გამოფენა – ბაზრობა “HOLIDAY WORLD”- ზე ბაღდათის მუნიციპალიტეტი წელს პირველად მონაწილეობს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა “HOLIDAY WORLD” მიმდინარეობს. აღნიშნულ გამოფენა-ბაზრობაზე, სადაც 75 ქვეყანაა წარმოდგენილი, წელს პირველად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილება მონაწილეობს.

გამოფენა – ბაზრობა “HOLIDAY WORLD”-ზე ბაღდათის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი. უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვთ ბაღდათის საოჯახო მარნების ღვინოებს, ხანის ქვევრს, ყველს და სულგუნს, თაფლს, ჩურჩხელას და ჩირს გაეცნონ.

პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი მინერალურმა წყლებმა დაიმსახურეს, როგორიცაა “საირმე” და “ზეკარი”.

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა “HOLIDAY WORLD” 13 თებერვალს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

აღნიშნულ გამოფენა – ბაზრობაში მონაწილეობის მიზანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ნაწარმის უცხოურ ბაზარზე გატანა და რეალიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები