”ჰოლი მართლაც უმშვენიერესი გოგო დადგა…” – ფოცხვერის ისტორია ზოოპარკიდან

ვინ იხსნა ადიდებული მდინარიდან კნუტი და როგორ აღმოჩნდა ეს კნუტი ფოცხვერი – ამის შესახებ გიამბობთ დღეს ამ წერილში, რომელიც ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

‘’ფოცხვერსაც რომ არ გააგდებენ გარეთ, იმგვარი ამინდი იყო ერთ დღეს ლაგოდეხში, როდესაც რეინჯერმა მდინარის მოტაცებული გალუმპული კნუტი შენიშნა. სასწრაფოდ წამოიყვანა და რომ გააშრო, პატარა ფოცხვერი შერჩა ხელში. მაშინვე ჩვენთან აფრინეს სარეაბილიტაციოდ. არავის ეგონა, რომ იმ უსუსური, დასუსტებული კნუტიდან ასეთი დიდებული კატა დადგებოდა, თუმცა ვეტექიმებისა და მომვლელების დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო.

სწორედ ამ ფოცხვერზე – ჰოლიზე გიამბობთ დღეს. . ფუმფულა, ლამაზი, კოპწია ფუნჯებით ყურებზე… მანამ, სანამ ახალ ზოოპარკში ლომების ოჯახი გადაბარგდება, დედოფლის როლი ჰოლის აქვს მორგებული და ღირსეულადაც იფერებს ამ სტატუსს. ამაყად მართავს თავის პატარა სამეფოს. დღისით მზის სხივებს ეფიცხება, ღამ – ღამობით კი ვარსკვლავებს ეთამაშება. როგორია დედოფლის სადილი? ალბათ სამეფო სუფრის ხსენებაზე დაბრაწული ქათმებითა და შემწვარ – მოხრაკულებით დახუნძლულ, ვერცხლის ზიზინა დანა – ჩანგლებითა და ლანგრებით გაწყობილ მაგიდას წარმოვიდგენთ, თუმცა ნურას უკაცრავად. დედოფალი კია, მაგრამ მაინც ფოცხვერია ჩვენი ჰოლი. ამიტომაც, გაზულუქება და გამოსკდომა არას არგებს. ცოტა უნდა იხტუნაოს, იძრომიალოს, იფორთხიალოს და ისე მოიპოვოს საკვები. რაც უფრო მეტს იმოძრავებს, ფორმასაც შეინარჩუნებს და ჯანმრთელობასაც’’ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები