ხელოვნების სასახლე ემა ლალაევა – ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

28 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ემა ლალაევა – ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ფერწერული ნამუშევარი.

მხატვარი  ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში დაიბადა. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928 წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან და გადაწყვიტა გადასულიყო მოსკოვში, დეკორატიულ განყოფილებაზე, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და თბილისში დარჩა.

1938 წელს, მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს ემა ლალაევა – ედიბერიძე მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ.

იგი საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში. ერთდროულად მუშაობდა, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ – დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს. შემოქმედებით ფსევდონიმად  სახელი “ლალი” აირჩია და ძირითადად ასე აწერდა ხელს ნამუშევრებს. მას სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.

გამოფენა  12 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.