რა შეზღუდვები წესდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესდება. 

„იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთაშორისო, სამგზავრო სახმელეთო, მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული სერვისები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო საიზოლაციო სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა (რაც ეხება საეკლესიო რიტუალებსაც). მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

საქართველოს სასამართლოს სხდომები შესალძლებელია, გაიმართოს დისტანციურად. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი კორონავირუსის გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მას შემდეგ, რაც შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს და დაადასტურებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.