დიასპორული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართავად ერთიანდებიან
“მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ემიგრაცია მაქსიმალურად გააქტიურდეს და საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს,” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ნიუ-იორკში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ასოციაცია „თვისტომის“ დამფუძნებელმა, ნიკა ჩხეიძემ განაცხადა.
ასოციაცია “თვისტომის” თავმჯდომარემ, ნიკა ჩხეიძემ საზოგადოებას ახალი კოალიციის კონცეფცია -“ძლიერი სათვისტომო – ძლიერი საქართველო” წარუდგინა.
ამ კონცეფციაში მოცემულია კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ჩართოს სახელმწიფომ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან დიასპორების გასაძლიერებლად.
დიასპორების წარმომადგენლებმა კოალიციის კონცეფცია პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც განიხილეს – “შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი გვქონდა გატანილი, მათ შორის გაერთიანებული დიასპორული ორგანიზაციების შეთავაზებეები ხელისუფლებისადმი”- აღნიშნა ნიკა ჩხეიძემ.
დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ გეგმავენ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან კოლაბორაციას და თუ ემიგრაცია გადაწყვეტს, რომ უშუალოდ უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ემიგრაციისა და ქვეყნის სასიკეთოდ.
მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას, დიასპრული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება იმ საკითხებზეც გაამახვილეს, რომლებიც დღემდე პრობლემური რჩება ქართული ემიგრაციისათვის. როგორც დიასპორის სახლის წარმომადგენელმა იტალიაში, მანანა ჯინჭარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვისა და სამართლებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობა კვლავაც აქტუალურია და სახელმწიფომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა როგორც ემიგრანტთა რეპატრიაციის, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათი გაძლიერების კუთხით.
“ჩვენ არ მოვსულვართ მზა სცენარით, ჩვენ მოვედით მზად და ღიად სამუშაო პროცესისათვის” – განაცხადა ნიკა ჩხეიძემ.