ანსამბლმა “სუხიშვილებმა” უკრაინაში გასტროლები კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო შეწყვიტა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკრაინაში გამოცხადებული კარანტინის გამო ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” უკრაინაში გასტროლს წყვეტს. ასევე აღარ გაიმართება ანსამბლის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში, რომელიც  3 და 4 აპრილს იყო დაგეგმილი. 

“ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით, ანსამბლი 1 თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ 37 კონცერტი პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი.

გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო, ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდიუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში.

საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია, უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას – ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც. ასევე გაცნობებთ, რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები, რომელსაც აუცილებლად გავმართავთ უახლოეს მომავალში. ნუ მივეცემით პანიკას და მთავარია, დავიცვათ საერთო რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ნაციონალური ბალეტი სოციალური ქსელის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები