ნიუ-იორკში დედის დღე დათო არჩვაძის სოლო-კონცერტითა და ახალი ქართული სიმღერის პრემიერით აღინიშნა 

“შენს ნანინას ვეფერები ნაფერებს” – ასე ჰქვია პოეტისა და ჟურნალისტის, ლელა ნინუას მიერ დაწერილ ლექსს, რომელზეც მუსიკოსმა დავით არჩვაძემ სიმღერა დაწერა (პრემიერა გია დავითიანის შესრულებით, ტელეკომპანია იმედის ეთერში, 3 მარტსვე შედგა).  

ქართველმა ემიგრანტებმა დედის დღე ნიუ-იორკის პირველ ქართულ რესტორან ,,ფიროსმანში” დათო არჩვაძის სოლო კონცერტით აღნიშნეს. ახალი სიმღერაც ქართველი ემიგრანტებისათვის სწორედ ამ სივრცეში აჟღერდა. 

გარდა ემიგრანტებისა, საღამოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში, დიანა ჟღენტი და ვიცე-კონსული, ეკა ნინუა ესწრებოდნენ.  

“მონატრებული საქართველო, ნოსტალგია, სიყვარული ურთიერთობები, ღირებულებები – ეს ყველაფერი ერთად იგრძნობოდა როგორც ავტორ – შემსრულებლის შემოქმედებიდან ,ასევე ,,პატარა საქართველოდან “ სივრცეში, სადაც დედებს განსაკუთრებულად ეფერებოდნენ” – აღნიშნა “ქართულ კვირასთან” საუბარში ლელა ნინუამ.

,,ჩვენი ერთად ყოფნა და ქართულ ღირებულებებზე ხშირად საუბრები, ხელოვნების ქომაგობა და მით უფრო დედების დაფასება არის ყველაზე მთავარი ცხოვრების ყველა ეტაპზე და ყველგან. მიხარია, რომ ვართ ერთად და ვმასპინძლობთ ყველასათვის უსაყვარლეს ხელოვანს, დავით არჩვაძეს. მის შემოქმედებას ვისმენთ და რაც მთავარია, ვართ ერთმანეთის იმედი და ვეფერებით დედებს “ – განაცხადა დიანა ჟღენტმა.

საღამოს უხუცესი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილი, რომელმაც მუსიკოსს თავის მიერ შესრულებული გობელენი და წიგნი უსახსოვრა.

ლუიზა ჩოჩოიამ, ემიგრანტმა აფხაზეთიდან  კი დავით არჩვაძის სიმღერა შეასრულა. ასევე, ექსპრომტად შედგა მომღერლისა და ქართველი ემიგრანტების, მზია ბეკურიშვილისა და მანანა ჩიტაურის ტანდემი.

ემიგრანტ ელზა კვარაცხელიას სიურპრიზი კი შეკრებილებს ფინალში ელოდათ –  ულამაზესი ტორტი ,,თბილისოს “ ცოცხალი შესრულებით გაიჭრა და სამომავლოდ კარგი და სასიამოვნო საღამოების გამართვის იმედი და მზადყოფნაც გამოითქვა – ყველა ერთხმად უმღეროდა მონატრებულ თბილისს.

საღამოს ორგანიზატორი ჟურნალისტი და პოეტი ლელა ნინუა გახლდათ.

 

ფოტო: მიშა ყანდარელი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები