“მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე მიუთითებს ციფრებიც” – მეცნიერი პანდემიის მიზეზებზე საუბრობს 

ცნობილი ქართველი ექიმი და მეცნიერი, გოჩა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვნელებს ეხმიანება და არსებული სიტუაციის გამომწვევი მიზეზების ანალიზს გვთავაზობს. 

“პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში ასე სწრაფად გავრცელდა კორონავირუსი და ამდენი სიკვდილი მოიტანა იქ, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, სწორედ იმ სიცოცხლითა და ბედნიერებით სავსე ქვეყნებში, რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით ყველას ხიბლავენ ამ მსოფლიოში. რაც მთავარია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა და საუკუნეების მანძილზე ბევრი განსაცდელის მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს თავის ადგილს და ამ გასაჭირსაც დაძლევენ და გაძლიერებულები გამოვლენ და ისევ ისეთი ლაღები და ბედიერები იქნებიან, როგორც აქამდე.

Gocha Shatirishvili-ს ფოტო.

ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. დღეს ამ დაავადების მიმართ საკმაოდ უსუსურები ვართ, შეშინებული ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქცინა და არც წამალი. და ეს 21 საუკუნეში, როცა ამ ვირუსის გენომი დაუყოვნებლივ იქნა გაშიფრული და თანამედროვე მედიცინას, ბიოლოგიას, ბიოინფორმატიკას უამრავი საშუალება აქვს, რომ ვირუსული დაავადების წინასწარი მოდელირება გააკეთონ, ასევე გამომდინარე ვირუსის გენომის თავისებურებებიდან განსაზღვრონ, თუ უკვე არსებულ რომელ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია იყოს ეფექტური და ბოლოს და ბოლოს ვაქცინის შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები წინასწარ გასწიონ. საქმე ისაა, რომ ამ საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. პირველიც ჩინეთში გაჩნდა და ისიც ღამურებისგან წამოვიდა, მეორე არაბეთში გაჩნდა და კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა.

რა გააკეთეს მსოფლიო ჯანდაცვის მამებმა? მისდიეს ბოლომდე ამ დაავადებებს? გადაიარა და დაივიწყეს, ისე, რომ არც ვაქცინა და არც წამალი არ შექმნილა, არადა სარსი 2003 წელს გამოჩნდა. 17 წლის მანძილზე არ იყო შესაძლებლობა ამ ვაქცინის ან წამლის დამზადება? კიდევ რომ დაბრუნდეს ან ერთი და ან მეორე? ისინი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი. მათ წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის და პრეპარატების შექმნა ბევრად გააადვილებდა ახალი დაავადების ეფექტურ მკურნალობას. მონდომება და წინდახედულობა, ალბათ ფულიც არ ეყოთ . ევროპის და ამერიკის უაზრო რეგულაციები და უძვირესი კლინიკური კვლევები სრულიად არამიმზიდველს ხდის ამგვარ ვაქცინებში ფულის დაბანდებას, თუ ზოგადად, სახელმწიფო არ მიუდგა სახელმწიფოებრივად, ანუ საშიშ და პოტენციურად პანდემიის გამომწვევი ინფექციების კვლევაში და მკურნალობის შემუშავებაში პროექტებში ფული არ ჩადო და წამლის უბიუროკრატიულესი რეგულაციები არ შეამსუბუქა, თუმცა როგორც ჩანს აქ უამრავი ლობისტური ინტერესიც მოქმედებს, რაც ხელს უშლის მცირე ზომის, ბიოტექნოლოგიური ფირმების აქტიობას, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნის საშუალებას მოგვცემდა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ბევრად მიმზიდველია ონკოპრეპარატების წარმოება, რაც პაციენტს წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდება, ვიდრე მომავლისათვის შესაძლო ძალიან საჭირო ვაქცინის და პრეპარატის შექმნა, რაშიც დიდი ალბათობით საკუთარი რამდენიმე მილიარდი უნდა დახარჯონ და სახელმწიფოს კი ეს ვაქცინა საერთოდ არ აინტერესებს. ასე ვერც ონკოლოგია ვითარდება და ვერც საშიში ინფექციები მარცხდება და მერე უამრავ ექიმსა და ექთანს და პაციენტს ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად უჯდება.

ბობოლა ჩინოვნიკები ევროპასა და აშშ-ში ახლაც გაიძახიან, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანას ერთი წელი მაინც უნდა, რომ ყველა ის ბიუროკრატიული პროცედურა გაიაროს, რაც დღეს არის დაწესებული. აქვს მსოფლიოს ამდენი დრო? და ახლაც რომ გაგვიმართლოს და მართლა ზაფხულთან რომ ერთად რომ გაქრეს ეს ვირუსი, იცით რამდენი სხვა ვირუსია საშიში პანდემიის პოტენციალით რიგში? არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოების მიდგომები და დამოკიდებულება ამ ვირუსებთან მიმართებაში, თუ მსოფლიომ მარტო ბანკირების და მილიარდერების ფინანსურ გარანტიებზე უნდა იზრუნოს? როგორც ხედავთ, ვირუსი ყველას ერთნაირად ედება, პრემიერსაც და პრეზიდენტსაც, მინისტრსაც და მდიდარსაც.

ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე ტალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა ეპლმა და მაიკროსოფტმა და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც ეპლის ფონდის და არც ბოინგის ან მერსედესის ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარსზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.

Gocha Shatirishvili-ს ფოტო.

მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი, ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორები 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.

ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს – ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება.

მეცნიერებაში ჩადებული თანხებიც შეადარეთ სპორტში დაბანდებულ თანხებს. და ძალიან გასაკვირია მერე, რომ კორონავირუსს ასე მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო?

მჯერა, უფრო მეტად კი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს მამებს ეს დღევანდელი და ხვალინდელი კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ამდენ სიცოცხლედ უჯდება, ბიზნესმენებს კი ასეულ მილიარდ დოლარად, დააფიქრებს ამ ყველაფერზე, გამოაღვიძებს და ძირეულად შეაცვლევინებს მიდგომებს და ბიუროკრატიულ რეგულაციებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით, რომელსაც ზოგჯერ პირბადეებსაც ვერ ვუშოვით, საპნის იმედად და სუნთქვის აპარატების ამარა, ყოველგვარი სტრატეგიისა და პროაქტური მოქმედებების გარეშე, მუდმივ კარანტინში ჩარჩენილები და ყოველ ახალ ვირუსს 21-ე საუკუნის შავ ჭირს დავუძახებთ შუა საუკუნეების უსუსური საზოგადოების მსგავსად” – წერს მეცნიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.