„უწმინდესი გვეუბნებოდა დროზე ადრე დაბრუნდებით საქართველოშიო… ვერ მოვასწარით…“
როგორც იცით „ქართული კვირა“ სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრებ ემიგრანტებს უკავშირდება. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ყველასთვის საყვარელი ცუცა კაპანაძეა, რომელიც ნიუ – იორკში ცხოვრობს. ის გვიამბობს, თუ რა ხდება იქ და როგორ ცხოვრობენ ქართველები.
„ჩვენთან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სპეციალური საბუთის გარეშე გარეთ გასვლა არ შეიძლება. მე საშვით გამოვდივარ, რომ გამაჩერონ ვაჩვენებ და გამიშვებენ. ქუჩაში პატრულირება მიდის, დაკეტილია ყველაფერი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ღიაა ავტოგასამართი სადგურები. დღეს გამოაცხადეს, რომ სამედიცინო საშუალებები პირბადეები, სველი ხელსახოცები და ა.შ დეფიციტშია და კომპანიებს თხოვდნენ დახმარებას.
მსხვერპლი დიდია, ყოველდღე იმატებს, ნიუ – იორკში 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ძნელია გააკონტროლო ამდენი ხალხი. ოთხი დღის წინ სამხედროებს თხოვეს დახმარება. შემოიყვანეს სამხედრო სამედიცინო გემი, სადაც ავადმყოფებს გადაიყვანენ, რადგან საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის. როგორც ვიცი, სამწუხაროდ, მათ შორის ერთი ქართველია, ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ახლა ავადაა.
არ შემიძლია არ ვთქვა, ძალიან მობილიზებულია გენერალური საკონსულო. როგორც კი ეს ამბები დაიწყო ყველა ინფორმაცია გაავრცელეს, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ გენერალური კონსული ქალბატონი დიანა ჟღენტი, ვიცე – კონსული ეკა ნინუა და საკონსულოს ყველა თანამშრომელი.
სისხლის ლაბორატორიები გადავსებულია, იქ ერთი ქართველი გოგო მუშაობს თამთა სამხარაძე და მან გვითხრა, რომ უფრო დიდ აფეთქებას ველოდებით ნიუ – იორკში. საშინელი პანიკაა. ხალხი ვერ გამოდის გარეთ. ერთადერთი არის, რომ… ცოტა გვეცინება ამაზე, რომ ბრაიტონზე, სადაც ძირითადად ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხი ცხოვრობს სავსეა მაღაზიები, ყველაფერი ღიაა, დადიან… მოკლედ ისევ საბჭოთა კავშირში არიან…
– და არც პანიკა იგრძნობა?
– არა, ყველა მშვიდად დადის.
– თქვენთან ბევრი ქართული რესტორანია, მაღაზიები…
– კი, ბევრია და ახლაც მუშაობენ, გვირეკავენ, გვეკითხებიან რამე ხომ არ გვჭირდება, რომ გამოგვიგზავნონ.
– თქვენ თქვით, რომ დიდი პანიკაა, რაში გამოიხატება ეს?
– ამერიკელები არ არიან მიჩვეულები სახლში ჯდომას, მათთვის ეს უჩვეულოა და რა თქმა უნდა მოქმედებს. დიდ მაღაზიებში ყველაფერი გაიყიდა… ტუალეტის ქაღალდებს, პირბადეებს საერთოდ ვერ იპოვი… ცარიელია მაღაზიები. იმხელა რიგებია, შეიძლება გაგიჟდე… როგორც გითხარით ოთხი დღის წინ სამხედროები შემოიყვანეს და პატრულირება დაიწყეს, გამოჩნდა ტანკები. ეს რომ დავინახე ოთხმოცდაათიან წლებში გადავედი მაშინვე. ვიფიქრე რა დავაშავე, საქართველოში უკვე გავიარე ეს, ამერიკაშიც თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ… ჩვენ მაინც ქართველები გამობრძმედილები ვართ, ჩვენ მძიმე პერიოდი გვაქვს გავლილი და ახლა არ ვართ დაძაბულები.
– ცუცა, ქართული კულტურის ცენტრში მუშაობთ, ბევრ ქართველთან გაქვთ ურთიერთობა, როგორ გრძნობენ ისინი თავს?
– ქართული კულტურის ცენტრი ახლა დაკეტილი გვაქვს. უკვე 3 კვირაა გაკვეთილები არ ტარდება, სამწუხაროდ ვერც ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ. ქართველების ძირითადი საზრუნავი ის იყო, რომ მოესწროთ ბავშვების თბილისში გამოშვება. რამდენიმემ მიასწრო ბოლო რეისს, მაგრამ ნაწილმა ვერ მოასწრო და ძალიან განიცდიან. სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობდი ნეტა შემეძლოს საქართველოში გაფრენათქო. ჩვენი უწმინდესი გვეუბნებოდა ჩვენ, მოვა დრო, დროზე ადრე დაბრუნდებით საქართველოშიო… ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ვერ მოვასწარით, მაგრამ მე ღმერთის იმედი მაქვს, ვლოცულობ, ეს ჩემთვის მთავარია, რწმენას არ ვკარგავ, ღმერთს არ ვშორდები და ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება.
მე მინდა თქვენი საშუალებით აქედან მოვეფერო ჩემს ქართველებს და თავს ვხრი ყველა ექიმის და იმ ადამიანის წინაშე, ვინც ასე ორგანიზებულად გააკეთა ყველაფერი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ვამაყობ თქვენით, რომ ასე პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამას. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.