“თუ რამეს დავანგრევთ, მხოლოდ ისე, რომ ნგრევა შენების ტოლფასი იყოს” – დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

ჟიული შარტავა – საქართველოს პირველი ეროვნული გმირი, „დიდგორის“, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ პირველი ხარისხის ორდენების კავალერი – 7 მარტს დაიბადა. იგი იყო პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, მთავრობის სახლის აღებისას ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

როგორი საქართველოს მომხრე იყო და რა სურდა ქვეყნისათვის ეროვნულ გმირს, რომლის სახელსაც დღეს კავკასიონის ერთ – ერთი მწვერვალიც ატარებს: 

“მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე, იქნება წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვისუნარიანობა,საგარეო – პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მტკიცე და საიმედო საზღვრები, უზრუნველყოფილი ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოსი, რომელსაც კარგი დამოკიდებულება ექნება მეზობლებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან, საიმედო მოკავშირეები ეყოლება, საქართველოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია;

ისეთი საქართველოს მომხრე ვარ, რომლის ბედ-იღბალი არ იქნება ან ნაკლებად იქნება დამოკიდებული ნებისმიერ კავშირზე… ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ყველაზე მეტად განვიცდი… ვიცი, რას ნიშნავს, როცა სამშობლოს უჭირს… ვიცი, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის შიგნით ერთიანობა არ არის. ვიცი, უთავო მეთაურობის ამბავიც… ვიცი, როგორ მივდიოდით აფხაზეთის ომისკენ… ვიცი, რატომ ვერ გავერთიანდით, როცა დაპირისპირების დროსაც კი ვიცოდით, რომ ორივე მხარეს საქართველო იყო! ვიცი, ჩვენი თაობის ამბებიც… მათ, ჩემსავით ატკინეს გული. ახალგაზრდობაში დიდობა არ აღირსეს და დიდობაში ახალგაზრდობა! ყველაფერი მაინც დალაგდება… გამოცდილებას, აზროვნებას, წლებს და კაცობას ფასი მაინც დაედება!

ნუთუ აუცილებელია, კაცმა ნებისმიერი უბედურება საკუთარ თავზე გამოსცადოს, რომ შემდეგ მაინც თქვას უარი მათ გამომწვევ წინაპირობებზე? რა თქმა უნდა, არა და არა. ნუ მოვსპობთ იმასაც, რაც აუცილებელია. გვეყო ნგრევა, მხოლოდ ვაშენოთ; თუ რამეს დავანგრევთ, მხოლოდ ისე (და ასეთი რამ), რომ ნგრევა შენების ტოლფასი იყოს. დამწვარი რუსთაველის გამზირი ხომ მხოლოდ შენობები არ არის, ეს, უპირველესად, დანგრეული სულია. ყველაფერი აღდგება, მაგრამ ჭრილობა, დაღი დარჩება სამუდამოდ. ტყვიით ერთი კაცი რომ მოკვდებოდა, მთელი საქართველო შეიძრებოდა. ამ დღეებში კი რამდენი დაიკრძალა ისე, რომ წესიერად ვერც დავიტირეთ. 

გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, ყური ვუგდოთ ახალგაზრდობის სატკივარს. სასწრაფოდ უნდა შევავსოთ ის ვაკუუმი, რომელიც შეიქმნა ეკონომიკაში, კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტში. გავაგრძელოთ მდინარე ვერეს ხეობაში ჩვენი სასიქადულო მწერლისა და მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ინიციატივით დაწყებული ბავშვთა ქალაქის მშენებლობა, მოვუაროთ და ერის ინტერესებს მოვახმაროთ სხვადასხვა თაობის მრავალი წარმომადგენლის მიერ შავნაბადაზე სულ რაღაც 3-4 წელიწადში აგებული ქალაქი. რას დაემსგავსა იგი?! ნუ დავივიწყებთ ქართველთა და აფხაზთა ძმობის მემორიალს რუხში… ვაშენოთ დამოუკიდებელი, სულიერად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი, ერთიანი, განუყოფელი საქართველო. “

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები