ემიგრანტის დღიურიდან – “როდემდე უნდა იტიროს ქვეყანამ სამამლუქე ქალბატონების ცრემლებით?”

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი,  თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ გამოცდილებასა და ემოციებს უზიარებს. როგორ ცხოვრობენ ქართველი ქალები მანამ, სანამ სამსახურს იპოვიან და რა სირთულეების გადატანა უწევს თითოეულ მათგანს, გაიგეთ ემიგრანტის ბლოგიდან- “სამამლუქე ქალბატონები”: 

 

“დილა იწყება რიგით აბაზანის მიღებით რიგით – რა თქმა უნდა, გარკვეული დროით და გარკვეულ დღეებში აქვთ დაწესებული ემიგრანტ ქალბატონებს… თავის მოსაწესრიგებლადაც ამ რიგში უნდა დადგე, თორემ ოცი ქალია სამოთახიან ბინაში… ზოგი ფოიეში წევს, ზოგს ძილი შემოსასვლელ კართან, “ლეჟანკაზე” უწევს,

არაფერს დაეძებენ, ოღონდ დაადგეთ საშველი და გავიდნენ სამუშაოდ… ბინაში მორიგეობაა დაწესებული. მორიგეებს წინა დღით ევალებათ საჭმლის მოსამზადებელი ერთი ევროს აკრეფა, ჯამში  რომ შეკრიბონ და რამე გემრიელი მოამზადონ ხვავიანად.

კერძის ინგრედიენტების რაოდენობას და მომზადების წესს დამსაქმებელი ქალბატონი ადგენს – თუ იტყვის ბადრიჯანი გათლილი გაუშვითო, თლიან, თუ იტყვის არაო, არ თლიან. ყველა უღიმის და ეთაყვანება ამ ქალბატონს, რაც შეიძლება მალე გაუშვას იქნებ სამუშაოდ,

ხუთშაბათი დღე გამოსასვლელია დასაქმებული ემიგრანტებისთვის და ვინც ამ ბინიდან დასაქმდა, ყველა აქ მოდის ხოლმე, თავის დოლიას დებს და დედოფლებივით შემოუსხდებიან სასტუმრო ოთახში გაშლილ მაგიდას,ამ დროს დაუსაქმებლები უნდა აორთქლდნენ,ან ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში ან გავიდნენ სადმე, მხოლოდ მორიგეები ემსახურებიან სტუმრებს,ასეთი “ზაკონია“, როგორც იტყვიან.

ან უნდა დაემორჩილო ან წახვიდე – აივანზე არ საუბრობენ, ადგილობრივებს ნუ აწუხებთო,უთოსა და ფენს საერთოდ არ რთავენ,შუქის დიდი გადასახადი რომ არ მოვიდეს.  უნდა იჯდე და ენა რვეულში თავის ჩარგვით უნდა ისწავლო. როცა დამსაქმებელი წაიყვანს რომელიმე ქალბატონს გასაუბრებაზე ოჯახში, როგორც იტალიელები იტყვიან, აპუნტამენტოზე,როგორც გასაყიდ სამამლუქე ქართველს ისე შეჰყურებენ ბებიასა თუ ბაბუას პატრონები, დამსაქმებელი ენაზე გადაიძრობს ტყავს, აქებს და აქებს თავის ბინადარს. განა ენას დაიშურებს, ოღონდ შერგოს ახალ ოჯახში საკუთარი ოჯახიდან გადმოხვეწილი ქართველი.

აქებს და აქებს და როცა ქება გაჭრის, ენს არცოდნას იწუნებენ ბატონები, ამაზეც მზადა აქვს პასუხები ქალბატონ დამსაქმებელს, მერე პირობებზე და ბოლოს ჯამაგირსა თუ გამოსასვლელ დღეებზე იწყებენ საუბარს. თუ მორიგდებიან, რჩება ეს კოჭებიდან შემოწმებული სამამლუქე თანამემამულე, ან მერე უნდა ჩავიდეს, რამოდენიმე დღეში. ან იწუნებენ ასაკის ან ენის არცოდნის გამო და ბრუნდებიან უკან.

თუ რჩება, ერთი მის გულში ჩაახედა მის რომელიმე ოჯახის წვერს, რა დღეში აქვს გული, უენომ, უთქმელმა რა გააკეთოს, ვის რა უთხრას, ბებიას ან ბაბუას? საიდან დაიწყოს მოვლა, მიხედვა.  ასე დიდი ტკივილითა თუ ტანჯვით, გაიხაროს თუ იტიროს?

კარს მიუხურავს დამსაქმებელი და გულში გაიფიქრებს, ნეტა ივარგებდეს და თვის ბოლოს მომაწვდიდნენ დროულად ჩემს წილასაო და გაეშურება ბინაში, რომელიც სავსეა გაღიზიანებული, დაბნეული, დამუნჯებული ქართველებით.

როდემდე უნდა იტიროს ქვეყანამ მათი ცრემლებით? როდემდე უნდა იყოს სავსე სხვა ქვეყნის ქუჩები ქართველი ემიგრანტებით?

ტკივილი, ტკივილი და კიდევ დიდი ტკივილი ბუდობს ყველა ემიგრანტის გულში, ეს ტკივილი მარადიულ ცოდვად გარდაისახება და არ მოასვენებს ამ ცოდვის ჩამდენებს საშვილთაშვილოდ… “

თეონა ჭანტურია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.