თათია ქეის საუცხოო ხმა, ამერიკული ცხოვრება და სხვა სულიერი სიხშირე სამშობლოსგან შორს

თათია ხაბურძანია, დღეს მუსიკალურ სამყაროში ცნობილი, როგორც თათია ქეი, დიდი ხნის წინ წავიდა საქართველოდან, თუმცა წასვლამდეც მოასწრო ბევრს დამახსოვრებოდა მისი სახელი და გვარი თავისი მუსიკალურობით, ცოცხალი ხასიათითა და ღიმილიანი სახით, შესრულების გამორჩეული მანერით და არავის გაჰკვირვებია, რომ მან ასეთ წარმატებას მიაღწია. თათიას შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. 

–   თათია, საქართველოში წარმატებული იყავი, კარგად მღეროდი და მაინც გადაწყვიტე წასვლა, რატომ?

– საქართველოში, იმ მომენტში, ვერ დავინახე პროფესიული ზრდის პოტენციალი. შემეშინდა არ გავმხდარიყავი ბანალური და ერთ – ერთი, ყველას მსგავსი ესტრადის წარმომადგენელი. მე არ მიოცნებია პოპულარობაზე. მუსიკა ჩემთვის თვითგამოხატვის და თვით შემეცნების ფორმაა. საზღვარებს გარეთ მიღებული  გამოცდილება, თუნდაც არა მუსიკალური, ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდა ჩემი სულიერი განვითარებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით, რაც მოგვიანებით ჩემს მუსიკაში აისახა.

–  როდის და სად წახვედი?

– მე 2007 წელს, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრებისთანავე,  გავემგზავრე გერმანიაში, მეუღლესთან ერთად, რომელიც იმ მომენტში იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მუსიკის სფეროში. გერმანიაში ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე ერთ – ერთი გერმანული ლეიბლისგან… მაგრამ მომიწევდა იქ დარჩენა, მე კი გული ამერიკისკენ მიმიწევდა, ამიტომ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და ნიუ – იორკში გავემგზავრეთ.

– შეგიძლია გაიხსენო პირველი დღეები და წლები უცხო ქვეყანაში?

– გერმანიაში კონცერტები მქონდა რამდენიმე ქალაქში, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ყველაფერი შეიცვალა. რთული წლები გავიარე და ვფიქრობ ამ გამოწვევებმა უკეთესობისკენ შემცვალა, როგორც პიროვნულად , ასევე პროფესიულად.

– თათია გვარი შეიცვალე, ასე უფრო იოლი იყო დამკვიდრება?

– კი, ქეი ჩემი სასცენო გვარია, ეს ბევრად უფრო აადვილებს მუსიკალურ ცხოვრებას და სოციუმში ინტეგრირებას.

– მღერი და საკმაოდ წარმატებულად, გვიამბე შენი შემოქმედების შესახებ…

– ნიუ – იორკში ცხოვრების პერიოდში ვცდილობდი მეპოვნა საკუთარი თავი მუსიკალურად, დავიწყე მუსიკის წერა, ეს ბუნებრივად და დაუგეგმავად მოხდა… ვისწავლე ხმის ინჟინირება და ჩავწერე არაერთი  სიმღერა, როგორც ჩემი საკუთარი, ასევე ჩემი ქმრის, რომელიც ასევე წერს მუსიკას. ორი თვის წინ ფლორიდაში გადმოვედით და აქ განვაგრძეთ მოღვაწეობა. მუსიკის წერის გარდა ბევრი საღამოები მაქვს, “გიგ”-ები და კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. ვცხოვრობ მუსიკით და ეს არის ჩემი შემოსავლის წყაროც.

– თათია ქართულად თუ მღერი და მოსწონთ თუ არა?

– არა, ქართულად არ ვმღერი, არასდროს ვმღეროდი… რატომღაც ასე მოხდა, ბავშვობიდან ჩემი მუსიკალური თვითგამოხატვის ფორმა ლინგვისტურად არ დაუკავშირდა ქართულ ენას. ემოციური კავშირი მხოლოდ ინგლისურ ენასთან მაქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას. მიუხედავად ამისა ძალიან მომწონს და მიყვარს ქართული მუსიკის გარკვეული მხარე, ნაწილი და სიამოვნებით ვუსმენ სხვების შესრულებას.

– როგორ ფიქრობ, ამ სამყაროში რით გამოირჩევი სხვებისგან?

– თვითმყოფადობით, იმით რომ არავის ვგავარ. ალბათ ესაა რასაც ყველაზე ხშირად მეუბნებიან. მე არ ვიცი როგორ ვმღერი, არასდროს მიფიქრია ამაზე. ვმღერი ისე, როგორც ვგრძნობ და როგორც გული და ემოცია მკარნახობს. მთავარია იყო მართალი, ნამდვილი და სიყალბე არ შეგეპაროს  სიმღერის, დაკვრის და მუსიკის წერის პროცესში.

– აქამდე ვიცოდი, რომ მღეროდი და თურმე ხატავ კიდეც….

– დიახ… ძალიან დილეტანტურად… ყოველთვის ვხატავდი და ეს მეხმარებოდა შემოქმედებითი განწყობის გამოწვევაში, ინსპირაციაში და თვით თერაპიაში. ხატვა არაჩვეულებრივი პროცესია, ზოგადად, როცა არაფრისგან რაღაცას ქმნი, შექმნის პროცესი მეტაფიზიკური პროცესია, სხვა სულიერ სიხშირეზე ყოფნაა.

– რამდენად ხშირად ახერხებ ახლობლების ნახვას?

– არც ისე ხშირად როგორც ვისურვებდი. წინასწარ შედგენილი მაქვს სამუშაო გრაფიკი, ამის გამო წელიწადში ერთხელ, 3-4 კვირით ვახერხებ ხოლმე საქართველოში ჩასვლას.

– ყოველთვის ამბობენ, რომ ემიგრანტებს ყველაზე მეტად ნოსტალგია აწუხებთ, შენს შემთხვევაშიც ასეა?

– მუდმივ ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტისთვის ნოსტალგია ბუნებრივია… თუმცა თავიდან იმდენად არ მქონდა, წლების მერე, რაც ასაკი მომემატა უფრო მეტად და ძლიერად ვიგრძენი ეს. განსაკუთრებულად საქართველოში ყოფნისას ვგრძნობ ამას.. გამორჩეულად მენატრება ხოლმე თბილისი, ქალაქი სადაც დავიბადე და გავიზარდე ჩემთვის ძალიან ძვირფასია…

– ახლა უფრო კარგად შეგიძლია ახსნა რა არის მონატრება და სამშობლო?

– რა თქმა უნდა, სამშობლოს ცნებამ სხვა დატვირთვა და ფასეულობა შეიძინა. თუმცა, აქ, ამერიკაში მე სახლში ვარ. ეს ჩემი მეორე სამშობლოა. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, სოციალურად და კულტურულად ბოლომდე ინტეგრირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ქართული სულის ნაწილი, ქართული ენერგეტიკა, ჩემში არსებობს და ცოცხლობს უცვლელად და მუდმივად.

– როგორია სამომავლო გეგმები ?

– მე ფლორიდაში ვცხოვრობ და არ ვაპირებ სხვაგან ცხოვრებას, ძალიან მომწონს აქ და თუ შემოქმედებითი ზრდის პერსპექტივა გამომიჩნდა სხვა შტატში, ვიფიქრებ გადასვლაზე, თუმცა ახლა აქ ყველაფერი მომწონს: ამინდი, ოკეანე, ულამაზესი პლაჟები, მუსიკალური სცენა, ხალხი, მართლაც სამოთხეა…

– თათია ფიქრობ დაბრუნებას, თუ შენს მომავალს მხოლოდ მანდ ხედავ?

– სამწუხაროდ ახლა მგონია, რომ საქართველოში ვერ ვიცხოვრებ, შეიძლება ჩემი მშობლების მონატრების გამო ჩამოვიდე ერთი თვით და დარწმუნებული ვარ შემოქმედებითად ძალიან ბევრ და საინტერესო რამეს გავაკეთებ, საქართველოში ძალიან ბევრი უმაგრესი მუსიკოსია, რომელთანაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემი შვილი აქ დაიბადა და იზრდება, მისი მომავლისთვის სჯობს  აქ ვიცხოვრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები