ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგებისთვის
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს,რომლის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.
კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიით მეცნიერის დაჯილდოებას. ფონდის მიერ დაწესებული პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს, ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.
პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
ა) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე, უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე, უცხოეთის მოქალაქეს, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.
კონკურსზე რეგისტრაცია 16 მარტამდე გაგრძელდება,
ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს გახდება.