ენდრიუ ჯეფორდი – ქართული ღვინო ჩემთვის აღმოჩენა იყო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასი ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ჩაატარა.
“30 წელია მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს 6 წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები” – აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.
აღნიშნული მასტერკლასი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია “ქართული ღვინოს” ორგანიზებით გაიმართა.