დერჩში მდგარი უძველესი სახლის პატარა და დიდი საქართველოს “ნაგლეჯი” ისტორია

წყალტუბოს რაიონის სოფელ დერჩში, წერეთლების კარ-მიდამოში ქვითკირით ნაგები საგვარეულო სახლი დგას, რომელიც უფროსი თაობის გადმოცემით, იმერეთის მეფე სოლომონ II-ის საზაფხულო რეზიდენციის ასლია. რეზიდენცია თერჯოლის რაიონის სოფ. ღვანკითში მდებარეობდა (XVIII ს), რომელიც, საწუხაროდ, აღარ არსებობს.

წერეთლების სახლი 1880 წელსაა აგებული. შენობის ფასადი და ზურგის მხარე ერთნაირი შუშაბანდით ყოფილა შევსებული. სახლის მშენებლები  ბერძენი ხელოსნები ყოფილან. წინაპართა გადმოცემით, სახლი მოცისფრო შუშის კრამიტს უნა დაემშვენებინა, მაგრამ საბოლოოდ ის  ყავარით გადაიხურა.

ეს სახლი განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია და გადავწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ერთი პატარა მონაკვეთი თქვენთვისაც გაგვეზიარებინა, რაშიც ელიზბარ წერეთლის შთამომავალი, რეჟისორი რეზო შალიბაშვილი დაგვეხმარება.

– “სახლს ჰქონდა და აქვს ოთხი საძინებელი და ერთი დარბაზი ოთახი. თავდაპირველი სახით შენარჩუნებულია ჩუქურთმები და ლავგარდანი, ფერადი შუშებით შემკული სარკმლის კამარები, დარბაზისა და ორი ოთახის იატაკი, სახურავის კოჭები (კონსტრუქცია. ლურსმანი არ არის გამოყენებული), კედელში ჩადგმული ღუმელი, კარ-ფანჯრების ნაწილი. სახლის დასავლეთი მხარე მეწყრის ძარღვმა დააზიანა . 60-იან წლებში მოხდა მისი გამაგრება, მაგრამ ეტყობა არასათანადოდ. შემდგომ (1991 წელს) რაჭაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამდასავლეთის მხარე (ორი ოთახი) მნიშვნელოვნად დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ წერეთლების საგვარეულო კარ-მიდამოში სოფლის ციხე-სიმაგრე დგას, რომლის ერთი კოშკის ოთხივე კედელი და ცალკე მგომი ერთი კედელია შემორჩენილი (ნაგებობა შეუსწავლელია). იგი მდ. რიონის გაღმა, სოფ. მექვენის კოშკს ხედავს. აგრეთვე, კარ-მიდამოს ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში საყდარი უნდა მდგარიყო.

– რეზო, იქნებ ცოტა რამ გვიამბოთ, როგორც იტყვიან ადგილის მამისა და კარ-მიდამოსა და სახლის მფლობელთა შესახებ…

– ეს ამბავი ბიძაჩემისგან, სიმონ წერეთლისგან (სიმონის შვილიშვილისგან) ვიცი, ის თსუ – ს პრფესორია, ბირთვული ფიზიკოსი.

დერჩის წარჩინებული თავადი თეიმურაზ ასათიანი იმერეთის დედოფალ კოჭიბროლა – თამარ გურიელის შთამომავალია, რომელიც იმერეთის მეფის, გიორგი მეოთხის მეუღლე იყო. კოჭიბროლას პირველი ქმარი იყო ოდიშის მთავარი ლიპარტიანი, რომლის გარდაცვალების შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა გიორგი მეოთხეს. კოჭიბროლას თავის პირველ მეუღლესთან, ჰყავდა ვაჟი, რომლის ნახევარძმის, მალაქიას შთამომავალია თეიმურაზ ასათიანი – მფლობელი დერჩის მიწებისა.

აღსანიშნავია, რომ კოჭიბროლა კარგი დიპლომატი იყო, ამ ნიჭის გამო მას ხშირად დიპლომატიური მისიების შესრულება უწევდა, იგი ელჩადაც კი იყო წარგზავნილი ოსმალეთში.

რაც შეეხება სახლს, კარმიდამოსა და სახლის უხუცესი დიასახლისი იყო სურათა წერეთელი (1825-1892 წ.), საიდანაც მოცემულ ადგილზე ოჯახისა და სახლის ისტორია იწყება. ხოლო ადგილზე გვარის ისტორია  სურათას მეორე მეუღლის, სამსონ სიმონის ძე წერეთლიდან იწყება.
სურათა იყო სოფელ ზნაკვის ბლაღოჩინის, გრიგოლ წერეთლის ქალიშვილი, ამასთანავე იგი იყო გრიგოლის უფროსი ვაჟის, ფილიმონ წერეთლის და, რომელიც 1919 წლამდე განაგებდა ტვერის გუბერნიას (იყო ტვერის გუბერნიის გუბერნატორი), რაც დასტურდება ტვერის მუზეუმში დაცული მონაცემებით. ფილიმონ წერეთელს მეუღლედ ჰყავდა ტვერის გუბერნიის დიდგვაროვან ლუკაჩის ქალიშვილი. ფილიმონი დაკრძალულია ტვერში, თავის მამულში.

ფილიმონს ჰყავდა ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, მათი შთამომავლობა წერეთლების გვარით პეტერბურგში გრძელდება. ფილიმონის ერთ-ერთი ვაჟი, გრიგოლი, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი ელინისტი და პაპიროლოგი იყო. 1921 წელს, იგი ივანე ჯავახიშვილის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა და ჩამოიტანა თავისი ოჯახის უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომელიც უნივერსიტეტს შესწირა და საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, იყო მისი პირველი დირექტორი.

ივანე ჯავახიშვილი გრიგოლ წერეთელს უნივერსიტეტის მშვენებას უწოდებდა, მასვე მიუძღვნა `ქართველი ერის ისტორიის 12-ტომეულიდან მეოთხე. გრიგოლ წერეთელი 1938 წელს წამებით მოკლეს (დახვრიტეს ვაკის პარკთან, ან კოჯორში. საფლავის ადგილი უცნობია). ჩაფიქრებული იყო მთაწმინდის პანთეონში ასე დაკარგულ პიროვნებათა სიმბოლური საფლავის გაკეთება, მემორიალზე საქართველოს სხვა ღირსეულ შვილებთან ერთად გრიგოლის სახელიც უნდა ყოფილიყო. მართლაც გაკეთდა ამ აზრის მატარებელი ხსოვნის საფლავი, გადაფურცლული წიგნის სახით, თითოეული ფურცელი თითო მამულიშვილის სახელს ატარებს, მაგრამ სამწუხაროდ გრიგოლი არავის გახსენებია…

გრიგოლის და ელენე წერეთელი მოღვაწეობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში და ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე იყო. მისი მეუღლე ასევე საქვეყნოდ ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბორის ტურაევი გახლდათ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ისინი ბერ –  მონაზვნებად აღიკვეცენ და საეკლესიო მოღვაწეობაში დაასრულეს სიცოცხლე.

ფილიმონ წერეთლის დის, ამ ოჯახის დიდი დიასახლისის, სურათას პირველი მეუღლე იყო დერჩის მემამულე ბრწყინვალე თავადი თეიმურაზ ასათიანი, რომლის მამულშიც შემდგომ, სურათას მეორე მეუღლიდან წერეთელი ვაჟების მიერ აშენდა აღნიშნული სახლი.

თეიმურაზთან სურათას ჰყავდა ერთი ვაჟი – გრიგოლი, იგი როგორც დიდგვაროვანი, სასწავლებლად იქნა გაგზავნილი პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში პაჟად – თანმხლებ წარჩინებულად. გრიგოლი სრულიად ახალგაზრდა დაიღუპა 1878 წელს, რუსეთ – თურქეთის ომში.

სურათა, პირველი მეუღლის, თეიმურაზ ასათიანის გარდაცვალების შემდეგ, გათხოვდა რაჭველ ჯვარისელ თავად სამსონ სიმონის ძე წერეთელზე, რომელთანაც სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა, სწორედ ამ სამი ვაჟის, ელიზბარ, გიორგი და სიმონ წერეთლების აშენებულია ზემოაღნიშნული სახლი.

აღნიშნული სახლის მშენებლობას ძირითადად განაგებდა უფროსი ძმა – ელიზბარი. იგი უძღვებოდა საოჯახო საქმეებსაც. შუათანა ძმა გიორგი, თავის ამერიკელ პარტნიორთან ერთად, იმერეთისა და ლეჩხუმის ბარიტის მოპოვებასა და მრეწველობას ხელმძღვანელობდა. აგრეთვე, ეწეოდა საექიმო მოღვაწეობას ლეჩხუმში და სწორედ იგი იყო ამ სახლის ძირითადი დამფინანსებელი. ხოლო უმცროსი ძმა, სიმონი, რომელსაც ტომსკში ჰქონდა იურიდიული განათლება მიღებული, დერჩში საოჯახო საქმით იყო დაკავებული. გადმოცემით მას შესანიშნავი თარგმნები ჰქონდა გაკეთებული ალექსანდრე პუშკინის ლექსებისა.

სიმონ წერეთელი იყო დერჩის საშუალო სკოლის დამფუძნებელი (1910-1912 წ.წ.). მან ეს სკოლა თავისსავე ნაკვეთზე ააშენა და სოფელს აჩუქა. სამწუხაროდ, ეს მშვენიერი სკოლა 1970-იანი წლების ბოლოს საფუძვლიანად დაანგრიეს. სიმონს, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკები დევნიდნენ, რის დროსაც იგი გაცივდა და 1919 წელს გარდაიცვალა.

როგორც საღად მოაზროვნე ოჯახი, ჩართული იყო ეროვნულ მოძრაობაში. სიმონის მეუღლე ქსენია პოხომის ასული ასათიანი-წერეთლისა, 1921 წელს გასაბჭოების საწინააღმდეგო ქმედებისათვის სამი თვე ციხეში იჯდა (მისი ლიკვიდაცია რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალეს ბოლშევიკებმა).

– წერეთლების ამ გამორჩეულ ოჯახს, ალბათ, ბევრი ცნობილი პიროვნება სტუმრობდა…

– 1906 წელს პეტერბურგიდან თავის დას საგანგებოდ ეწვია ტვერის გუბერნატორი ფილიმონ წერეთელი. 1917 და 21 წლებში პეტერბურგიდან სტუმრობდა სურათას ძმიშვილი გრიგოლ წერეთელი, რომელმაც ამ სახლსა და ეზოს საგანგებო ლექსი უძღვნა. სურათას დის შვილზე, ბაბი ასათიანზე იქორწინა ცნობილმა ფრანგმა აგრონომმა ემილ ფერდინანდ ჟანმა, რომელიც აშილ მიურატს (დადიანების სიძეს, სალომე დადიანის ქმარს) ჩამოჰყვა საქართველოში. ჟანმა პირველმა გამოიყენა დერჩში ვენახის მავნებლის, ფილოქსერას საწინააღმდეგო შეწამვლის მეთოდი. იგი სოფელში მისდევდა მევენახეობას. ამ დამსახურებისათვის კომუნისტებმა ცოლ-ქმარი ციმბირში გადაასახლეს. სამამულო ომის შემდეგ, აკადემიკოსმა მათე მირიანაშვილმა მოახერხა მათი დერჩში დაბრუნება, სადაც არიან დაკრძალულნი.

ოჯახს სტუმრობდა ცნობილი აგრონომი ერმილე ნაკაშიძე, რომლის დედის ძმა იყო ექვთიმე თაყაიშვილი. ოჯახის სიძე გახლდათ საქართველოში გეოლოგიური სკოლის მამამთავარი და ფუძემდებელი აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე. სურათას დის შვილი, ქართული სამთო სკოლის მამამთავარი, აკადემიკოსი გრიგოლ წულუკიძე. ოჯახის ახლო ნათესავი, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი დესპინე (ცუცუნია) გელოვანი, ფსევდონიმი – ბანოვანი, ავტორი რომანისა `შორეული ლანდები~. ცნობილი გეოლოგი, აკადემიკოსი, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი გიორგი ძოწენიძე. თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე. ცნობილი ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის ერთ – ერთი დამაარსებელი, აკადემიკოსი გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი. იგი ოჯახთან ახლო ნათესაური კავშირის გამო სიცოცხლის ბოლომდე ყოველწლიურად სტუმრობდა წერეთლების ოჯახს. ოჯახის ახლო ნათესავი ძმები ახვლედიანები, ლომერი – ცნობილი კინოოპერატორი, ლენინური პრემიის ლაურეატი და ერლომი – ცნობილი მწერალი და სცენარისტი. ოჯახის ახლო ნათესავი ცნობილი ფიზიკოსი ძმები მირიანაშვილები, აკადემიკოსი მათე და პროფესორი გიგა. ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი გელა ბანძელაძე. ოჯახს სტუმრობდნენ ცნობილი მეცნიერები: აკადემიკოსი თენგის სანაძე, პროფესორები – რაფიელ ჩიქოვანი, ჯაბა ჩაღვინაძე, თორნიკე ეფრემიძე.
ოჯახის სიძე, ცნობილი პალეობიოლოგი, აკადემიკოსი ლეო გაბუნია. ოჯახის ახლო ნათესავები, ცნობილი ფსიქიატრი ლილი ნაკაშიძე, ცნობილი ჟურნალისტი და მთარგმნელი, კოჯორთან იუნკერების თანამებრძოლი შამშე ასათიანი.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, ოჯახის რძლის, ქსენია ასათიანის და გიორგი ახვლედიანის ბებიის, ფოტინე ჩიქოვანის სტუმრობა. იგი იყო საქართველოში პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელიც ქუთაისში, ბალახვანში წარმატებით ეპაექრა ცნობილ მოჭადრაკე ანდრია დადიანს (ყაიმი) და გრიგოლ დადიანს (მოგება). ამ ფოტინე ჩიქოვანის ნაქონი ჭადრაკი მისმა შვილიშვილმა, გიორგი ახვლედიანმა 1962 წელს საჩუქრად გადასცა ჩვენს სახელოვან მსოფლიო ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს. ოჯახს ასევე სტუმრობდა საქვეყნოდ ცნობილი თამადა ტუფუნია იაშვილი, პაოლო იაშვილის ძმა.

– ოჯახს, ალბათ, ბევრი რელიქვიური მასალა გააჩნია…
– რა თქმა უნდა, ოჯახს გააჩნია გარკვეული რელიქვიური მასალა, ფოტო-სურათები, ხელნაწერები. მათ შორისაა ერთი ფოტო. როდესაც აკაკი წერეთელი მოგზაურობდა რაჭა-ლეჩხუმში, სოფელ მექვენაში სიმონ წერეთელი თავის პატარა ძმიშვილ თამართან ერთად შეხვდა დიდ მგოსანს. თამარმა აკაკის მისი ლექსი წაუკითხა, აკაკიმ კი სამახსოვრო სურათი გადაიღო ელიზბარ წერეთლის ასულთან. თამარი ჩემი ბებია იყო.

– რეზო სახლი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული… რა კეთდება, რომ ნაგებობა შენარჩუნდეს?

– კულტურის სამინისტროს ბევრი სხვა ხარჯი აქვს გასაწევი. გვითხრეს გამაგრების და აღდგენის პროექტს გაგიკეთებთო და შუამდგომლობასაც გაგიწევთო. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვაჩვენებს. შეიძლება ნაგებობამ შესძლოს კიდეც დალოდება… არ გეგონოთ, რომ შთამომავლები არ ზრუნავენ…”

 

მოამზადა რუსუდან ვარძიაშვილმა

 

 

 

 

შთამომავლები
შთამომავლები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები