ნათია როსტიაშვილის “ა პუნქტსა და ბე პუნქტს შორის ჩაკეცილ-შემალული” სამყარო და გოგონა, რომელიც სუნთქვებს აგროვებს…

სიყვარულს თარიღებს ვერ უწესებს – ვერც დასაწყისის და მით უფრო, ვერ დასასრულისას. სწორედ ამიტომ არ ახსოვს, როგორ შემოვიდა მის ცხოვრებაში ლიტერატურის სიყვარული ან თავად როგორ აღმოჩნდა ლიტერატურაში. ალბათ, სულ იქ იყო – ბავშვობაში თამაშის ნაცვლად, უკვე გაზრდილი კი ჭურჭლის რეცხვისას იგონებდა ამბებს და გამოგონილი ფურცელზე გადაჰქონდა. 

წლების განმავლობაში ნაგროვები ფურცლები ორი წიგნად აიკინძა და მკითხველმა  “ჭაღის ანგელოზი” და “სუნთქვის შემგროვებელი” გაიცნო, მიიღო და შეიყვარა ისევე, როგორც მათი ავტორი.  ყველაზე მეტადაც სწორედ ეს ახარებს – უბრალო ადამიანების გულწრფელი და თბილი გზავნილები, რომლებმაც მისი მოთხრობებიდან საფიქრალი უნდა წამოიყოლონ – კითხვები და არა პასუხები. 

“იქნებ ასეთი სახალხო გულწრფელობა და საკუთარი თავის სარჩულზე ამოტრიალება არცაა საჭირო, მაგრამ სხვაგვარად რა აზრი აქვს ინტერვიუს?” – თავად პასუხობს მის მიერვე დასმულ რიტორიკულ კითხვას და “ქართული კვირის” მკითხველს პატარა სარკმელს უღებს თავის დიდ და მრავალფეროვან სულიერ სამყაროში.

_ როდიდან დაიწყო თქვენი სიყვარული ლიტერატურისადმი და როგორ აღმოჩნდით მწერლობაში?

_ ერთხელ გიომ (ჩემმა შვილმა), მითხრა, დე, მე უფრო მეტად მიყვარხარო, დავიბადე თუ არა – იმ წამიდანო. საკუთარი არგუმენტით ძალიან კმაყოფილი დარჩა. რაკი სიცოცხლის დაწყების პირველივე წამზე მონიშნა ჩემდამი სიყვარული, ე.ი. ჩვენს „მე უფრო“-ების შეჯიბრში გაიმარჯვა, მაგრამ არც მე გამოვდექი ჯაბანი და ჩემი „მე უფრო“-ს არგუმენტირებულად გასამყარებლად ვუთხარი, მე კიდევ – სანამ დაიბადებოდი, მუცელში ყოფნისასვე მიყვარდი-მეთქი და რომ მეგონა, „მოვუგე“, ასეთი რაღაც თქვა: შენ ჯერ რომ არ იცოდი, ორსულად რომ იყავი, მე უკვე მიყვარდი მაშინო. ჰოდა, სიყვარულის ხსენებაზე უცებ ეს დიალოგი გამახსენდა. ფრიად რთული ამბავია (ან, უბრალოდ მე არ გამომდის) სიყვარულს კონკრეტულ დროსა და სივრცეში მოვუნიშნო ათვლის წერტილი. სულ ერთია, ეს სიყვარული რას, ან ვის ეხება.

ზოგადად, ამბების გამოგონება ძალიან პატარამ დავიწყე. და-ძმა არ მყავდა და რაკი ჩემს ბავშვობაში არც ინტერნეტი იყო, არც ეზოში „წრეში ბურთის“ სათამაშოდ ჩასვლა მხიბლავდა (რომც ჩავსულიყავი, ნებისმიერი სიძლიერის მოთამაშე ბურთის პირველივე მოქნევაზე მჭრიდა მე ბეჩავს), ვიჯექი სახლში და საკუთარ თავს თვითონვე ვირთობდი გამოგონებული ამბებით და პერსონაჟებით. ეს საქმე გაცილებით კარგად გამომდიოდა, ვიდრე ჩემთვის დამიზნებული ბურთის აცილება.

მწერლობაზე არასდროს მიოცნებია. ამბების გამოგონება და მოგვიანებით – ამ გამოგონილის ფურცელზე გადატანა სასიამოვნო, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივ, ბუნებრივ საქმიანობად მიმაჩნდა.

ძალიან გვიან, დაახლოებით 7-8 წლის წინ დავიწყე ჩემი ნოველების ლიტ.საიტზე გამოქვეყნება, ლიტ.კონკურსში მონაწილეობაც გავბედე მოთხრობით „28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ“, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო შვიდეულში მოხვდა და ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ დაიბეჭდა. შემდეგი ნოველა „ლიტერატურულმა გაზეთმა“ დამიბეჭდა, მერე – ჟურნალმა „ჩვენი მწერლობა“, მალე კონკურს „წეროს“ გამარჯვებულიც გავხდი… გამომცემლობა „პალიტრა ელმა“ წიგნის გამოცემა შემომთავაზა და დაიბეჭდა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული „ჭაღის ანგელოზი“. წიგნის შემდეგაც იყო პატარ-პატარა თუ დიდ-დიდი სიხარულები: გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში, „ხვარამზეზე,“ „ას სიტყვაში,“ „ოდეონში“ და კიდევ რამდენიმე კონკურსში გამარჯვება. პროექტ „ცოცხალი წიგნებით“ მთელი საქართველოს შემოვლა, უძვირფასესი საჩუქრები – წერილები მკითხველებისგან…

სამი წლის წინ კი გამომცემლობა „ინტელექტმა“ ჩემი მეორე წიგნი „სუნთქვის შემგროვებელი“ გამოსცა.

ისე კი, როგორც წესი, ნამდვილი, ემოციური ამბები ამ მშრალ ჩამონათვლებსა და სიებს მიღმა, ა პუნქტსა და ბე პუნქტს შორის რჩება ჩაკეცილ-შემალული. აი, მაგალითად, ჩამოთვლილ წარმატებულ ამბებთან ხომ თითქოს ეს რა მოსატანია, მაგრამ თუკი სიხარულისას გავიხსენებ, ესაა – წლების წინ ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებისგან მიღებული უბრალო მესიჯები: „ნათია, ახალი მოთხრობა არ დაგიწერია? გადმოგზავნე რედაქციაში“

ალბათ იმიტომ, რომ არავინ, საერთოდ არავინ მიცნობდა ე.წ. ლიტერატურულ წრეებში, ერთ „რიგით“ მწერალსაც არ ვიცნობდი პირადად, არათუ „მხარზე ვარსკვლავებიან“ ლიტერატორებს. მხოლოდ საკუთარი ტექსტების იმედად ვიყავი და ამიტომაც ამ რამდენიმესიტყვიან წერილებზე მეტად არაფერი მახარებდა.

_  „სუნთქვის შემგროვებელზე“  მოგვიყევით …

_ „სუნთქვის შემგროვებელი“, გამომცელობა „ინტელექტმა“ გამოსცა. წიგნი პრემია „ლიტერას“ ნომინანტი გახდა პროზის ნომინაციაში. კრებული ათ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოთხრობას აერთიანებს.

_ რატომ დაარქვით კრებულს ასე?

_ „სუნთქვის შემგროვებელი“ კრებულში შემავალი ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. მოთხრობას მკითხველი კონკურს „წეროდან“ იცნობს, სადაც მოთხრობას მეორე პრემია და კულტურის სამინისტროს სპეციალური პრიზი მიაკუთნეს. ესაა ამბავი გოგოზე, რომელსაც უცნაური ნიჭი აღმოაჩნდა, გაბერილი ბუშტიდან ჰაერს ისუნთქავს და იმ ადამიანის თავს გადამხდარი ამბებისა თუ შეგრძნებების გაშიფრვა შეუძლია, ვისი ამოსუნთქული ჰაერიცაა ბუშტში. სულ პირველად, გარდაცვლილი დედის სუნთქვის „წაკითხვას“ შეძლებს…

როცა კი მკითხველთან შეხვედრაზე წამიკითხავს აქედან ნაწყვეტი, შეხვედრის შემდეგ ყოველთვის მოსულან თვალცრემლიანი ადამიანები და უთქვამთ, რომ მოთხრობამ მათზე ძალიან იმოქმედა და არასდროს დაავიწყდებათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩავთვალე, რომ სამართლიანი იქნებოდა, წიგნისთვის სწორედ ამ მოთხრობის სათაური დამერქმია.

_ კრებულში ერთ-ერთი მოთხრობა ემიგრანტის შესახებაა. რატომ გადაწყვიტეთ ეს თემა თქვენს შემოქმედებაში აგესახათ ?

_  ჩემთვის ადამიანში მიმდინარე ამბები (ფიქრი, ემოცია, უხილავ ბეწვის ხიდზე გადარბენით გულის ამოვარდნა) გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ის ხილული ამბები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან. ბედის ნებიერა, გაზულუქებული ადამიანის შიგნით ბევრი არაფერია საძებნ-საპოვნელი. გარეთ აქვთ იმათ მზერის ანკესები გადმოქაჩული. მე კიდევ შიგნით, საკუთარ თავში ფიქრის ბადეგაშლილი ადამიანები მიყვარს, იმ ბადეში გაბმული ამბების გამობლანდვა. მოთხრობის გმირი, თავადაც ემიგრანტი სესილი მისთვის უცხო ქვეყნის ემიგრანტს დაუმეგობრდება: უცნაური ურთიერთობა ჩამოყალიბდება: სესილი თავის ენაზე უყვება თავის სადარდებელს, მარკი – თავის ენაზე. ერთმანეთის არ ესმით, შესაბამისად, არც ის იციან, რომ ერთ საერთო ამბავში ცხოვრობენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით საუკეთესო მეგობრები იყვნენ. როცა ემიგრანტი ხარ, შენი ცხოვრება სხვა სიხშირეზეა მომართული. ჩვეულებრივი კრიტერიუმები აღარ გერგება და ეს შენი ბადეებით სავსე ცხოვრებაც ჩვეულებრივზე უფრო რთულია, თუმცა გაცილებით საინტერესოც, ვიდრე „გარეთ ანკესგამოდებულებული“ ადამიანებისა.

_ ვინ არის აბრეშუმის ნია?

_ აბრეშუმის ნია „სუნთქვის შემგროვებელში“ შესული ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟია. ესაა ქალია, ვინც სიყვარულის და მზრუნველობის სახელით სახლში გამოკეტეს. ვისაც ფუნქციები ჩამოართვეს, ვინც ვერ რეალიზდა, ვინც უბრალოდ ოთახის დეკორაციად მოიაზრეს. მოთხრობაში ნიას, როგორც სახლის კუთხეში მიდგმულ და მივიწყებულ ნივთს – მტვერი დაედო. მტვერი ხელშესახებია, დღითიდღე მატულობს და თავზარს სცემს მასაც, მის ქმარ სიმონსაც. ახლა ხომ ყველას ეს ფრაზა აკერია პირზე და აჰა, მეც ვამბობ პირველად – სიუჟეტის მოყოლით აღარ „დაგასპოილერებთ“. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო ბატონ როსტომ ჩხეიძის გამოხმაურება. მართალია, ცოტა მოსარიდებელი საქმე კია შენზე ნათქვამი სიტყვის გამომზეურება, მაგრამ გარდა იმისა, რომ შეფასება ისედაც ღია იყო, – ანუ იმთავითვე გამომზეურებული, – ყოველთვის სჯობს ტექსტზე თავად ავტორმა კი არა, ლიტ.მცოდნემ, ლიტ.კრიტიკოსმა ისაუბროს. ჰოდა, აჰა, იყოს აქაც ბატონი როსტომის სიტყვები: „ჯერ მარტო იმიტომ ღირს „ლიტერატურული საქართველოს“ ამ ნომრის გაცნობა, ეს ნოველაც რომ არის დაბეჭდილი: „აბრეშუმის ნია“ – მოხდენილ იუმორთან ერთად მწვავე დრამატიზმიც რომ იჭრება და გროტესკული თხრობა მარჯვედ მიგნებული ეფექტური ფინალით გვირგვინდება.“

_  როგორ გამოხატავთ საკუთარ თავს თქვენს შემოქმედებაში?

_ ვწერ. სულ ესაა.

_ „რის თქმა სურს ავტორს“ ?

_ ღმერთმა უწყის! – ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, რისი თქმაც სურს ავტორს, ამას თავის ტექსტით ამბობს და ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ თუ ჰაერში გამოეკიდება კითხვა, რის თქმა სურდა ამით, ესე იგი, ან ავტორმა ვერ ივარგა, ან მკითხველმა. ზოგადად, იმაზე ფიქრი, თუ რის თქმა სურდა ავტორს, უმადური საქმე მგონია. ზოგჯერ კატა უბრალოდ კატაა და არა ბნელეთის მოციქულთა სიმბოლო ან რამე ამდაგვარი. ერთი-ორჯერ, ინტერნეტში, მეც გადავაწყდი ჩემი ნოველების განხილვას, „დასაბუთებულ“ მსჯელობას: ამ პერსონაჟს ეს რომ ათქმევინა, ამით სურდა ეს ქვეტექსტი ამოგვეკითხა“ და მისთანები, წამით დავფიქრდი კიდეც, ეგებ მართლა ამიტომ „ვათქმევინე ეს, რომ…“ არადა არაფერი, ამბავია, ცხოვრებაა. რეალური ცხოვრებაც ხომ სავსეა სიმბოლოებით, მინიშნებებითაც, არც მთლად უღმერთობაა და ეგებ, ბედისწერისაც გვჯერა, მაგრამ ხომ არ ვზივართ და გამუდმებით იმას ხომ არ ვუკირკიტებთ, რის თქმა უნდოდათ იქ, ზემოთ, ჩვენი გაჩენით. არც მთლად უამფიქრობაა, მაგრამ უნდა ადგე, შენი წილი სიცოცხლე შენ როგორც ჩათვლი, ისე იცხოვრო. უნდა ადგე, წაიკითხო და „რაც არ უნდა სურდეს ავტორს,“ შენ შენი წილი საფიქრალი წამოიყოლო წაკითხულიდან.

_ როგორია თქვენი სამუშაო პროცესი და ყოველდღიურობა?

_ ჩვეულებრივი. იმდენად ჩვეულებრივი, რომ „სამუშაო პროცესს“ ვერც ვარქმევ. არ მაქვს წერისთვის გამოყოფილი კონკრეტული დრო და კონკრეტული ადგილი. არც ცალკე ოთახი მაქვს საწერად, არც სამუშაო კუთხე ან მაგიდა. საკუთარი ლეპტოპიც კი არ მაქვს. არც სიჩუმე მჭირდება, არც მუზების ლოდინი და არც ცალწარბაწევით სათქმელი ტექსტი: „არ იხმაუროთ, ვმუშაობ!“ ჩვეულებრივი ამბავია: ვფიქრობ – ვივსები, ვწერ – ვიცლები. მერე ისევ თავთან. ერთგვარი ძრავაა, მექანიზმია ცხოვრება რომ ერთ წერტილში არ გაჩერდეს და ვიარო, ვიმოძრავო. ისეც ხდება, ეს მექანიზმი წყობიდან გამოდის. ან მეტად ივსები და დაცლის ტემპს ვერ უხამებ ადამიანი, ან დაცლას გადაწყვეტ და – სიცარიელე გხვდება. ასეთ დროს ვჩერდები და ყველაზე საშინელი ასატანი ვხდები საკუთარი თავისთვის. ლამის ერთი ჩემი მოთხრობის პერსონაჟივით ძვლებზე ჟანგის მოდებასაც კი ვგრძნობ. არ მიყვარს ასეთი ჩემი თავი. განა გაუცხოვებაა საკუთარ თავთან, არა, პირიქით. თითქოს ისევ იმ ვიწრო ბუდეში ვბრუნდები, საიდანაც საწყისი ჩემი თავი ვიყავი, სადაც ჩემს დარდებთან, შიშებთან, სიმფრთხალესთან ერთად ვეტეოდი და როდის-როდის თავი დავიფრთიანე, გამბედაობა ვიმყოფინე გარეთ გამოსასკდომად. თითქოს ისევ იქ ვბრუნდები და თავიდანაა ყველა ომი დასაწყები. ეს ომი მხოლოდ საკუთარ თავის ხვიარებისგან გამოთავისუფლებისაა და არა ცაში აჭრის.

წერისთვის ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ ფიქრისთვის განსაკუთრებული მოცლა არ მჭირდება. ჩემი მოთხრობების სიუჟეტების დიდი ნაწილი ჭურჭლის რეცხვისასაა მოფიქრებული. შესანიშნავი საქმიანობაა. თან რეცხავ, საჭირო, სავალდებულო, მაგრამ უინტერესო საქმეს აკეთებ და თან ამ ყველაფერს ჰარმონიულად უხამებ ამბის გამოგონებას, ანუ არასავალდებულო, მაგრამ საინტერესო საქმეს. შედეგად კიდევ – გადაკეტავ ონკანს, შეიმშრალებ ხელებს და ჭურჭელიც გარეცხილია, სიუჟეტიც მოფიქრებული. აი, ასეთი მარტივი სქემაა და თუკი ჩავუღრმავდებით „რა სურს ავტორს“, დავასკვნით, რომ ჭურჭლის რეცხვა იმიტომ, რომ გონების სტრესისგან გათავისუფლებაზეა მინიშება. არადა, უბრალო, პროზაული საქმეა, არანაირი მეტაფორები.

გაუზვიადებლად შემიძლია ვთქვა, რომ განუწყვეტლივ ვფიქრობ. ნებისმიერი საქმის კეთებისას, ქუჩაში სიარულისას… ამის გამო ხშირად დაბნეული ადამიანის შთაბეჭდილებასაც ვტოვებ. მაგალითად, შეიძლება ქუჩაში მივდიოდე და ფიქრმა ისე შემიყოლოს, უცებ რომ გამაჩერონ და მკითხონ, რომელი საათია, რამდენიმე წამი დამჭირდეს რეალობაში დასაბრუნებლად და ამ მარტივი კითხვის გასააზრებლად.

ისეც ხდება, მომხდარი და ნაფიქრ-წარმოდგენილი ამბებიც გაითქვიფებიან ხოლმე ერთმანეთში და ამათი გამობლანდვა-გამორჩევისთვისაც ძალიან მცირე, მაგრამ მაინც დრო გჭირდება ადამიანს.

ერთხელ, საღამოს, ბათუ დანელიას წიგნის პრეზენტაციიდან ვბრუნდებოდი და შიშისგან მუხლებაკანკალებული ჩავედი მიწისქვეშა გადასასვლში, უნივერსიტეტთან. გამახსენდა, რომ ადრე აქ, ნინია სადღობელაშვილის წიგნის პრეზენტაციიდან დაბრუნებულს, შავცილინდრიან-ლაბადიან-თვალ-წარბიანი ბანდიტ-მძარცველი დამხვდა. ხალხის ჭაჭანება არც მაშინ იყო. ჰოდა, აქოშინებულმა ამოვირბინე თუ არა ეს ამოსასვლელი, კიდეც გამახსენდა, რომ მაშინ ამ მძარცველის ამბავი თვითონ შეთხზა ჩემმა მშიშარა წარმოსახვამ და ისე ნათლად დამანახა, რომ აგერ ამდენი ხნის მერეც უცებ ნამდვილივით ამომაკრა თვალებქვეშ.

ხან იმასაც ვფიქრობ, იქნებ ასეთი სახალხო გულწრფელობა და საკუთარი თავის სარჩულზე ამოტრიალება არცაა საჭირო, მაგრამ სხვაგვარად რა აზრი აქვს ინტერვიუს?

ჰო, ყოველდღიურობის ერთი ნაწილიც გამოიკვეთა ამასობაში: ჭურჭელი, წერა, ლიტერატურული საღამოები. და კიდევ კარგი, ამ რუტინული ამბების გადაბმის ღრიჭოებში ხან ქედანი შემოჯდება აივანზე, რომელიც მტრედი გეგონება, ხან შენი ბიჭი გეტყვის ასეთ ფრაზას: „დე, რამე ისეთი მოწყობილობა არ არსებობს, რაც ცუდი მოხდა, ის რომ დაავიწყოს ადამიანს?“ ხან, დილა უთენია, ლექსის აკვიატებული ფრაზა აგიხდება, ხან გვიან ღამე, სანახავ სიზმარს წინდაწინ დაიზეპირებ და ჩაებმევა რუტინის ამბებს, ააფერად-აახმაურებს და რაღაც ნიშანს დასვამს, სადღეისოს, რომ გუშინდელისგან და ხვალინდელისგან გამოარჩიოს.

_ წერისთვის განსაკუთრებული ინსპირაცია გჭირდებათ?

_ ინსპირაცია „ხან მიწისაა, ხან ცისა“. უჩვეულო სიზმრიდან გადმოყოლილი ემოციაც გამომდგომია და ქუჩაში, გარემოვაჭრის მონოტონურად გამეორებული სრულიად ბანალური ფრაზაც.

_ როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხართ, ახლახან კი დეკორატიული ბალიშების კეთებაც დაიწყეთ- როგორ ათავსებთ ერთმანეთთან სამ საქმიანობას?

_ ჟურნალისტიკას, რამდენიმე წელია, ჩამოვშორდი. დეკორატიული ბალიშების ამბავს  ძალიან შემოქმედებითად ვუდგები, ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. „ნათის ნართი“ დავარქვი და ამბების თხზვის პარალელურად, სიამოვნებით „ვართავ“ ბალიშ-პერსონაჟებსაც. კერვის საქმეში გამოცდილებმა მირჩიეს, ფიგურა(მათთვის)-პერსონაჟების(ჩემთვის) თარგები ვიქონიო და შეკვეთისას დროს და ენერგიას დავზოგავ, ამ თარგით გამოვჭრი, მაგრამ ჩემი ახირებაა, ყოველი ახალი პერსონაჟის შექმნისთვის თავიდან გავზომო (ასჯერ) და გა(მო)ვჭრა (ერთხელ), რომ თითოეულ პერსონაჟს თავისი, საკუთარი ხასიათი ჰქონდეს, თავის თავი იყოს და არა წინამორბედის კლონი. მე მჯერა ენერგეტიკის ძალის და ზუსტად ვიცი, ჩემი დამოკიდებულებით მადლიერი პერსონაჟები ჩემგან გაღებულ დადებით აურას სულ სიხარულით მიაფრიალებენ ახალ პატრონებთან. „ნათის ნართის“ მომხმარებლის უმრავლესობამ არაფერი იცის დიზაინერ ნათისა და მწერალ ნათის ერთნათიობაზე, მაგრამ არაერთს მოუწერია, რომ ამ ბალიშებს „საკუთარი ხასიათი აქვთ“, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. ზოგადად, მიყვარს, სიტყვების გარდა, უტყვი მასალითაც მოვყვე ამბავს, „ავალაპარაკო.“ ჩემმა ფეისბუქ მეგობრებმა იციან, რომ ერთი პერიოდი კულინარიული ამბავთთხრობით ვიყავი გატაცებული, კულინარიული მასალით ვქმნიდი პერსონაჟებს, მაგრამ ამ პერიოდმა ჩაიარა. ბალიშების ამბავი სხვაგვარადაა. „ჩავლამდე“ ბევრი იდეა მაქვს განსახორციელებელი, ბევრი უჩვეულო ამბავი მოსაყოლი, ან – ბევრი ამბავი – უჩვეულო ფორმით მოსაყოლი.

_ რას უნდა ელოდეს მკითხველი ნათია როსტიაშვილისგან?

 სტილის მხრივ, ამ წყობის შეკითხვას პასუხად მოუხდებოდა: „კარგს არაფერს“ (ძველად, ასეთ დროს ფრჩხილებში მიაწერდნენ ხოლმე: „იცინის. – ავტ.შენიშ.“) მაგრამ სტილს ხომ ვერ ვანაცვალებთ სიმართლეს, რეალობას და ჭეშმარიტებას? ვერა. ჰოდა, ვიტყვი, რომ იმედია, წელს შევძლებ იქითა საქართველოზე, საზღვარს იქით დარჩენილ ჩემს მშობლიურ ჰერეთზე, საინგილოზე დაწერილი ამბების თავმოყრას და წიგნად აკინძვას. ეს იქნება სხვანაირი წიგნი, ჩემი წინა წიგნებისგან განსხვავებული. უფრო ფესვმაგარი, უფრო დიდი ხნის ნათმენ-ნაგროვები. წარსულ-აწმყოს, სიზმარ-ცხადზე გავლებული საზღვრის და საერთოდ, ყველა იმ სამანის ამხსნელი, რასაც ზოგჯერ მხოლოდ სიტყვა თუ მოერევა, სიტყვაღა თუ მოარღვევს და მოშლის – სულის მოსათქმელად.

 თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.