთარი სიცოცხლე დაუთმო 

“ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე” – შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი იცის ისევე, როგორც ამბავი, რომელსაც პოეტმა ბალადა მიუძღვნა. ბევრისათვის კი უცნობია ქართველი ექიმის, პროფესორ ჟორდანიას გმირობის ამბავი, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში უამრავი ადამიანი აალაპარაკა. 

რა მოხდა 1962 წელს “დუგლას DC-8-33”-ის ბორტზე? – პროფესორმა ჟორდანიამ ბავშვს საკუთარი მაშველი რგოლი დაუთმო, თავად კი დაიღუპა. 

ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი 1962 წელს ბრაზილიიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, უცხოეთში გაფრენამდე მთელი დღე 9 წლის ვაჟიშვილთან, კირილესთან ერთად გაატარა.  ბავშვს გულუბრყვილოდ უკითხავს მამისათვის – ცურვა თუ იცი? თვითმფრინავი რომ წყალში ჩავარდეს, რა გეშველება, ხომ დაიღუპებიო… შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, თუმცა კირილეს სიტყვები გამართლდა.

იმ საბედისწერო დღეს, 20 ივნისს, თვითმფრინავი “დუგლასი” დაგეგმილ რეისს ასრულებდა ბუენოს-აირესიდან რიო-დე-ჟანეიროსა (გალეაოს აეროპორტი) და ლისაბონში. გალეაოს აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. 23 საათსა და 3 წუთზე ხომალდი ასაფრენად მოემზადა, რომ პილოტმა გამოაცხადა, პრობლემა გვაქვსო – თვითმფრინავის ცხვირი არ ტრიალებდა… პილოტი მიხვდა, რომ ხომალდი ბილიკის დარჩენილ ნაწილზე ვერ გაჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია… შასის ბორბლები ქვიშაში ჩაეფლო, ოთხივე ძრავამ დაკარგა ეჟექტორები და მობრუნების კონუსები, რამაც თვითმფრინავი ააჩქარა – დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და საბოლოოდ ოკეანეში ჩაეშვა.

ჯერ ნაპირთან ახლოს, 100 მეტრში დრეიფობდა, შემდეგ კი 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ერთი შეხედვით, მდგომარეობა არც ისე რთული იყო, რომ ვინმე დაღუპულიყო. მიუხედავად ამისა, ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ერთი ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი… გადარჩენილი მგზავრებიდან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა პროფესორმა პავლე შუშანიამ საზოგადოებას იოსებ ჟორდანიას უკანასკნელი წუთების შესახებ უამბო:

“როდესაც თვითმფრინავი წყალზე გაჩერდა, მგზავრებმა (რომ არ დამძიმებულიყვნენ და წყალში არ ჩაძირულიყვნენ) ტანსაცმელი გაიხადეს და მაშველ რგოლებს ეცნენ. მე და იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის ფრთაზე ვიდექით. ამაოდ ვეხვეწებოდი, მომეჭიდე და ნაპირამდე გაგიყვან-მეთქი. თავი გააქნია, ასე ორივე დავიხრჩობით, სჯობს, თავს უშველოო. მან არც ცურვა იცოდა და მაშველი რგოლიც არ ჰქონდა – თვითმფრინავის სალონიდან გამოსვლამდე პატარა გოგონას მისცა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უბილეთო იყო და სავარაუდოდ, მაშველი რგოლიც ამიტომ არ ჰქონდა. ლაინერი თანდათან მიიწევდა ფსკერისკენ. ისღა დამრჩენოდა, მარტო გამეცურა ნაპირისკენ. ცურვა რომ სცოდნოდა და ცოტაც გაეძლო, მაშველი მასაც მიუსწრებდა”.

კატასტროფის დროს სომეხი პროფესორი აშოტ აგარონოვიც დაიღუპა. ის და ჟორდანია ერთი ასაკის, 67 წლის იყვნენ. მოხუცმა პროფესორმა, იმ იმედით, რომ მაშველი მიუსწრებდა, არჩია თვითმფრინავში, სკამზე მიბმული დალოდებოდა ბედისწერას…

სამწუხაროდ, შუშანიამ არ იცოდა გადარჩენილი გოგონას ვინაობა. თენგიზ ბოლქვაძის მოგონებებში ვკითხულობთ: “შუშანია ამბობდა, რომ ბავშვი დაახლოებით ექვსი წლის იყო. ეკიპაჟის წევრებისგან ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ გოგონა მათთვის ჩაუბარებინათ და უთქვამთ, რომ აეროპორტში დახვდებოდნენ…”

მიუხედავად შუშანიას მონათხრობისა, ჟორდანიას დაღუპვიდან მალევე, საქართველოში გამოჩენილან სკეპტიკოსები, რომლებსაც პროფესორის გმირობაში ეჭვი შეუტანიათ. ამ ამბავთან დაკავშირებით დღემდე არსებობს მითქმა-მოთქმა. ჟორდანიას გმირობით რუსი ბლოგერიც დაინტერესდა. შეეცადა, დაედგინა, მართლა გადაარჩინა ქართველმა პროფესორმა უცნობი გოგონა, თუ ეს “საბჭოთა ზღაპარი” იყო.

არჩილ ხომასურიძე იხსენებს: – “გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთებში ჟორდანია თვითმფრინავის ბორტზე ნახა. მაშინ, 25 წლის წინ, ცოცხალი იყო სამი ქალბატონი, სამივე ცნობილი პროფესორი. მათ მიამბეს, რა გააკეთა ჟორდანიამ სიკვდილის წინ. როცა თვითმფრინავს რყევა დაუწყია, სალონში პანიკა ამტყდარა, დაბნეული ხალხი საავარიო გასასვლელს მისწყდომია. სწორედ ამ დროს ქალბატონებმა თვალი მოჰკრეს ატირებულ გოგონას, რომელსაც კამერა არ ჰქონდა და ირგვლივ მყოფთ საშველად უხმობდა… ჟორდანიამ პატარას თავისი კამერა უყოყმანოდ მისცა… იმის გამო, რომ თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, ამ ამბის შემსწრეთ უფიქრიათ, ალბათ, პროფესორი კარგად ცურავს და ამიტომაც დაუთმო რგოლი გოგონასო… მოგვიანებით გაიგეს, რომ ქართველი გმირი დაიხრჩო… იმ გოგონას ვერ მივაგენი, თუმცა, ქალბატონები იხსენებდნენ, რომ ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ტურისტად ჩამოსულა მოსკოვში და ჟორდანიას საფლავს ეძებდაო… ქალბატონებს არ ახსოვდათ მისი სახელი და გვარი…

ვინც იოსებ ჟორდანიას ცხოვრებას იცნობდა,  არასდროს შეეპარებოდა ეჭვი პროფესორის გმირობაში. ის იყო ექიმი,  რომელმაც  ქალთა  და  ბავშვთა  კეთილდღეობას  არა  მხოლოდ  მთელი  სიცოცხლე, სიკვდილიც  კი მიუძღვნა. სამწუხაროა, რომ მისი ხსოვნის შებღალვა ჯერ საქართველოში სცადეს და შემდეგ რუსებმა განაგრძეს. ვიღაცამ ვერ აიტანა, რომ მაშველი რგოლი პროფესორის გმირობის შარავანდედად იქცა…“

 

ექიმის შესახებ 

პროფესორი იოსებ ჟორდანია 1895 წელს გორში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, თედო ჟორდანიას ოჯახში,  დაიბადა. გორის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში განაგრძო. მოგვიანებით მან მეანობა-გინეკოლოგიის შესწავლა დაიწყო და კლინიკური ორდინატორი გახდა. ახალგაზრდა ქართველმა ექიმმა მალე მიაღწია წარმატებას მეზობელ ქვეყანაში. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა კუიბიშევისა და მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებს.

მისმა კარიერამ პიკს მიაღწია 1942 წელს, როდესაც იგი პოლკოვნიკის რანგში წითელი არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8000 ქალი ირიცხებოდა. ამ თანამდებობაზე ქართველი ექიმი 1947 წლამდე დარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის სულ სხვა რამ იყო მთავარი.

1958 წელს მისი თაოსნობით თბილისში დაარსდა ევროპაში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც პირველი ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გახდა. იოსებ ჟორდანიამ საფუძველი ჩაუყარა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკულ იდეებს, დასახა უშვილობასთან ბრძოლის გეგმა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში მოსახლეობის გამრავლების პრობლემის გადაწყვეტა. ამ ასპექტში გამოიკვეთა მამაკაცის უშვილობის პრობლემა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სწორედ იოსებ ჟორდანიამ ჩაუყარა საფუძველი ანდროლოგიის დარგს.

იოსებ ჟორდანია მუდამ ნოვატორული იდეებით გამოირჩეოდა, რომ აზროვნებით იგი წინ უსწრებდა მსოფლიო მედიცინას. ამას ჯერ კიდევ 1961 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ მოწმობს. ჟორდანია წერდა: “ძველი მიდის, ახალი რჩება. ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა, მაგრამ როცა შეიძლება, ჩვენი სიცოცხლე იყოს უფრო ხანგრძლივი და მდიდარი, რატომ არ შევუწყოთ ხელი ბუნებას? თუ მას ადამიანი ისე გაუჩენია, რომ 150 წელიწადი მაინც იცოცხლოს, უნდა მეთქვა –  იცხოვროს ჯან-ღონით სავსემ, იშრომოს, დრო გაატაროს… ეს, რა თქმა უნდა, მომავლის საქმეა და იქნებ არც ისე შორეული მომავლის, ჯერ კი სიბერესთან საბრძოლველად მეცნიერება სინჯავს, ეძიებს ახალ გზებს, წყვეტს დიდ და პატარა პრობლემებს… რაც შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, ის უმთავრესად ქალებს ემსახურება. უშვილობასთან, უშვილო ქორწინებასთან ბრძოლა, ქალის ახალგაზრდობის გახანგრძლივება და მოხუცებულობით გამოწვეული ცვლილებების შეჩერება – აი, რა საკითხებზე მუშაობენ ჩვენი მეცნიერი თანამშრომლები კლინიკურ და ექსპერიმენტულ ნაწილში”.

პროფესორის პიროვნებაც მოწმობს, რომ მისი გმირობის ამბავი ნამდვილად სიმართლეა. სიმართლე, რომელიც პოეტმა შესანიშნავად გადმოსცა ლექსში, “ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე”

 

I

“მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,

ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.

ჯგლეთა…ყვირილი…ჩოჩქოლი…და განწირულთა შიში

ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.

ისვრის შტურმანი ბრძანებებს… მაშველ რგოლივით ისვრის,

ჟილეტს იცვამენ… ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.

კარს აწყდებიან ზრიალით… ზღვაც იფოფრება სამტროდ,

ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.

და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,

ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.

უბილეთოა გოგონა… და უპირველეს ყოვლის,

არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.

ვიღაცამ რგოლი მოიხსნა…თავი გადადო მსხვერპლად…

და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.

II

„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,

ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით,

საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,

მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით

ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,

მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.

III

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,

ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,

არის პატარა კოლხეთიც – დიდთა რაინდთა მხარე.

მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,

ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,

და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?

თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან

მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.

მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის,

მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.

PS.

“გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი,

ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.