„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ მოპოვებული ათი ოქროს, ექვსი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი

„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ მონაწილე ქართველმა დაჭრილ – დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში ათი ოქროს, ექვსი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა. ოქროს მედალოსნები გახდნენ ველოსპორტში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები – ალუდა სეთურიძე, ირაკლი კუჭუხიძე და ლაშა ადეიშვილი. სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს.

წარმატებული იყო შეჯიბრი ბირთვის სროლაში, რომელშიც კაპრალი თემურ დადიანი და თენგო შუბითიძე – ოქროს, მანუჩარ ნაყიშაშვილი – ვერცხლის, სანდრო ხუჯაძე კი, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი აიღეს სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სროლაშიც, რომელშიც ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში ოქროს მედალოსანი გახდა კაპრალი თემურ დადიანი (115კგ).

„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ ტრენაჟორებზე ნიჩბოსნობასა და ცურვაში.

კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“, სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ – დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნულ თამაშებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები