ვინ არის ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბროს ფრანგი ავტორი და როგორ ჟღერს ქართული სიტყვები ფრანგულად
გოთიე ჰენი ფრანგი მზარეულია, რომელიც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდა და ამ დროის განმავლობაში ქართული და მეგრული ენების შესწავლა მოასწრო. თანაც ისე, რომ რამდენიმე დღის წინ წიგნი – ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასუბროც გამოუშვა.
წიგნი ონალაინ-მაღაზიებშია ხელმისაწვდომი და კომუნიკაციისათვის საჭირო მარტივ და აუცილებელ ფრაზებსა და გამოთქმებს მოიცავს. როგორც გოთიე ამბობს, მომავალში აფხაზური და სვანური ენის შესწავლასაც გეგმავს.
იგი “ქართული კვირის” მკითხველს მის პირველ შთაბეჭდილებებსა და ქართულ გამოცდილებას უზიარებს – როგორ ჟღერს ქართული სიტყვები ფრანგულად და რატომ ვერ იცნო გოთიემ ფრანგულად ამეტყველებული საქართველოს პრეზიდენტი, რა მოსწონს ყველაზე მეტად საქართველოში და როგორ იქცა “ჯონჯოლი” მის საყვარელ კერძად:
_ უპირველეს ყოვლისა, გვაინტერესებს ახლა სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ
– ახლა საფრანგეთში, ვიტრეში ჩემს ქართველ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ და ჩემი პროფესიული საქმიანობით ვარ დაკავებული – მზარეული ვარ ერთ-ერთ რესტორანში.
_ საიდან გაიგეთ საქართველოს შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ, თქვენთვის უცხო ქვეყანაში გამგზავრება?
_ მე ძალიან მიყვარს ენები და საკუთარი ძალებით ვცდილობ ხოლმე მათ შესწავლას. ერთ დღესაც საფრანგეთში ჩემს ქალაქში შევხვდი ქართველს. მაშინვე დავინტერესდი და მომინდა ამ ენის სწავლა. მისი სირთულის, უნიკალურობის, განსაკუთრებული ჟღერადობისა და, რა თქმა უნდა, ულამაზესი დამწერლობის, ასეობის ორიგინალური მოყვანილობის გამო. ამის შემდეგ საქართველოში 2017 წლის 19 იანვარს პირველად ჩამოვედი.
ადრეც მინდოდა საქართველოს ნახვა, მაგრამ მაშინ ალბათ ძალიან პატარა ვიყავი. მერე 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდა რუსეთ-საქართველოს შორის. ამ კონკრეტულმა გარემოებებმა შემიშალა ხელი და საბოლოოდ, 2017 წელს მაინც ჩამოვედი.
_ როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?
_ პირველი შთაბეჭდილება და ემოცია აღფრთოვანება იყო – თუ როგორი ლამაზია თბილის და მთელი საქართველო. მე მომწონს თუ როგორი თავისუფალია სენტიმენტები ქართველ ხალხში, როგორ თავისუფლად და დაუფარავად გამოხატავენ ემოციებს. მომწონს ხალხი, გასტრონომია, ქართული ენა და თავისუფალი ცხოველები, რომლებიც ქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არიან ქცეული. მომწონს ხელნაკეთი ნივთები და მამაცი, გამბედავი ბებოები, რომელიც ხშირად საკუთარი ხელით მოყვანილ მწვანილსა და ბოსტნეულს პირდაპირ ქუჩაში ყიდიან. მომწონს, რომ საქართველო ინარჩუნებს იმას, რაც საფრანგეთმა დაკარგა – კულტურა, ტრადიცია და ინდივიდუალურობა.
თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომწონს. ხშირად შემაწუხებელია ხმაური ქუჩებში და მე მართლა მთელი გულით ვწუხვარ ბავშვების გამო, რომლებსაც ქუჩაში მოწყალების თხოვნა უწევთ. ვწუხვარ იმაზეც, თუ როგორი ურთიერთობაა დღეს დანარჩენ საქართველოსა და აფხაზეთს შორის და რომ ამ დროის განმავლობაში ვერ გავიცანი ადამიანი აფხაზეთიდან.
_ თუმცა, ქართული გასტრონომიული კულტურა, ალბათ, ყველაზე მეტად მოგეწონათ…
_ ქართული სამზარეულო საოცარია და მე ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე მისი დაგემოვნება. როგორც ვიცი ეს კერძები ისეთივე ძველი რეცეპტით მზადდება, როგორიც ქართული ენაა. საინტერესოა ის პროდუქტები, რომელსაც ქართულ სამზარეულოში იყენებენ, მაგალითად: ქინძი, ნიგოზი, ბადრიჯანი და ბროწეული- ძალიან მომწონს ოთხივე. თუმცა, ქართული ყველი და ცომი მართლაც განსაკუთრებულია.
ზოგი კერძი ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. არასოდეს გამესინჯა ისეთი რამ, როგორიცაა, მაგალითად გირჩის მურაბა, მჟავე ნესვი ან ჯონჯოლი. აი, ჯონჯოლი კი მართლა პირველი გასინჯვით შემიყვარდა. ის, საინტერესოსთან ერთად, უბრალოდ საოცარია.
_ და მიუხედავად ამისა, არა კულინარიული კრებულის, არამედ ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო ლექსიკონის შექმნა გადაწყვიტეთ…
_ რატომ გადავწყვიტე? – უპირველეს ყ0ვლისა იმიტომ, რომ ის აქამდე არა არსებობდა, ან მე ვერ ვიპოვე. თავდაპირევლად მე უბრალოდ სია გავაკეთე იმ სიტყვების და ფრაზებისა, რომელიც თავად უნდა მესწავლა. შემდეგ კი მეგობარმა დახმარება შემომთავაზა, მე არ გამიკეთებია ეს ყველაფერი მარტოს.
_ უცხოელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართული რთული ენაა. თქვენ რამდენად გაგიჭირდათ შესწავლა?
_ რა თქმა უნდა, ქართული ძალიან რთული ენაა და ქართველებმაც კარგად ეს იციან. რამდენ უცხოელს შეუძლია ქართულის სწავლა? ან თუნდაც გამოთქმა ან წაკითხვა? კავკასიური ენები ევროპელისთვის საკმაოდ რთულია, იგი აბსოლუტურად სხვა რამაა. ორწელიწად-ნახევარი დამჭირდა იმისათვის, რომ მეთქვა – მე ქართულად ვსაუბრობ. ვიცი, ჩემი საუბარი არაა იდეალური და არც კარგი, მაგრამ მე ყველაფერი მესმის და ეს უკვე იდეალურია. ხანდახან კი ყველაფერი გაცილებით რთულადაა…
_ რომელია თქვენი ფავორიტი ქართული სიტყვები ან გამოთქმები?
რა თქმა უნდა, ეს არის სიტყვა “ბიჭო”. ისეთი სიტყვაა, ვერასდროს რომ ვერ აარიდებ თავს და ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში შეგიძლია მისი გამოყენება. ძალიან რთული იყო სიტყვა “გავფრცქვნა” გამომეთქვა – 7 თანხმოვანი ერთად – უბარლოდ სიგიჟეა. ფრანგულში არ გვაქვს სიტყვები, რომლებშიც 3 თანხმოვანზე მეტს ვიყენებთ მიჯრით.
თუმცა, ყველაზე სასაცილო და საყვარელი სიტყვა სულ სხვაა ჩემთვის – “თუშფალანგი”, რომელიც ჟღერადობით ძალიან ჰგავს ფრანგულ გამოთქმას “Touche pas l’anguille”, რაც ნიშნავს – “არ შეეხო გველთევზას”
_ როგორია თქვენი და თქვენი ქართველი მეუღლის სამომავლო გეგემები?
ჩემს მეუღლეს თბილისში შევხვდი და იქვე დავქორწინდით. ერთად ბედნიერები ვართ და სამომავლო პროექტებიც გვაქვს. გვინდა, სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაუროთ და ახალი გამოცდილებები დავაგროვოთ. მსურს, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ენა და სამზარეულო შევისწავლო…
_ დასასრულს, მოგვიყევით საინტერესო ამბავი, რაც საქართველოში გადაგხდენიათ...
_ საინტერესოზე მეტად, ალბათ, ეს ამბავი უფრო სასაცილოა. რაჭაში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სრულიად შემთხვევით შევხვდი და ის ფრანგულად გამომელაპარაკა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა, რადგან ვერ ვიცანი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის პრეზიდენტი იყო. ხომ ხედავთ, ჩემი საუკეთესო და საინტერესო ისტორიები იწყება და მთვარდება ენის აღმოჩენით…