ტორონტოში ქართული ეკლესიის დაარსების 10 წლისთავი აღნიშნეს

ტორონტოს ქართული მრევლისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვრის მამა თომა ბეკურიშვილის ძალისხმევითა და ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნა ეკლესიის დაარსების 10 წლისთავი.

ამ დღესთან დაკავშირებით, ტორონტოს ეწვია მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, რომელსაც თან ახლდნენ ნიუ ჯერსის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიასთან არსებული ცეკვის ანსამბლი “იბერიელები”, ამერიკის სხვადასხვა ქართული ეკლესიის მოძღვრები და ჩრდილოეთ ამერიკის ჩოხოსანთა სადროშოს წევრები. ამ დღისთვის ვანკუვერიდან ჩამოვიდა ვანკუვერის ქართული ეკლესიის არქიმანდრიტი მამა შიო. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ტორონტოში ჩავიდა საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.

 მეუფე საბამ ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგაც ქადაგებით მიმართა მრევლს. მან ქართული ეკლესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა სამრევლოს აქტიურ წევრებს. სიგელები ასევე გადაეცათ საქართველოს ელჩსა და საელჩოს კონსულს ნატალია კორძაიას.

 იმავე დღეს, ტორონტოსთან ახლოს, მისისაგაში, პოლონური დიასპორის კულტურის ცენტრში გაიმართა ეკლესიის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა “ივერიონი” და ნიუ-ჯერსის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიასთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა “იბერიელები”. ასევე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართველი მომღერლები შალვა მახარაშვილი, რეზო დურგლიშვილი და ირაკლი ასკანელი, რომლებმაც ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულეს. დამსწრეებს სიტყვით მიმართა ონტარიოს პროვინციის პარლამენტის წევრმა რომან ბაბერმა.

კონცერტის შემდეგ გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც ქართველმა ემიგრანტებმა წაიკითხეს ქართული ლექსები, ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე, გაიხსენეს საქართველო. ტორონტოს ქართული მართმადიდებელი ეკლესიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს საბას და ტორონტოს ქართული ეკლესიის მოძღვარს მამა თომას.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები