“ღმერთს ვთხოვ დრო არ გამეპაროს” – უცხოეთში აღიარებული ქართველი ემიგრანტის “მოგებული ომი”

დღეს გვინდა მომღერალი, მსახიობი, ქორეოგრაფი… კარგი ქართველი და უბრალოდ კარგი ადამიანი –  მაია სასწრაფოშილი, იგივე მაია იორელი ზალატაია გაგაცნოთ როგორც პიროვნება და არა როგორც შემოქმედი, რადგან მის შემოქმედებაზე ბევრი დაწერილა და ნებისმიერს შეუძლია მოისმინოს და ნახოს ინტერნეტში განთავსებული მასალა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ – კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ავსტრიის რესპუბლიკამ მას ევროპის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და იგი ერთადერთი ქართველია, ვინც ამ სტატუსს ატარებს. მაია შეყვანილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი ქალების წიგნში მე-19 საუკუნიდან დღემდე. იგი არის ”Astro – Georgisches Theater” პრეზიდენტი ვენაში. მან 18 წლის უკან, ქალაქ ვენაში საფუძველი ჩაუყარა და  ქართული საეკლესიო გუნდი დააარსა.

მაიას  მიენიჭა ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალის ტიტული. არსებობს მისი სახელობის ცენტრი და ფონდი… 

–  მაია, რატომ აირჩიეთ იორელი ფსევდონიმად?

–  მე არ ამირჩევია. ბატონმა ოტია იოსელიანმა შემარქვა. ერთხელ მან თავისი წიგნი მაჩუქა, რომელსაც დააწერა: ‘’ქალბატონ მაკო იორელს. თუ  ბრძოლა არსებობაა, შენ ძლიერი, ხმალშემართული მებრძოლი ხარ და ყოველნაირ წარმატების ღირსი…’’.  ჯერ გამიკვირდა იორელი საიდან. ოტია იოსელიანმა თქვა აღელვებული იორივითააო და ასე დამარქვა იორელი. წიგნებს ყოველთვის აწერდა: ქალბატონ მაია იორელს  (ფრჩხილებში წერდა) სასწრაფოშვილს. რაც შეეხება ზალატაიას –  ბავშვობაში ყველას ვეხმარებოდი და მაშინ შემარქვეს ეს სახელი.

–  თქვენთან საუბრისას პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ ძლიერ ადამიანს ვესაუბრებოდი, ლიდერს, თქვენც ასე თვლით?

–  პირდაპირ გიპასუხებთ, რასაც ვფიქრობ. კი  ძლიერი ვარ. ხანდახან, როცა ჩავიმუხლებ და ცუდ ხასიათზე ვარ და ჩემს ბიოგრაფიას გადავხედავ, ვფიქრობ, ამდენი როგორ მოვასწარი, მაგრამ ბავშვობიდან სულ ასეთი მოძრავი ვიყავი, სულ რაღაცას ვსწავლობდი, ვაკეთებდი, 8 დიპლომი მაქვს… ხანდახან ვიღლები, ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები – მაკო არ გაქვს დაღლის უფლება, იმიტომ, რომ ცხოვრება ძალიან მალე მთავრდება, ადექი ფეხზე… მე განა იმიტომ ვაკეთებ, ან ვსწავლობ რაიმეს, რომ კიდევ ერთი პუნქტი შევიდეს  ჩემს ბიოგრაფიაში, არამედ იმიტომ, რომ მჭირდება. თუ რამეს აკეთებ ცხოვრებაში, პროფესიონალურად უნდა გააკეთო. არ უნდა შეგრცხვეს შენი გაკეთებულის,  იმიტომ, რომ იმ ერთი წუთით,  რომელსაც შენზე ხარჯავს საზოგადოება  კმაყოფილი უნდა იყოს, იმან შენგან რაღაც უნდა წაიღოს. ეს ერთი წუთი მისთვის ღირებული უნდა იყოს. მე სამი შვილიშვილი მყავს და მინდა, რომ მათ მომბაძონ და მოასწრონ ყველაფერი. 24 საათი ძალიან ცოტაა და ძალიან მალე გადის. კი ძლიერი ვარ – მე ვარ ჩემი თავის პატრონიც, მე უნდა გავამხნეო ჩემი თავი, მე უნდა გადავიტანო ცრემლებიც. რაც შეეხება ლიდერობას, როგორც ჩემი თავის მიმართ, ისე სხვის მიმართაც  მომთხოვნი ვარ. მაგრამ უფრო რბილი. ვხედავ თუ რამეს აკეთებს, ვუფასებ თითოეულ წუთს. ყველას რაღაცა მისია გვაქვს, მე იმიტომ ვარ ასე აჩქარებული, რომ  ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, მე ვთვლი, რომ ჯერ ღირებული ადამიანებისთვის და კაცობრიობისთვის არაფერი შემიქმნია. ჯერ ვერ მოვიფიქრე ისეთი რაღაც, ბევრი ადამიანი რომ გავხადო ბედნიერი.

–  ყოველთვის კარგია ასეთი სიძლიერე?

–  როგორ გითხრათ, პირადი ცხოვრებისთვის არა… მამაკაცებს არ უჩნდებათ სურვილი ვიყო მათი მეგობარი, პირდაპირ ცოლობას მთავაზობენ, მაგრამ იმდენად ძლიერი ვარ, რომ ისინი სუსტდებიან, ჩემი ბრალია, ალბათ ჩემთან არ უნდა იყვნენ, ისინი ვიღაცის ფონზე უფრო ძლიერები გახდებიან, სხვა ქალთან უფრო გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი, ჩემთან სუსტდებიან, მე ‘’ვაფუჭებ’’ და ამიტომ მივდივარ… იმიტომ, რომ მე მათთვის მინუსი უფრო ვარ, ვიდრე პლიუსი, ჩემ გამო ყრიან ფარ-ხმალს და ეშვებიან, მაგრამ მაინც ჩემს გარშემო რჩებიან და ვმეგობრობთ…

–  როგორ ფიქრობთ,  იღბლიანი ხართ? 

–  კი, იღბლიანი ვარ. როგორ გითხრა – აი, მწვერვალზე რომ ავიდე და ერთი ფეხი ჰაერში მქონდეს და ხრამში ჩასავარდნად ვიყო გამზადებული, მიწა კი არ გამიჩნდება ფეხქვეშ, ხალიჩა მოფრინდება და სულ ფრიალ – ფრიალით წამიყვანს. ჩემს გარშემო სულ საოცრებები ხდება და აღარავის უკვირს ეს. ამისთვის დიდება ღმერთს, დიდება გალაქტიკას, მსოფლიოს და იმ კეთილ ხალხს, რომლებიც მზერით მიგზავნიან სიკეთეს, ლოცვას. კეთილი და უანგარო ადამიანები ქმნიან სიკეთეს და იღბალს. ხომ იცი, ადამიანი რასაც გასცემს, იმას მოიმკის. ადამიანი შინაგანად უნდა იყოს კეთილი. ქუჩაში რომ მიდიხარ, იქ შემხვედრის უნდა გტკიოდეს, იმ ადამიანს ხორციელად უნდა გრძნობდე. შენა ხარ ის ადამიანი… ეს არ ისწავლება…

–  მაია, წითური ხართ. ამბობენ წითურები ფსიქოანალიზს არ ექვემდებარებიანო.  არის რამე თქვენში  მისტიკური?

–  არ ვიცი, ალბათ… ეს გამჩენმა უფრო იცის… მე სიკვდილს ვიცნობ… გჯერა?  სიკვდილი 42 – 43 წლის ძალიან სიმპათიური, მაღალი მამაკაცია, ძალიან კეთილი. უბრალოდ ვინც ვერ უფრთხილდება თავის სიცოცხლეს და ძალიან ზედაპირულად უყურებს, ან უდიერად ექცევა მას ის მიჰყავს, ის არის გამცილებელი. იცით, ის არ წყვეტს ვინ უნდა წავიდეს, ამას ჩვენ ვწყვეტთ. და კიდევ, არ ვიცი ეს მისტიკაა, თუ არა, მაგრამ  სადმე რომ მივფრინავ, ვიწყებ სახლის გენერალურ დალაგებას, სულ მგონია, რომ აღარასდროს დავბრუნდები და მინდა, რომ ჩემებს ყველაფერი წესრიგში დავუტოვო. გენერალურ დალაგებას ვამთავრებ წყლით და ძმრით, იმიტომ, რომ მგონია ძმარი და წყალი აურას ასუფთავებს. ყველამ იცის, თუ სახლში ძმრის სუნია ე.ი. ყველაფერი გაჩერდა და რაღაცა თავიდან უნდა დავძრა.

–  რატომ გაქვთ შეგრძნება, რომ არ დაბრუნდებით, თუ ეს რიტუალია?

–  მე დედა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა. თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თეთრი წყაროს რაიონის კულტურის და განათლების ცენტრის დირექტორად დამნიშნეს. მანქანა მემსახურებოდა და ხომ წარმოგიდგენიათ  იმ დროს ეს რას ნიშნავდა. დედა შეუძლოდ შეიქნა, მელანომა აღმოაჩნდა და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. მე ჩემი სამსახური დავთმე, ვისწავლე ნემსის გაკეთება, ჭრილობის დამუშავება. დედას წელიწად-ნახევარი ვუვლიდი, დარწმუნებული ვიყავი გადარჩებოდა, მე გადავარჩენდი და ძალიან დიდი შოკი მქონდა რომ ვერ გადავარჩინე. ერთხელ სიკვდილამდე მითხრა – დედიკო დავიღალე და წასვლა მინდაო და შენ დიდი მადლობა, არ მეგონა თუ ამდენს შეძლებდიო. ბავშვობიდან სახლის საქმეს არ მაკეთებინებდნენ, მარტო ვმღეროდი, ვუკრავდი. ძალიან მსუქანი ვიყავი, ჭორფლიანი, დიდი ღიპით, დიდი ტაკუცუნებით, ძალიან სასაცილო პუტკუნა და მრგვალი, მაგრამ კომპლექსი არ მქონდა, ბიჭებთან ვმეგობრობდი, დავრბოდი, ყველას ქომაგი ვიყავი და ვერავინ წარმოიდგენდა, ამდენს თუ შევძლებდი.

–  დედა რომ გარდაიცვალა, სამი წელი ძალიან ცუდად ვიყავი, მისი სახით დიდი მეგობარი დავკარგე. მაშინ მივხვდი, რომ არავინ ვიცით, ვის როდის და რა გველოდება. სულ მინდა, რომ ჩემებს, ჩემს შვილიშვილებს, ვისაც ოჯახში ვტოვებ, სახლში ყველაფერი ჩემი დალაგებული დახვდეთ, როგორც ბოლო დღეს და ძალიან მსიამოვნებს, რომ ვბრუნდები იმ ჩემს ბოლო დღეში, მაგრამ ძალიან ვიღლები, მე მგონი უკვე ნამეტანი მომდის, არ ვიცი…

–  მიუხედავად სიძლიერისა, თქვენ  აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალი ხართ და ბუნებრივია, თქვენც გაქვთ ისეთი მომენტები, როდესაც იწყენთ. დარწმუნებული ვარ, თქვენთან ყოფნა ყველას უყვარს, მაგრამ როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, მაშინ ვინ არის თქვენთან?

–  მაშინ მარტო ვარ. გარბიან, იმიტომ, რომ  ჩუმად ვარ.  რჩება ის, ვისაც ძალიან ვუყვარვარ და არასდროს მითქვამს მათთვის და ვთვლი, რომ ისინი გმირები არიან, იმიტომ, რომ მაგ დროს ჩემი ატანა საკმაოდ რთულია.

–  მაია, დაახლოებით 18 წელია წასული ხართ, რამე შეიცვალა თქვენში ამ წლების განმავლობაში?

–  როცა ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელია და არ აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი, გამორიცხულია შეიცვალოს, ქართული ხალიჩა სად უნდა დააგდო, რომელ ქვეყანაში და რომელ გალაქტიკაში, რომ ის შეიცვალოს, ქართულ ხელით მოქსოვილ ხალიჩას ფასი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ პირვანდელ სახეს შევუნარჩუნებთ, მაშინ იქნება ღირებული. თუ მას ფოჩებს და მძივებს გაუკეთებ, მისი ფასი ნული იქნება. ასეა ადამიანიც, მაგრამ თუ შენ არასრულფასოვნების კომპლექსი გაწუხებს,  შენთვის დიდი პატივია საზღვარგარეთ ცხოვრება. მე ბედნიერი ვარ, რომ ისევ ისეთი ვარ, როგორიც მანდ, საქართველოში ვიყავი.

 –  და მიუხედავად ბედნიერებისა და წარმატებისა, მაინც ემიგრანტი გქვიათ…

–  როდესაც მიდიხარ, რომ სიცოცხლე გადაარჩინო, სიცოცხლე… სამწუხაროდ…. თქვენ არ იცით, ემიგრაცია საშინელებაა… მე ახლა ნიუ – იორკში ვიმყოფები და ვუყურებ, რა საშინლად შრომობენ ადამიანები. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ განსხვავდება ევროპელი – ავსტრიელი, შვეიცარიელი, ბულგარელი, გერმანელი, ბელგიელი და ჰოლანდიელი (ეს უფრო მსუბუქია) იტალიელი, ბერძენი და ამერიკელი ემიგრანტისგან. ეს არის კატასტროფა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შრომობენ ქალები და კაცები. ენით ვერ გადმოგცემთ. ეს არის სისხლით მოპოვებული ფული, რომელიც არ იჭმება. თქვენ გგონიათ კარგად არიან? გარეთ კი ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, სახსრები კი აქვთ, მაგრამ რის ფასად? ჯანმრთელობა არ აქვთ, ენერგია არ აქვთ, ვერ გამოდიან, რომ კონცერტზე მოვიდნენ, იმიტომ, რომ იმ ერთი დღის ფული საქართველოში უნდა გააგზავნონ. ემიგრაცია არის საშინელება. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ცხოვრობ, თან უცხო ქვეყანაში, ენა უნდა ისწავლო. ვერ გითქვამს და ვერ გიტირია შენს ენაზე. ემიგრაციაზე დიდი უბედურება დედამიწაზე არ არსებობს. ეს ბრძოლის ველია, თანაც ბრძოლის ველი სხვის ტერიტორიაზე.  ათჯერ და ასჯერ მეტი ძალა გჭირდება, რომ მოიგო, რომ დაწინაურდე, აქ ყველა გმირია. მართალია, ყველას თავისი ბრძოლის წესები აქვს, ზოგი თაღლითობს, ზოგი თავს იკლავს იმდენს მუშაობს და არაფერი ჩანს მისი, მაგრამ მაინც ყველა მაგარია, ვერცერთი გადაწონის მეორეს. ხანდახან ზოგიერთი მათგანი ვეღარ უძლებს და ერთმანეთში კონფლიქტი მოსდით, ზოგი დიდი ხნის მანძილზე მუშაობს და წინ ვერ მიდის, ზოგს ამისთვის ძალიან ცოტა დრო სჭირდება და ეს ცოტა შურს იწვევს…

–  მსგავსი რამ თქვენც გიგრძნიათ?

–  ძალიან იშვიათად, მაგრამ ყოფილა. ოღონდ ამერიკაში. ევროპაში მე ბევრ ადამიანს დავუდექი გვერდით და სრულიად უანგაროდ. ვთვლი, რომ ეს ჩვეულებრივი საქციელია და შექება არ მჭირდება. მაშინ, როდესაც შენ გაქვს ხელფასი, მაშინ, როდესაც შენ გაქვს პურის ფული,  წინ სხვა უნდა გაუშვა. ეს არ არის გმირობა. ამერიკაში რომ ჩავედი, მეგონა, დამხვდებოდა ის ხალხი, რომელიც მანამდე გავიცანი და მეგონა გვერდით დამიდგებოდა, მაგრამ ბევრი დაპირების მიუხედავად, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი მინახავს… იცით ვინ მოვიდა ჩემთან? – ვისაც არ ვიცნობდი. აი მანდ ვიგრძენი… ზოგიერთს კონკურენციის შეეშინდა. ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველია, უზარმაზარი არმიაა ჯანმრთელი ემიგრანტების, რასაც ღირსეული ემიგრაცია ჰქვია, ხალხი, რომელიც ძლიერი იყო და რომლებმაც მოიგეს ბრძოლა, არც ფსიქიკა დაუზიანდათ, არც შური შეეპარათ, სხვებსაც ეხმარებიან და თავის საქმეც წინ წაწიეს, ღირსეულად წარმოაჩინეს ყველაფერი და მე ვამაყობ მათით.

–  მაია, როგორ ფიქრობთ, საქართველოზე მეტად უცხოეთში ხომ არ გიცნობენ?

–  მე მგონი, კი. მართალი ხართ. მე  ევროპაში რომ არ ჩავსულიყავი, ვერასდროს გავიგებდი, ვინ ვარ. ევროპამ პირველივე წელს მომცა საპატიო მოქალაქის წოდება და სულ მეუბნებოდნენ, რომ ხარ განსაკუთრებული, უნიკალური. მე მეცინებოდა და მიკვირდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მთელი საქართველო ჩემზე უკეთესია… მერე სამ-ოთხ წელიწადში დავიწყე შედარება, უფრო სწორად რა გამოიკვეთა იცით, ხალხის დიდი პროცენტი ინიღბება, თამაშობს, რომ ვითომ ბედნიერია, ლამაზია, წარმატებული, ვითომ ძალიან კარგი დღე ჰქონდა, სულ თამაშობენ და ამ თამაშში არიან გადაღლილნი და ეს იგრძნობა, იმიტომ რომ იმ თამაშის უკან ტკივილი იმალება. მე არასდროს ვთამაშობ და იცი რატომ? ბავშვობიდან არ მიყვარდა გადატანითი მნიშვნელობით თამაში… რომ ვარ ლამაზი… მე მართლა ვთამაშობდი, დავრბოდი, სირბილში ვეჯიბრებოდი, მუხლები სულ გადაყვლეფილი მქონდა, იმიტომ, რომ მსუქანი ვიყავი, ვერ დავრბოდი, ხშირად ვეცემოდი და ვტიროდი, დედა მეტყოდა ხოლმე, ხომ იცი,  უნდა დავარდე და მოეშვიო, მაგრამ მე მაინც მივრბოდი იმ იმედით, რომ კიდევ მივასწრებდი და გავიმარჯვებდი. ახლაც ამ რეჟიმში ვარ, უნდა გავასწრო და მივასწრო.

–  რაც არ უნდა გააკეთოთ, რაც არ უნდა კარგად იყოთ, მაინც უცხოეთში ხართ, როდისმე აქ დაბრუნდებით საცხოვრებლად?

–  აუცილებლად, ჩათვალეთ, რომ დაბრუნებული ვარ… ღმერთს ვთხოვ, რომ დრო არ გამეპაროს, ჩემს გულში ჩადებულ, ჩემს ტკივილს გეუბნები – ძალიან მინდა დადგეს ის დღე, რომ მე ვთქვა: მაკო, ახლა შეიძლება, შენ დაისვენე, მინდა მივხვდე, რომ სხვებისთვის აღარ ვარ საჭირო და მოდი ახლა მაკო და წადი და დაისვენე, დაჯექი წყნარად შენს ეზოში, მშვიდად, მიიღე შენი მეგობრები, სტუმრები, ჩაი დალიეთ კაკლის მურაბით, ნაკვერჩხალში კარტოფილი ჩაყარეთ, მწვადი შეწვით, ვაიმე რა კარგია ეს სუნი… კარგი გიტარა… არ ვიცი თუ დადგება ეს დრო, ნეტა დრო არ გამეპაროს…

შეიძლება დღეს  მე კონცერტი ჩავატარო, მაგრამ ხვალ რა იქნება ჩემს ცხოვრებაში, არავინ იცის, მეც იგივე ემიგრანტი ვარ, ზოგი რას ვაკეთებთ, ზოგი რას, არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს, რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველას უნდა დაბრუნება. იცით როგორი გადაღლილები არიან?! კი, ცდილობენ რომ არ გამოაჩინონ მაგრამ…  სამწუხაროდ, ზოგჯერ, ნათესავებს და ოჯახის წევრებს აღარ უნდათ, რომ ისინი დაბრუნდნენ, იმიტომ რომ  კომფორტულად არიან,  სახლებში სხედან და თანხები მისდით. საქართველოში უნდა შევცვალოთ რაღაცა. ემიგრაცია ელიტარული ქართველები არიან, შრომას მიჩვეული, კანონმორჩილები, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ისინი და ამ ხალხით, ამ კონტინგენტით, ამ ერთი, თუ ორი მილიონით, უნდა ჩამოაყალიბოს ნამდვილი საქართველო, ეს არის ყველაზე დიდი ბერკეტი და ყველაზე დიდი ძალა, რითაც საქართველო წინ წაიწევს და დადგება ფეხზე. ამ კანონმორჩილ და ფინანსურად ძლიერ ხალხს რომ სამსახურები და თანამდებობები მივცეთ, ესენი მანდ დარჩენილ ხალხს აამოძრავებენ, ყველაფერს კანონის ფარგლებში ჩააყენებენ და  ახალ საქართველოს შექმნიან. კარგია, საქართველოში ამდენი თანხები რომ შემოედინება, მაგრამ რამე თუ არ მოვიმოქმედეთ გადავჯიშდებით ხალხო. საქართველო აღარ იარსებებს.

იცით რატომ ვიყიდე დიდი სახლი საქართველოში? იმიტომ, რომ სამი შვილიშვილი მყავს : მათე, ილია და ანდრია და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდნენ, უნდა იცოდნენ, რომ იქ ფუძე აქვთ.  ეს არის ძველებური დიდი სახლი თავისი ტრადიციებით, სადაც სალონური საღამოები იმართებოდა, მათ ეს სახლი და ტრადიცია დააბრუნებთ. ეს ისტორიული სახლია, აქ იქნება კულტურის ცენტრი, ეს იქნება ემიგრაციის ცენტრი, სადაც ყველას დიდი სითბოთი დაველოდები.

 

მოამზადა რუსუდან ვარძიაშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები