“უფალო, გემუდარები, ეს “მერე” მალე იყოს, ძალიან მალე…” – ემიგრანტის წერილი

“მახსოვს, გული როცა ძალიან მეტკინებოდა, ვფიქრობდი, ღმერთო, რა რთულია ადამიანობა და ამას ჩემმა შვილებმა როგორ უნდა გაუძლონ-მეთქი

ყველა ასაკში მისი შესაბამისი ტკივილი თუ სიხარული აქვს ადამიანს,მთავარია ,ტაძარს არ მოშორდეს-მეთქი. მინდოდა, ტაძარში მეტარებინა… 

ბოლოს მეც მოვწყდი უფლის სახლს, მოძღვარს, იშვიათად თუ შევიდოდი წირვაზე დასასწრებად, სინანული მატირებდა და მაუძლურებდა ხოლმე ეკლესიაში ყოფნისას. დაკარგული მოვიდაო, მეტყოდა ჩემი გულისხმიერი მოძღვარი, პირჯვარს გადამსახვადა და დამლოცავდა.
არ მინდოდა ჩემი შვილები მოძღვრის გარეშე მყოლოდნენ, მაგრამ  ასე გამოვიდა. შვილების აღზრდას ჯერ შენი თავი აღზარდეო, ნათქვამია და ჩემმა შეცდომამ შვილებზეც იმოქმედა, აღარც ისინი დადიან ტაძარში და ამ ტიალ, დაუნდობელ წუთისოფელში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ბოროტებაა, როცა ჩემი შვილები ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ და დედა სჭირდებათ, სწორედ მაშინ წამოვედი და დავტოვე ისინი.

ბიჭი თითქოს დინჯია, მაგრამ გამოცდილება აკლია, თავნებაა ცოტა.

გოგო – ხმაურიანი, ფიცხი, თუ გაბრაზდა, დედასავით რთულია ხოლმე…

მინდოდა,  მათი ხასიათის ყველა​ გამოვლინებისას მათ გვერდით ვყოფილიყავი.

რომ ატირდება ჩემი ჯაქანა, იქნებ დეიდას და მამიდას მოერიდოს, ან ბებოს ეტყვის რამეს?

ვფიქრობ ღამით დაძინებისას და ძილიც ქრება, წინ მიდგას მისი მზისფერი თვალები, იმედის სხივით მანათობელი.

რაც წამოვედი, ბიჭი შეიცვალა – უჭირს სკაიპში ლაპარაკი. მე ვტირი, როცა მას  ვხედავ. ლექსების მოყოლა უყვარს ხოლმე სუფრაზე, ჩუმად გადაუღია მის მეგობარს და გამომიგზავნა, ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ხმამაღლა ვტიროდი…

მეოთხე თვეა და თითქოს ისე შეცვლილა, ისე დახვეწილა, ვერ ვიცანი…

ჩემი დარეცხილი არ ეცვა, რც მისი მაისური იყო ჩემი დაუთოვებული. უკეთესადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ დედის თვალი და გული სხვაა.

მე, მე მინდა, მისი სამოსი დავრეცხო და დავაუთოვო

მე მინდა, მის ოთახში შემობოდიალებას ვუყურო…

კომპიუტერის მაგიდასთან საუზმე თუ ვახშამი დაუწყო ისე, რომ არ ვეჩხუბო, როგორც ყოველთვის…

მაპატიეთ, მომიტევეთ, ეს დაკარგული წლები!

იცით, რომ თქვენთვის ვარ აქეთ, მაგრამ მაინც მაპატიეთ, გაუძელით უჩემოდ ადამიანის მძიმე ტვირთს, მე აქედან მუხლს გაგიმაგრებთ,მოგეშველებით და მერე ჩამოვალ! უფალო გემუდარები, ეს “მერე” მალე იყოს, ძალიან მალე!”

თეონა ჭანტურია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები