ახალი ამბები ინტერვიუ საქართველო და ქართველები სლაიდერი

წაიკითხეთ და მიხვდებით რამ გადაარჩინა საქართველო

ორი დღის წინ ფეისბუქზე ახალი ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს ‘’ გაჩნდა. ეს გვერდი, შეიძლება ითქვას, წამებში უამრავი ადამიანის ყურადღების ქვეშ   მოექცა და რაც მთავარია, ანგარიშზე, რომელიც მოხუცებულთა დასახმარებლად გამოქვეყნდა, ზუსტად დღენახევარში, დაახლოებით,  55 500 ლარი ჩაირიცხა. ეს იდეა როგორ გაჩნდა და განხორციელდა ამის შესახებ ერთ – ერთი ორგანიზატორი მარიამ თითბერიძე გვესაუბრება.

‘’ყველაფერი სუპერ ექსპრომტად დაიწყო. ასეთი მასშტაბები არ იგეგმებოდა.  ალბათ, ამ დღეებში ვინც დიდ მარკეტებში საყიდლებზე შედიოდა და ხედავდა როგორ იმარაგებდა მოსახლეობა სურსათს, არ მგონია არ დაფიქრებულიყო  იმ ხალხის ბედზე, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს და ამ ეპიდემიის დროს შეიძლება მშიერი დარჩეს. ამაზე ფიქრი სულ მაწუხებდა. მერე დაიდო ტვ1- ის სიუჟეტი, სადაც მოთხრობილი იყო, რომ კათარზისი დროებით  დეზინფექციისთვის დაიკეტა, რაღაც შეზღუდვები დაწესდა უფასო სასადილოებში, შეიცვალა საკვების გაცემის წესები, ვინ ზარალდებოდა ? – ისევ პენსიონერები და სოციალურად დაუცველები. ეს სიუჟეტი ჩემს ფეისბუქ გვერდზე გავაზიარე, ბევრი ადამიანი გამომეხმაურა, ბევრმა მათგანმა მომწერა იქნებ რამე გავაკეთოთო. შევქმენით ფეისბუქ გვერდი „დავეხმაროთ მოხუცებს“, დავამატეთ ჩვენი ახლობლები და უცბად, ამ გვერდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ჩავწერეთ ანგარიშის ნომრები და ვფიქრობდით, რომ სადღაც 5000 ლარს შევაგროვებდით და მერე შევიძენდით პროდუქტებს და კარდაკარ დავარიგებდით ჩვენი რესურსებით. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ მასშტაბებზე გავიდოდით. საოცრება მოხდა…

–  რამდენი იყო ანგარიშზე?

– ბოლოს რომ დავთვალეთ  55 500 ლარი იყო, ამის მერე ცოტ – ცოტა კიდევ დაემატა.

–  და თქვენ მიმართეთ ხალხს, რომ თანხები დროებით აღარ ჩაერიცხათ…

– დიახ, ძალიან ცოტანი ვართ, ყველას ჩვენი სამსახური გვაქვს და სამწუხაროდ, ამდენი დრო და რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ნონსტოპ რეჟიმში ვიმუშაოთ. პირველადი მიზანი რომ მოხუცებს დავხმარებოდით, ვფიქრობთ, ამ თანხით რაც შეგროვდა აბსოლუტურად საკმარისია და შესაძლებელი… ქუჩა – ქუჩა დავდიოდით, ვეძებდით გაჭირვებულ მოხუცებს, სახელმწიფო უწყებებს მივაკითხეთ, სადაც ხმა მიგვიწვდებოდა ყველას შევეხმიანეთ. ავიღეთ ბაზები ყველაზე გაჭირვებული მოხუცების, დაახლოებით 600 ადამიანია. ბაზა უკვე არსებობს და ამ ადამიანებს  დავეხმარებით.

–  რამდენი დღე დაგჭირდათ ამისთვის?

–  ფაქტობრივად დღენახევარი.

–  სახელმწიფო უწყებები როგორ გეხმარებიან?

–  ძირითადი ბაზა მათ მოგვცეს, ასევე ახლა მიდის მოლაპარაკება, რომ სპეციალური აღჭურვილობით და პროდუქტის დარიგებაში დაგვეხმარონ, სხვათა შორის  კერძო კომპანიებიც გამოგვეხმაურნენ და კიდევ, რაც მთავარია, ყველა მოხალისეობრივ საწყისებზე გვეხმარება. ჩვენ ყველაფრის გასაჯაროებას ვაპირეთ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ანგარიშვალდებულები ვართ იმ ადამიანთან , ვინც თანხა შემოგვწირა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ხალხი, კერძო კომპანია, თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი  აბსოლუტურად მოხალისეობრივ საწყისებზე, წრფელი გულით დაგვეხმარა, რომ იმ კეთილი მიზნისთვის მიგვეღწია, რაც  დავისახეთ.

მთელი ამ კამპანიის მიზანი კი ის არის, რომ ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, არასდროსაა რთული რაღაც შეცვალო, მთავარია სურვილი. ის რაც  ამ დღეებში მოხდა მინდა მაგალითი იყოს ყველასთვის და არ მინდა საზოგადოებაში ერთმანეთის დახმარების მუხტი დაიკარგოს.“

საუბრის დასასრულს მარიამს მისი და მეგობრების სურათები ვთხოვე, რაზეც მიპასუხა, რომ არავითარი მნიშვნელობა აქვს როგორ გამოიყურებიან ისინი, მთავარი ის იდეაა რის გარშემოც გაერთიანდნენ. ამიტომ ახლა მხოლოდ მათ სახელებსა და გვარებს დავწერ ვინც ამდენი ადამიანის გაერთიანება შეძლო: მარიამ თითბერიძე, მარიამ ცერცვაძე, მარიამ ჯორბენაძე და მარიამ ჩაკვეტაძე, ოთხი მარიამი, ოთხი იურისტი, ოთხი ღირსეული ადამიანი…

და ბოლოს – ახლაც იკითხავს ვინმე როგორ მოვედით აქამდე, ან როგორ გადავრჩით ქართველები?

სხვა სიახლეები

გია ყანჩელი – ”სევდის ანგელოზები”

Editor

ავიაკომპანია Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს იწყებს

Editor

საქართველო “ეგვიპტის ევროპულ საქველმოქმედო ბაზრობაში” მონაწილეობდა

Editor

1990 – 2020

Editor

რუსთაველის ფონდი ქართველოლოგიით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს 

Editor

ქართული ტურისტული კომპანია ბელარუსის ბიზნეს პრემიის ლაურეატი გახდა

Editor