ასოციაცია “Les Gens Du Monde en France à Rennes – მსოფლიოს ხალხები” ბრიკინში მიიწვიეს
ასოციაცია “Les Gens Du Monde en France à Rennes – მსოფლიოს ხალხები” საფრანგეთის ქალაქ რენის ბრიკინის ახალგაზრდული ცენტრის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე იყო მიწვეული.
საქართველოს კულტურის, ხელოვნების, სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, ასოციაციასთან არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა ” გვირილამ”, ფოლკლორულმა ანსამბლმა ” წინწყარომ” და რენის საკვირაო სკოლამ “ფესვები” დამსწრე საზოგადოებას ქართული ცეკვები, სიმღერები წარუდგინა, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა კი ქართული ლექსები წაიკითხეს.
ფრანგმა საზოგადოებამ ქართული სამზარეულოს კერძები: ნიგვზიანი ფხლების ასორტი, ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხინკალი დააგემოვნა. დარბაზობის შემდეგ, ასოციაციის ანსამბლებმა ” გვირილამ” და “წინწყარომ” დასკვნითი კონცერტი გამართეს.
დამსწრე საზოგადოება, როგორც ფრანგები, ასევე ბრაზილიელები, მაროკოელები და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ქართული ფოლკლორის, ხალხური ცეკვების შესრულების შემდეგ და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ.